დიდი განხეთქილება “ქართულ ოცნებაში” – კახა ოქრიაშვილი და 40 მაჟორიტარი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ

მხარს არ ვუჭერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. 2021 ან 2022 წელს აუცილებლად რიგგარეშე არჩევნები იქნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა მედიას განუცხადა, რითაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს გამოეხმაურა.

ოქრიაშვილი იმედოვნებს, რომ უმრავლესობაში 30-40 მაჟორიტარი იქნება, რომლებიც მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს და პროექტი ჩავარდება.

„გუშინწინ ესპანეთში ბოლო ხუთ წელიწადში მეხუთედ მორიგი რიგგარეშე არჩევნები იყო და შედეგი ვერც ერთმა პარტიამ მაინც ვერ დადო. გამარჯვებულმა პარტიამ სამი მანდატი დაკარგა და მომავალშიც ესპანეთს ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება არ ეყოლება. ჩვენც მომავალში ნორმალური ხელისუფლება არ გვეყოლება, როდესაც გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ვთვლი, რომ პრაქტიკულად არც ერთი მაჟორიტარი არ უჭერს მხარს ცვლილებებს, მაგრამ შესაძლებელია კანონპროექტს მათ მხარი დაუჭირონ, რადგან გუნდური თამაშის წესებს ითვალისწინებენ.

შინაგანად ამ პროექტს მხარს არავინ უჭერს. მე გუნდური მოთამაშე ვარ, მაგრამ როდესაც არის სერიოზული საკითხები გადასაწყვეტი მხოლოდ ჩემს გონებას და გულს ვუსმენ. ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლება. იმედი მაქვს, რომ 30-40 მაჟორიტარი არ დაუჭერს მხარს და პროექტი ჩავარდება. ყველამ უნდა გაიაზროს რა პრობლემის წინაშე დადგება ქვეყანა, თუ გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. 2021 ან 2022 წელს აუცილებლად რიგგარეშე არჩევნები იქნება”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

ცნობისთვის, მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს განიხილავს. პლენარული სხდომების დღის წესრიგის მიხედვით, დეპუტატები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტს განიხილავენ, ერთი მათგანი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე – ოპოზიციის მიერაა ინიცირებული.

საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას.

ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი კი ნულპროცენტიანის ნაცვლად, სამპროცენტიანი ბარიერის ამოქმედებასა და საარჩევნო ბლოკების დაშვებას გულისხმობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი