ქართული წარმომავლობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის – “და მერე ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა 2019 წლის კანის კინოფესტივალზე შედგა.
ფილმის გადაღება ორ თვეს მიმდინარეობდა და 2018 წლის 29 ნოემბერს დასრულდა. “და მერე ჩვენ ვიცეკვეთ” შვედეთის და საქართველოს საერთო ნამუშევარია, გადაღებები საქართველოში (თბილისი) მიმდინარეობდა და მსახიობებიც ქართველები არიან.
მისი პრემიერა თბილისში რამდენიმე დღის წინ შედგა და დიდი ვნებათაღელვაც გამოიწვია.
ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის „სექსუალურ გამოღვიძებაზე“ გვიამბობს. მთავარი გმირი – მერაბი, კონსერვატიულ სოციუმში ცხოვრობს, ქართული ცეკვის ანსამბლში ცეკვავს, მისი ცხოვრება მაშინ იცვლება, როცა ანსამბლში ახალი წევრი, სიმპათიური და ქარიზმატული ირაკლი ჩნდება.
8 ნოემბერს, მაშინ როცა თბილისში ფილმის ქართულ პრემიერას აპროტესტებდნენ, მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი მინსკის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს.
ეს გელბახიანისთვის პირველი წარმატება არ არის – მაისში, ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავს შორის ისიც დაასახელა. მოგვიანებით, ფრანგულმა გამოცემამ ecrannoir.fr-მ ლევან გელბახიანი ასევე კანის კინოფესტივალის აღმოჩენად დაასახელა.
უცხოური პრესა ლევანზე, როგორც მომავალ კინოვარსკვლავზე, წერდა. ახალბედა ქართველი მსახიობის ფოტო ჟურნალ Screen-ის გარეკანზეც მოხვდა.
ლევან გელბახიანთან ინტერვიუ ჟურნალმა OK!-მ ჩაწერა და გთავაზობთ ამონარიდებს:.
“ბავშვობაში დავდიოდი თეატრალურ სტუდიებში, ხოლო შემდეგ მარჯანიშვილისა და სოხუმის თეატრების სპექტაკლებში ვმონაწილეობდი. მოგვიანებით, გამოცდები ჩავაბარე ვახტანგ ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაში, სადაც თეატრალურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი.
მსახიობობის გარდა, ვარ მოცეკვავე, ფიზიკური თეატრისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის განხრით.
– როგორ მიიღეთ როლზე შეთავაზება? რამ მოგხიბლათ პერსონაჟში, სცენარში?
– ლევან აკინმა ნახა ჩემი ინსტაგრამ-გვერდი და ამის შემდეგ დამიკავშირდა ქასთინგ-მენეჯერი. თუმცა, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, რადგან დამოუკიდებლად ასეთი გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულია.
შესაბამისად, ოჯახთან შეთანხმების შედეგად დავთანხმდი როლს. სცენარი თავისთავად მომეწონა, სრულად მივენდე ლევანს და მის ხედვას, რის შედეგადაც, მიმაჩნია, რომ შთამბეჭდავი პროდუქტი შევქმენით.
დასაწყისში ქასთინგ-მენეჯერს რამდენჯერმე უარი ვუთხარი, თუმცა რეჟისორთან შეხვედრის შემდეგ გავიაზრე, რომ ეს იქნებოდა ფილმი, რომლის საშუალებითაც ჩემს სათქმელს აუცილებლად მივიტანდი ქართულ საზოგადოებამდე.
– შეგიძლიათ გაიხსენოთ რეჟისორთან პირველი შეხვედრა და სცენარის განხილვის პროცესი? როგორ იქმნებოდნენ ეს პერსონაჟები?
– ფილმზე ვმუშაობდით წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ყოველდღე პერსონაჟებს ახალი სახასიათო ელემენტით ვამდიდრებდით. უშუალოდ ეს პროცესი ძალიან საინტერესო იყო და ბევრი რამ ვისწავლე. ეს ჩემთვის პირველი ფილმი გახლდათ და ლევან აკინის მიდგომა საკმაოდ შთამაგონებელი გახდა.
– როგორ დაახასიათებთ საკუთარ პერსონაჟს? რა სახის ტრანსფორმაციას განიცდის იგი ფილმის დასაწყისიდან დასასრულამდე?
– ჩემი პერსონაჟი ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც მიზანი აქვს, გახდეს კარგი მოცეკვავე და გადავიდეს მთავარ ანსამბლში. ეს არის მერაბის გზა თავისუფლებისკენ და მისი ბრძოლა სიყვარულისთვის, მკაცრ კონსერვატიულ საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისთვის. მერაბი საკმაოდ რთულ გზას გადის, სანამ ფილმის ფინალამდე მივა მაყურებელი.
– მზად ხართ ქართული აუდიტორიისგან წამოსული შეფასებებისთვის?
– როგორც კი როლზე დავთანხმდი, ვიცოდი, რომ არაერთგვაროვანი გამოხმაურება ექნებოდა ფილმს. ასე რომ, მე მგონი მზად ვართ. იმედი მაქვს, მაყურებელი სათანადოდ შეაფასებს ჩვენს ნამუშევარს.
– სცენა, რომლის გადაღების პროცესი ყველაზე რთულად გეჩვენათ და დაგამახსოვრდათ.
– ჩემთვის ყველაზე რთული იყო ფილმის ფინალური სცენის გადაღება. მხოლოდ ჩემი სცენები იყო გადასაღები და მომიწია 24 დუბლამდე უწყვეტი ცეკვის გადაღება, რაც ძალიან დამღლელია ემოციურად და ფიზიკურად. წინა დღეს, გადაღების მერე მქონდა ფინალური ცეკვის რეპეტიცია, რომლის შემდეგ რამდენიმე საათში ახალი გადასაღები დღე იყო, სადაც 12 საათი ვიმუშავეთ. ასე რომ, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და რთული დღე გამოდგა.
– ლევან აკინთან მუშაობის პროცესში გეძლეოდათ იმპროვიზაციის საშუალება?
– ჩემი აზრით, იმპროვიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. გმირის ერთგვარი ძიების პროცესია. დიახ, ლევანი მაძლევდა საშუალებას, მაქსიმალურად გამეშალა და მეპოვა ჩემი გმირი.
– ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: „ქართულ ცეკვაში სექსუალობა არაა“. ეთანხმებით მას?
– არ ვიცი, რთული კითხვაა. ვფიქრობ, რომ ყველა ცეკვა ატარებს სექსუალობას, მათ შორის ქართული ცეკვაც.
– რამდენად რთული იყო თქვენს პერსონაჟსა და მეორე მოცეკვავეს შორის არსებული „ქიმიის“ ეკრანზე გადმოტანა?
– ფილმის მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებოდა. ლევან აკინი წელიწად-ნახევარი ატარებდა კვლევას და მის დასაწყისშივე გაკეთდა ჩვენი ქასთინგი. მე და ბაჩი დავმეგობრდით, რამაც ხელი შეგვიწყო ეკრანული „ქიმიის“ შესაქმნელად.
ამბები