„მაკო გომურის დაზარალებულად ცნობა ივანიშვილის ვერსიას დაანგრევს“

„მაკო გომურის დაზარალებულად ცნობა ივანიშვილის ვერსიას დაანგრევს“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მაკო გომურს და 20 ივნისი მოვლენების დროს სხვა დაზარალებულებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.

რამდენად მართალი გენერალური პროკურორი და ჩანს თუ არა პოლიტიკური მოტივაცია? _ ამ და სხვა საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, იურისტი შალვა შავგულიძე საუბრობს.

_ გენერალურმა პროკურორმა მაკო გომურის თემაზე თქვა, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მან დაზარალებულად არ სცნო. თადუმაძე ამბობს, რომ ასეთი კანონი გვაქვს. მართალია შალვა თადუმაძის ეს განცხადება?

_ მე არ გავცნობივარ სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ ვიცი, რითი ასაბუთებს მაკო გომურის დაზარალებულად არცნობას და ამიტომ კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ სრულიად გაუმართლებელია და უკანონობაა მაკო გომურის და 20 ივნისის ღამეს ფიზიკურად დაზარალებული სხვა პირებისთვის სამართლებრივად დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობა.

_ რატომ?

_ მაკო გომურს და სხვა დაზარალებულებს ეს სტატუსი მაშინ არ მიენიჭებათ, თუ დადგინდება, რომ მათ თავად ჩაიდინეს დანაშაულებრივი ხელყოფა და მათ მიმართ გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმურიც და პროპორციულიც.

რადგანაც ამ ადამიანების მიმართ ასეთი რამე არ არის დადგენილი, ისინი არიან დაზარალებულები.

_ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე?

_ რა თქმა უნდა, საქმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან გვაქვს. სამწუხაროდ, პროკურატურაც და სასამართლოც სრულად პოლიტიზირებული გვაქვს და ეს ადამიანები ამ რაოდენობით რომ იყვნენ დაზარალებულები და გამოიკვეთოს სახელმწიფოს მხრიდან არალეგიტიმური მოქმედებები იმ დღეს, მაშინ ეს დაანგრევს იმ ვერსიას, რომელიც შემოგვთავაზა ბიძინა ივანიშვილმა, რაც შემდეგ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა გაიმეორა.

_ რომელი ვერსია?

_ ის ვერსია, რომ იქ იყო აქციის მონაწილეთა მხრიდან ჩადენილი რაიმე დანაშაული. ხან რაღაც შეთქმულებასა და სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობდნენ, ბოლოს კი უფრო შეჩერდნენ მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაზე.

თუ დაზარალებულები აქეთ არიან აქციის მონაწილეები, მაშინ ეს ვერსია, რომ ისინი ამავდროულად დამნაშავეები არიან, აღარ გამოდის.

_ ანუ იმისთვის, რომ მათი ვერსია არ დაინგრეს, არ სცნობენ დაზარალებულებად ამ პირებს?

_ რა თქმა უნდა. ის ვერსია, რაც მათ შემოგვთავაზეს, ეს არის მოგონილი და არასწორი ვერსია, რაც მათ აძლევს ხელს პოლიტიკურად. ეს რომ არ დაინგრეს, სწორედ ამის გამო არღვევენ კანონს პროკურატურა და სასამართლო.

მოსამართლის გადაწყვეტილება არ მაქვს წაკითხული და არ ვიცი, რითი დაასაბუთა, მაგრამ გენერალური პროკურორის ის დასაბუთება, რომ რადგან ბრალდებული ჯერ არ არის დადგენილი და ამიტომ დაზარალებულად ვერ ცნობს, პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს.

თუ ბრალდებული ვერ დაადგინეს, დაზარალებულს მაინც რჩება უფლება, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს და ეს საკითხი დააყენოს სამოქალაქო წესით. ასეთ შემთხვევაში კი მოპასუხე სახელმწიფო იქნება და ის ხდება ვალდებული, აუნაზღაუროს ეს ზიანი.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ისევ იმ სცენარით წავლენ, რაც ჰქონდათ შუალედური არჩევნების დროს და მურუსიძე დაგისვეს დებატებში? მაშინ მოსამართლე საუბრობდა, რომ გირგვლიანის საქმეზე რა კანონმდებლობაც მქონდა, იმის მიხედვით ვიღებდი გადაწყვეტილებას. ამის სპეკულაციას ხომ არ ხედავთ ახლაც?

_ ის მაგალითი, რაზეც აპელირებდა მურუსიძე და რა კანონმდებლობაზეც საუბრობდა, ამ შემთხვევაში არ გამოდგება, მაგრამ თვითონ ასეთი გამოსავალი, ასეთი ფრაზა, რომ კანონი არ მაძლევს სხვა შესაძლებლობას, იმ შემთხვევაშიც ტყუილი იყო და ამ შემთხვევაშიც ტყუილია. მურუსიძე სხვა რამეს გულისხმობდა. ის საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს მას კანონმდებლობა არ აძლევდა შესაძლებლობას, რომ დაეკმაყოფილებინა ჩვენი საკასაციო სარჩელის მოთხოვნა და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაებრუნებინა სააპელაციო ინსტანციაში. ეს არასწორი განცხადება იყო.

_ ამ შემთხვევაში პრინციპთან დაკავშირებით გისვამთ კითხვას.

_ პრინციპი ასე ჩანს. ეტყობა, რაღაც ასეთი კარგი გამოსავალი მოიფიქრეს, რომ მოდი ასე ვიტყვით, რომ კანონი არ გვაძლევს ამის საშუალებას და ამიტომ არ ვცნობთ ამ ადამიანებს დაზარალებულებადო.

მე კი მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ისინი ვალდებულები არიან, რომ დაზარალებულად ცნოს როგორც მაკო გომური, ისე სხვა დაზარალებულები, რომლებსაც თავად არ უდასტურდებათ რაიმე დანაშაულებრივი ხელყოფა სამართლებრივი სიკეთის, ვინაიდან მათ მიადგათ დაზიანებები და ერთადერთი გამართლება მათი დაზარალებულად არცნობის თუ მათ ექნებოდათ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება. მაგრამ ამ შემთხვევაში ლეგიტიმურობასთან ერთად პროპორციულობაც უნდა იყოს.

ვინაიდან არ უდასტურდებათ ბრალი იმიტომ, რომ მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ, ასეთ შემთხვევაში დაზარალებულად მათი არცნობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პირდაპირი დარღვევაა.

სწორი კითხვა დამისვით თქვენ პოლიტიკურ მოსაზრებებზე და ნამდვილად ეს არის ხელისუფლების პოლიტიკური მოთხოვნა თუ დაკვეთა, არ ვიცი, რა ფრაზა ვიხმარო.

ამას ახორციელებს პროკურატურა და როგორც ჩანს ეს განახორციელა სასამართლომაც.