“არ დაიჯერებთ, იმდენად ბინძური და ამაზრზენი ინფორმაცია შეგვხვდა” – დიმიტრი ლორთქიფანიძე ფილმის “და მერე ჩვენ ვიცეკვეთ” მოხსნას ითხოვს

“არ დაიჯერებთ, იმდენად ბინძური და ამაზრზენი ინფორმაცია შეგვხვდა” - დიმიტრი ლორთქიფანიძე ფილმის "და მერე ჩვენ ვიცეკვეთ" მოხსნას ითხოვსგულიკო ბალაძე, ახალი თაობა
პარლამენტის ყოფილმა წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ შს სამინისტროსა და მთავარ პროკურტურას საჩივრით მიმართა. მან ფილმის “და მერე ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებიდან მოხსნა მოითხოვა.
“ახალი თაობა” დიმიტრი ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
– ბატონო დიმიტრი, ფილმის ჩვენების პროცესში რა დარღვევა აღმოაჩინეთ?
– ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” ყველანაირი დარღვევით ჩაუშვეს გაქირავებაში.
ეს ის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არა მხატვრული ღირებულებით თავის მოწონებას, არამედ კონკრეტული მისიის შესრულებას.
– რა მისიაზე საუბრობთ?
– ეს მისია პირდაპირ დაკავშირებულია ქართული, ეროვნული, ტრადიციული ღირებულებებისა და ფასეულობების მსხვრევასთან. ასევე პირდაპირაა დაკავშირებული იმ 17 მაისებთან, იმ ჩაუტარებელ გეიპრაიდებთან, რომელთაც წინ აღუდგა ქართული საზოგადოება და ქართველი ერი. ამიტომ მათ რევანშის აღება გადაწყვიტეს.
– როგორ გადაწყვიტეს რევანშის აღება?
– მათ რევანშის აღება გადაწყვიტეს ყველაზე უფრო ბინძური და საზიზღარი მეთოდებით და დაგეგმეს ქართული ფოლკლორის წიაღში განეხორციელებინათ ისეთი დივერსიული ქმედება, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ქართული ფოლკლორის ავანგარდში მყოფ ცეკვასთან. ფილმში მონაწილე პირები გამოიყვანეს გეიწყვილებად და გადაიღეს გეისოდომური დრამა, რომელშიც ჩოხოსანი ახალგაზრდები გამოიყვანეს, როგორც სექსუალურ აქტში მონაწილე ორი სუბიექტი.
ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამ ფილმის პორნოგრაფიული კონტექსტის შემცველი სიუჟეტების მოპოვებაზე. არ დაიჯერებთ, იმდენად ბინძური და ამაზრზენი ინფორმაცია შეგვხვდა.
რეალურად, ჩვენ მოვიპოვეთ ეს მტკიცებულება და დავურთეთ ძირითად განცხადებას, რომლითაც მე პირადად 7 ნოემბერს 11 საათზე შს სამინისტროს მივმართე და მოვითხოვე ორი მიმართულებით კვალიფიკაციაზე მუშაობა.
– კერძოდ?
– პირველი შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას პორნოგრაფიული კონტენტის შემცველი ფილმის პროდუქციის ტირაჟირებისთვის.
მეორე მხრივ, ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ამ ფილმის რეჟისორის ლევან აკინის ფილმის აფიშაზე გამოკვეთილი იყო კონტენტის განმსაზღვრელი კოდი ასობგერა “რ”, რაც გულისხმობს, იმას, რომ თურმე ფილმის ორგანიზატორებს დასაშვებად მიუჩნევიათ, ამ ფილმის ჩვენებას დაესწრონ, როგორც არასრულწლოვნები, ისე მცირეწლოვნები საკუთარი მშობლების ან მოზრდილი პირების თანდასწრებით.
ეს პირდაპირ იწვევს საქართველოს ბავშვთა კოდექსის 66-ე მუხლის მეორე ნაწილის ამოქმედებას, პირდაპირ იწვევს ბავშვთა უფლებების კონვენციის დარღვევას და შინაგან საქმეთა ორგანოების მხრიდან რეაგირების ვალდებულებას.
