ნათია თურნავამ ფილარმონიის მმართველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და სასამართლოში უჩივლა

ნათია თურნავამ ფილარმონიის მმართველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და სასამართლოში უჩივლაეკონომიკის სამინისტრომ ფილარმონიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, უწყებამ ფილარმონიის მმართველ კომპანია „ინთერნეიშენალ ივენთს” ხელშეკრულება შეუწყვიტა.

„ინტერპრენიუსის” კითხვაზე, რა ეტაპზეა თბილისის საკონცერტო დარბაზის საკითხი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა და ამჟამად მიმდინარეობს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ 100%-იანი წილის მართვის უფლებით სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცედურები.

„ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაა, მათ შორის საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის ვადაგადაცილებით განხორციელება, წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის პირობის დარღვევა, მართვის საზღაურის გადაუხდელობა და სხვა. შესაბამისად, კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ვერ მოხდა „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ სრულფასოვანი განვითარება და ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების მიხედვით, დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ დააკისრა პირგასამტეხლო.

ამასთან, სააგენტომ შეაფასა კომპანიის მიერ წერილობით წარმოდგენილი იმ მიზეზების ობიექტურობა, რის გამოც კომპანიას შეექმნა პრობლემები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და მივიღეთ გადაწყვეტილება მართვის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე”,-აცხადებს მინისტრი.

ნათია თურნავას განცხადებით, შპს „ინტერნეიშენალ ივენთის“ მხრიდან დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი შეიტანა საქალაქო სასამართლოში.

„სახელმწიფო შეიმუშავებს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ განვითარების გეგმას და მოიზიდავს სახსრებს შემდგომში მისი განხორციელებისთვის. ბუნებრივია, გეგმა მომზადებისთანავე წარედგინება საზოგადოებას”,-აღნიშნა მინისტრმა „ინტერპრესნიუსთან’ საუბრისას.

2007 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი/ფილარმონია 49-წლიანი მართვის უფლებით შპს „ინთერნეიშენალ ივენთსს“ გადაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დარბაზს სახელმწიფოს წინაშე 3,115,146 ლარის და $177,102 დოლარის დავალიანება ერიცხება. 2019 წლის 18 იანვარს ფილარმონიის მმართველმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიას წერილით მიმართა, რომელშიც დავალიანების 9 წელზე გადანაწილებას სთხოვდა.

შპს ინტერნეიშენალ ივენთის მეწილეები, 2014 წლის შემოდგომამდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე – კახი კანდელაკი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დირექტორი დავით მენაბდე იყვნენ.

საიას ცნობით, კომპანიაში მათი წილის ფლობის დროს შპს ინტერნეიშენალ ივენთს სახელმწიფოს წინაშე 700,000 ლარზე მეტი ჰქონდა დავალიანება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. 2014 წლის აგვისტოში, მიხეილ გიორგაძემ და კახი კანდელაკმა თავიანთი წილები უსასყიდლოდ გადასცეს გიორგი კერესელიძეს და გიორგი მენაბდეს. ამ დროისთვის, გიორგაძე და კანდელაკი უკვე მინისტრის და მისი მოადგილის თანამდებობებს იკავებდნენ.

2016 წლის დეკემბრისთვის, კომპანიის დავალიანება სახელმწიფოს წინაშე, 1,245,000 ლარზე მეტს შეადგენდა.

2016 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული საიას ანგარიშის მიხედვით, კომპანიის იურიდიულ მისამართად რჩებოდა ქ. თბილისი, გაბაშვილის ქ. #1 მდებარე უძრავი ქონება, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის – მიხეილ გიორგაძის საკუთრებაა.

“ეს აძლიერებს ეჭვს, რომ მინისტრი ფორმალურად არის ჩამოშორებული კომპანიას და რეალურად, მას დღემდე გააჩნია ინტერესები ინტერნეიშენალ ივენთსში. სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილება და ინტერნეიშენალ ივენთსის მიერ არაერთხელ დარღვეული სახელშეკრულებო ვალდებულებების შემდეგ, შეწყვიტოს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტომ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ შპს ინტერნეიშენალ ივენთსმა სრულად დაფაროს სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება”, – აცხადებდა საია 2016 წლის დეკემბერში..