ბექა ნაცვლიშვილი – ”ივანიშვილმა ფინანსთა, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები გააუქმა”

ბექა ნაცვლიშვილი - ”ივანიშვილმა ფინანსთა, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები გააუქმა”გინახავთ თუ არა ისეთი ქვეყანა, სადაც მმართველი გუნდი ხალხს სხვა ქვეყანაში ჰპირდება დასაქმებას და არა საკუთარში? ივანიშვილმა ამ განცხადებით გააუქმა ფინანსთა, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, – ამ კითხვით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს მიმართა, რომელიც პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოდის.

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, თუ ჩამოთვლილ სამინისტროებს ხალხის დასაქმების და ეკონომიკური განვითარების ფუნქცია არ ექნებათ, მათ არსებობას აზრი არ აქვს.

„ამის პრეცენდენტი თუ გინახავთ, რომ ხალხს ეუბნებიან – სხვა ქვეყანაში დაგასაქმებთ, ჩვენს ქვეყანაში ვერაო? ფიქრობთ თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ განცხადებით ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააუქმა? იმიტომ, რომ თუ თქვენ დასაქმების და ეკონომიკური განვითარების ფუნქცია არ გექნებათ, მაშინ ამ სამინისტროების არსებობას აზრი არ აქვს.

ჩემი გადმოსახედით, მარტო ჯარი და პოლიცია არ არის სახელმწიფო. ბიძინა ივანიშვილის ეს გეგმა რომ განხორციელდება, ბიუჯეტში გიდევთ ფული, როგორ უნდა მოახდინოთ ხალხის ტრანსპორტირება? როგორ უნდა გაიყვანოთ ხალხი ქვეყნიდან? თუ თავიანთი ხარჯებით უნდა გავიდნენ?“, – მიმართა ნაცვლიშვილმა ფინანსთა მინისტრს.

იპნ