სალომე სამადაშვილი – „პრეზიდენტის იმპიჩმენტი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება“

სალომე სამადაშვილი - „პრეზიდენტის იმპიჩმენტი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით სათათბირო ორგანო უნდა შეიქმნას. შესაბამის პროექტს პარლამენტი განიხილავს. ეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა თავადვე გააუქმა შეწყალების კომისიას და შეწყალებებზე გადაწყვეტილებას თვითნებურად, საკუთარი შეხედულებების მიხედვით იღებდა. მაშინ პრეზიდენტმა სარეკომენდაციო კომისიის საჭიროება ვეღარ დაინახა. შესაბამისად, მან არაერთი სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები ციხიდან გამოუშვა.

რასთან გვაქვს საქმე? იკვეცება თუ არა პრეზიდენტის უფლებები, რომლებიც ისედაც შეზღუდულია, რა ბედი ელის დეკანოზ გიორგი მამალაძეს და მოიხსნება თუ არა დღის წესრიგიდან სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი? _ ამ და სხვა საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საუბრობს.

_ პრეზიდენტს აქვს ინიციატივა პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით, რომ სათათბირო ორგანო უნდა შეიქმნას. რასთან გვაქვს საქმე?

_ პრეზიდენტს ჰქონდა შეწყალების უფლება, მაგრამ ის მისი მხრიდან ბოროტად იყო გამოყენებული. დღემდე ძალიან სერიოზული შეკითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ჰქონდა თუ არა ადგილი რეალურად კორუფციულ გარიგებებს შეწყალებების ამ პროცესში.

როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას საკმაოდ დიდი დისკომფორტი შეუქმნა და იმის ნაცვლად, რომ რეალურად გამოიძიონ, რა მოხდა შეწყალებების სკანდალებთან დაკავშირებით, იმის ნაცვლად, რომ დაადგინონ, ხდებოდა თუ არა სამართალდარღვევის ფაქტები, გადაწყვიტეს, რომ ასეთი პროცესი შეექმნათ.

როგორც მე ვფიქრობ, ეს უბრალოდ შეუზღუდავს შესაძლებლობებს მომავალში, რომ ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები შეწყალების შესახებ და ფაქტობრივად ის დაუქვემდებარეს წულუკიანის კონტროლს ამ საკითხთან დაკავშირებით.

_ რამდენად გამართლებულია ეს თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისით? იმ ვითარებაში, როდესაც მისი უფლებები ისედაც შეზღუდულია?

_ ეს გამართლებული იქნებოდა მაშინ, თუ ჩატარდებოდა რეალური გამოძიება. საქმე უნდა იყოს აღძრული და რეალური გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს შეწყალებების საქმეებთან დაკავშირებით.

ივანიშვილი იმ გზით მიდის, რომ შეზღუდოს ყველანაირი დამოუკიდებლობის ხარისხი ყველა ინსტიტუციაში. ამ თვალსაზრისით პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება გრძელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას ხელს უწყობს ივანიშვილის მიერვე საქართველოს პრეზიდენტად ხელდასმული სალომე ზურაბიშვილის და მისი აპარატის ქმედება, რაც გამოიხატება შეწყალების საქმეებთან დაკავშირებით.

_ ესეც ივანიშვილის მიერ მოფიქრებული სქემაა?

_ დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მისი შეზღუდვის სქემა. ეს არის მიმართული იქითკენ, რომ პრეზიდენტის დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო შეიზღუდოს, რაც გამოიხატება შეწყალების უფლებამოსილებაში. პრეზიდენტს ისედაც ცოტა უფლებამოსილება დარჩა კონსტიტუციის ახალი მოდელით და ეს გამოიწვევს იმ უფლებამოსილების კიდევ უფრო შეზღუდვას, რაც ჰქონდა დარჩენილი.

_ თანმიმდევრულობასთან დაკავშირებითაც ხომ არ ჩნდება კითხვის ნიშნები? ვგულისხმობ იმას, რომ პრეზიდენტს ჰქონდა შეწყალების კომისია, მაგრამ დაითხოვა. თვითნებურად იღებდა გადაწყვეტილებებს და ვნახეთ ეს და შემდეგ სხვანაირად დაიწყო საუბარი.

