მირიან მირიანაშვილი – “პატრიარქზე შეტევა დიდი მარცხით დასრულდა – საქართველოს საპატრიარქო რუსეთის მარწუხებიდან გამოვიდა”

მირიან მირიანაშვილი - "პატრიარქზე შეტევა დიდი მარცხით დასრულდა - საქართველოს საპატრიარქო რუსეთის მარწუხებიდან გამოვიდა"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაობა” ესაუბრა “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერ მირიან მირიანაშვილს.
– შეიძლება თუ არა საპატრიარქოს გარშემო განვითარებული მოვლენების შეჯამება?
– დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეტევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე დიდი მარცხით დასრულდა. თავდასხმის ორგანიზატორი მოსკოვი იყო. რუსეთმა ამ კამპანიაში ჩააბა აქაური მსახურები. საბედნიეროდ, დირიჟორებს ამ ეტაპისთვის სარეზერვო გეგმა არ აღმოაჩნდათ. ამის გამო დრამატულ მოვლენებს საპატრიარქოს გარშემო არ ველი.
– შეტევა პატრიარქზე ბოლო დროს ხდებოდა. ეპისკოპოს იაკობის მიერ გახმოვანებული მხილება წინა წლებს ეხება. ბოლო ინტერვიუში თქვით, რომ სრულიად საქართველოს კათილიკოს-პატრიარქის შეცვლა რუსეთმა მაშინდელ პრემიერ კვირიკაშვილს დაავალა. პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული ეს ეპიზოდები ერთი გეგმის ნაწილებია?
– რასაკვირველია. რუსეთს ილია მეორის შეცვლა ორი წლის წინაც უნდოდა. მეუფე იაკობმა ამაზე მიანიშნა. მეც ამის შესახებ ვისაუბრე. საყურადღებო ისაა, რომ მეუფე იაკობის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე პატრიარქს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, გადადექიო.
– ბოდბის ეპისკოპოსმა ამ ბოლო ამბის გახმაურებისაგან თავი შეიკავა?
– დიახ. ეს ჭკვიანური სვლაა. ეს იყო მეუფის პირით გახმოვანებული პატრიარქის გონივრული გადაწყვეტილება. მან გადაწყვიტა, ცეცხლი არ გაეხსნა. ამით ილია მეორემ დაამტკიცა, რომ ფორმაში იმყოფება და ქმედუნარიანია. შეტევის მონაწილეებს უკან დახევის საშუალება მიეცათ.
– რატომ ეჩქარება რუსეთს საქართველოში სხვა პატრიარქის ხელდასხმა?
– 2020 წლის არჩევნების გამო. ჩახედულმა ადამიანებმა იციან, როგორ უხეშად ერევა კრემლი საქართველოს პოლიტიკაში. რუსეთი საქართველოს ხელისუფლების გადაბარების სხვადასხვა სქემაზე მუშაობს. რამდენიმე კომბინაცია ჩაუფლავდა.
რუსეთის განზრახვით, ამ საქმეში უნდა ჩაბმულიყო საქართველოს საპატრიარქო. ეკლესიას უზარმაზარი ელექტორალური და საორგანიზაციო რესურსი აქვს. რუსებისთვის ყველაზე ოპტიმალური იყო პატრიარქად საკუთარი კადრის დასმა სწორედ ახლა, შემოდგომაზე. მომავალი პერიოდი ამ რენოვაციისათვის დაგვიანებული იქნებოდა – ახალი პატრიარქი როლში შესვლას და მითითებების შესრულებას ვერ მოასწრებდა.
ახლა გათამაშებული კომბინაცია რუსეთს ჩაუვარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ჩვენი ეკლესია ილია მეორის მიერ არჩეულ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს.
– პატრიარქის უარი გადადგომაზე რისი გამოვლინებაა?
– ეს არის ძლიერი, ზნეობრივი და სწორი ნაბიჯი, რომლითაც პატრიარქმა ასწია არამარტო საკუთარი სტატუსი, არამედ, დაამტკიცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა.
– რუსეთის ეკლესიისგან დამოუკიდებლობა?
– ცხადია. 220 წელი საქართველოს ეკლესია დამოკიდებული იყო რუსეთზე. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს საპატრიარქო რუსეთის მარწუხებიდან გამოვიდა. 2020 წლის არჩვევნებში ეკლესია არ ჩაერევა. ის იქნება ნეიტრალური, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებს უფრო მშვიდობიან ვითარებაში ჩავატარებთ.