ამ ორი დარღვევის ანალიზით მე მივმართე შს სამინისტროს და მასზე ზედამხედველ მთავარ პროკურატურას და მოვითხოვე ფილმის ექსპერტიზა, ექსპერტიზამდე კი ფილმის ყველანაირი საჯარო ჩვენების შეჩერება.
– ფიქრობთ, რომ ფილმს შეაჩერებენ?
– შს სამინისტროს პრესსამსახურის ოფიციალურ ბრიფინგზე განმარტეს, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ შემოტანილ განცხადებაზე მიმდინარეობს მსჯელობა, სამართლებრივი მოკვლევა და სისხლის სამართლებრივი და სხვა დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დამატებით ინფორმაციას შს სამინისტრო ქართულ საზოგადოებას მიაწვდის.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა. ეს არის პირველი ნაბიჯი იმისაკენ, რომ სწორედ სამართლებრივი არგუმენტაციით მივიდეთ საბოლოო შედეგამდე. ყალბი პერფორმანსებისთვის, ქამრებისთვის და კომბლებისთვის ადგილი აღარ რჩება დემოკრატიული საზოგადოების მიზნებიდან გამომდინარე.
– სასამართლოსთვის მიმართვას ხომ არ აპირებთ?
– საქართველოს იურიდიულ-სამართლებრივ სივრცეში უკვე შექმნილია პრეცედენტი იმისა, რომ 2016 წელს, ასევე კანის ფესტივალის ნომინანტი ფილმი “ლავ”, ანუ “სიყვარული” (რომლის რეჟისორი იყო გათბარ ნოე), ჩამოხსნილ იქნა გაქირავებიდან და აკრძალულ იქნა მისი გაშვება კინოგაქირავებაში იმ მიზეზით, რომლითაც ახლა ჩვენ ვითხოვთ ექსპერტიზას ლევან აკიმის ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ”.
2016 წელს საპროცესო ზედამხედველობას ახორციელებდა საქართველოს პროკურატურა. კერძოდ, გამოყოფილი იყო პროკურორი მარიამ გოგორელიანი. მე დავუკავშირდი მარიამ გოგორელიანს, ვთხოვე მას, გაეზიარებინა მისი გამოცდილება ასეთი ტიპის სამართალდარღვევის პროცესში ზედამხედველობის შესახებ.
მან განმიცხადა, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ესა თუ ის ფილმი შეიცავს პორნოგრაფიულ კონტენტს, შს სამინისტრის შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლის დადგენილებით ტარდება ექსპერტიზა.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა სამართალდარღვევის გზით ხორციელდება თავსმოხვევა ამ დიდი გარყვნილების, ამ სოდომური დაცემის აპოლოგიის, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი მომავალი თაობებისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი ბავშვების სტიგმატიზაციას.
– ბავშვების სტიგმატიზაცია როგორ ხდება?
– 125 ათასი ბავშვი დადის საქართველოში ცეკვის ანსამბლებში. წარმოგიდგენიათ, ამ ბავშვების ფსიქიკაზე როგორ აღიბეჭდება ეს საშინელება.
– ყველას აქვს უფლება, ის თქვას, რაც უნდა.
– ვინაიდან საქართველოს საკანონმდებლო სივრცე იწყებს რეგულაციებს, რომელიც დაკავშირებულია პორნოგრაფიის შემცველი სიუჟეტების განთავსების პასუხისმგებლობასთან, ვინაიდან საქართველოს ბავშვთა კოდექსი გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია ითხოვს ბავშვების დაცვას მავნე ზეგავლენისაგან, აღნიშნულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით მოვუწოდებ შს სამინისტროს და პროკურატურას, გააკეთონ შეფასება, მოახდინონ კვალიფიცირება არსებული გარემოებებისა და პასუხი გვამცნონ საჯაროდ და ღიად.
თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არის სწორი და სამართლიანი, მაშინ მასზე რეაგირება მოუწევს შს სამინისტროს.