_ დიახ. მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილს არ მიუღია ეს გადაწყვეტილება და საერთოდ როგორ შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად?! ის იყო ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატი, შესაბამისად ის სკანდალი, რაც უკავშირდება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებას,  პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ გადაწყვიტა, რომ უკეთესად გააკონტროლოს მის მიერ საქართველოს პრეზიდენტად შერჩეული კანდიდატი.

ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად არ მიაჩნია, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი მისი ერთ-ერთი ქვეშევრდომია, რომელიც პრეზიდენტად დაასახელა და შემდეგ უკვე დანიშნა.

_ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით როგორია თქვენი შეფასება? სინოდმა დააყენა მსჯავრდებული დეკანოზის შუამდგომლობა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს. როგორ უყურებთ ამ პროცესს, მაშინ როცა მორატორიუმი აქვს გამოცხადებული პრეზიდენტს შეწყალებებზე? გაიწელება პროცესი და მოუწევს ციხეში ჯდომა?

_ იცით რა? ამაზე არ მაქვს მკაფიო პასუხი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს მამაოების საქმესთან დაკავშირებით და ბევრი რამე ბუნდოვანია. ვნახოთ, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მას და რას იტყვის ის მას შემდეგ, რაც ის დატოვებს საპყრობილეს. ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ ბევრი რამე უფრო ნათელი გახდება.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ის, რაც სინოდმა მიიღო?

_ რომელ გადაწყვეტილებას გულისხმობთ?

_ დეკანოზის შეწყალების შუამდგომლობაზე.

_ რა დეტალები იყო და რა მსჯელობა გაიმართა მამაოების საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტულად რა არგუმენტები მოისმინა და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება? ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს, ამიტომ ამაზე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება.

_ სინოდმა მხოლოდ მას შემდეგ დააყენა ეს შუამდგომლობა, რაც პრეზიდენტმა მორატორიუმი გამოაცხადა შეწყალებებზე. კავშირს ვერ ხედავთ?

_ არ ვიცი. ვერ გეტყვით. მე არ ვიცი დეტალები, რა ლოგიკა ჰქონდა სინოდის გადაწყვეტილებას, თუმცა შემიძლია ვთქვა ის, რომ უკვე დიდი ხანია, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ბევრ რამეზე მოვისმენთ პასუხს მას შემდეგ, რაც მას მიეცემა შესაძლებლობა, რომ ისაუბროს.

მოვისმინეთ, რომ დეკანოზი მამალაძე პროკურატურად დაკავებული ჰყავდა ერთადერთი მიზნით, რომ ეს უკავშირდებოდა კომპრომატების შეგროვებას საპატრიარქოსთან დაკავშირებით.

ეს განაცხადა მისმა ძმამ. გვითხრა, რომ დეკანოზის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა პროკურატურის მხრიდან იმისთვის, რომ კომპრომატები გაეცა საპატრიარქოსთან დაკავშირებით. შესაბამისად, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად მოგვეცეს შესაძლებლობა, მოვუსმინოთ დეკანოზ გიორგი მამალაძეს. მოგვაწოდოს მან რეალური ინფორმაცია და რეალურად გავარკვიოთ, რა ხდებოდა.

_ შეწყალების საქმეზე სათათბირო ორგანოს შექმნის შემდეგ დროებით შეჩერდება საუბარი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე თუ კვლავ იქნება დღის წესრიგში?

_ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დადგება. იმიტომ, რომ არანაირი ახალი წესის შემუშავება შეწყალებასთან დაკავშირებით არ ცვლის იმას, რომ ადგილი ჰქონდა სავარაუდო არა მართლზომიერ და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებას პრეზიდენტის მხრიდან.

საუბარი მაქვს იმაზე, რომ მან უკვე გამოიყენა შეწყალების უფლება და მიიღო სკანდალური გადაწყვეტილებები. ამიტომ, ეს საკითხი დღის წესრიგში დარჩება. თუმცა, ეჭვი მეპარება იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილის პარლამენტმა ამ საკითხს მსვლელობა მისცეს. თუმცა, იმპიჩმენტის საკითხი ისევ რელევანტურია იქამდე, სანამ არ ჩატარდება სრულფასოვანი გამოძიება.

_ ანუ, უნდა ველოდოთ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შესაძლოა რეალურად დადგეს პარლამენტის წინაშე მისი იმპიჩმენტის საკითხი?

_ უნდა ჩატარდეს გამოძიება და გამოძიების შესაბამისი შედეგების მიხედვით უნდა დადგეს ის კონსტიტუციური შედეგი, რომელიც იქნება სწორი და გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.