– რუსეთის მარწუხებიდან გამოსვლა დასაჯერებელია?
– ბუნებრივია. რუსეთის ეკლესიას დამორჩილებული ჰყავდა საქართველოს უძველესი ეკლესია. ეს რუსებს საამაყოდ ჰქონდათ გადაქცეული. ეს მოსკოვის საპატრიარქოს აძლიერებდა.
რუსეთს დარტყმა მიადგა კონსტანტინეპოლის მიერ უკრაინის ეკლესიის აღიარებით, ასევე იმით, რომ კონსტანტინეპოლს შეუერთდა ელადის ეკლესია. ამაზე მეტი ტრავმა რუსეთმა საქართველოს ეკლესიისგან მიიღო.
მალე უკრაინის ეკლესიას სხვებიც ცნობენ, რაც გამოიწვევს მოსკოვის საპატრიარქოს იზოლაციას. ამის გათვალისწინებით, რუსეთთან ყოფნის მსურველებს მინდა მივმართო – რუსეთთან ერთად იზოლაცია მიგაჩნიათ განვითარების ოპტიმალურ გზად? რუსეთთან ერთად ორმოში გინდათ ჩავარდნა?
– რუსეთი მომავალში მოინდომებს თავისი რჩეულის ხელდასხმას საქართველოს პატრიარქად?
– არ გამოუვა. ჩაუხედავმა ადამიანებმაც იციან, რომ მოსაყდრე შიოს რუსეთი მფარველობს და მის გაპატრიარქებაში ჩართული იყო ვანო ჩხარტიშვილი. შესასწავლია მოსაყდრის როლი ბოლოდროინდელ მოვლენებში.
– ბოდბელი ეპისკოპოსის გამოსვლის დროს მოსაყდრე ეპისკოპოსი შიო აშშ-ში იმყოფებოდა.
– გასარკვევია, რატომ გაარიდეს ის საქართველოს, რა იგეგმებოდა, ვის სასარგებლოდ ატყდა ალიაქოთი? საპატრიარქომ, შესაბამისმა ორგანოებმა ეს უნდა გამოიკვლიონ. მოსაყდრე შიო, ყველაფერთან ერთად, ახლოსაა მოსკოვში მცხოვრებ ხუბუტიასთან. ბოლო მოვლენებმა მოსაყდრის ლეგიტიმაცია საეჭვო გახადა. ამაზე დასავლეთის ცენტრები უკვე ალაპარაკდნენ.
თუ არ გაცხადდება, ვინ მონაწილეობდა ფარულად ამ პროცესებში, ვის სასარგებლოდ იყო ეს შეტევები, მაშინ მე გამოვალ და ვიტყვი სიმართლეს.
– დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას თუ შეხვდება დაბრკოლებები?
– შეწყალება ჰუმანური აქტია და კარგი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი ამას გააკეთებდა. მამა გიორგი მამალაძე არც კრავია, როგორც მას ხშირად ხატავენ და არც შეთქმულების ერთადერთი მონაწილე. როგორც ვატყობ, პრეზიდენტს ეშინია ამ ნაბიჯის.
– რატომ უნდა ეშინოდეს?
– ალბათ, არ უნდა, გაანაწყენოს ხელისუფლება. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს ჰგონია, რომ მამა გიორგის შეწყალებით გააქტიურდება მისი საწინააღმდეგო კამპანია. ეს კამპანია რუსეთის დირიჟორობით წელიწადზე მეტი ხანია მიმდინარეობს. ამაში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთიანია. ეპიზოდურად ეს კამპანია მინავლდება ხოლმე, გაჩერებით კი არ ჩერდება.
იერიშები სალომე ზურაბიშვილზე დეკანოზის შეწყალება-არშეწყალებაზე არ არის დამოკიდებული. ეს დაქოქილი კამპანია მაინც იქნება. რუსეთს ჰგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი 2020 წელს შეასრულებს პოლიტიკური კომუნიკატორის როლს დასავლეთთან. კრემლს ეს არ აწყობს. ამ მიზეზით პრეზიდენტზე ორგანიზებული შეტევები არ შეწყდება.
– ამიტომ, ჯობია, მან დეკანოზის შეწყალებაზე უარი არ თქვას?
– რასაკვირველია. ეს იქნება პრეზიდენტის გამბედავი, დამოუკიდებელი და ჰუმანური სვლა.
ამით მისი ავტორიტეტი ამაღლდება.