სანდრო ბრეგაძე – “მოვიდნენ და გადაგვიარონ, ფილმის გაშვების უფლებას არ მივცემთ!”

სანდრო ბრეგაძე - "მოვიდნენ და გადაგვიარონ, ფილმის გაშვების უფლებას არ მივცემთ!"„ქართული მარში“ ფილარმონიასთან 16:00 საათზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის შაჩლის მიზნით შეიკრიბება. როგორც სპეციალურ ბრიფინგზე სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, დღეს “გეი პროპაგანდის” წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართება.

მისივე ინფორმაციით, ადამიანები რეგიონებიდანაც მოდიან.

რადიკალური შეხედულების მქონე ადამიანები იმუქრებიან, რომ ისინი კინოთეატრების ბლოკირებას მოახდენენ და ორგანიზატორებს ფილმის გაშვების საშუალებას არ მისცემენ.

ბრეგაძის თქმით, აქტივისტები აპირებენ, რომ კინოთეატრ “ამირანის” შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი შექმნან, „სირცხვილის კორიდორი” გააკეთონ.

“სრული მობილიზაციაა მომხდარი. ყველა რეგიონიდან არიან დაძრული ჩვენი მხარდამჭერები. არ მივცემთ კინოს ადმინისტრაციას და მესვეურებს ამ ფილმის გაშვების საშუალებას, არ შევუშვებთ შენობაში, ჩვენ დავდგებით და კი ბატონო, მოვიდნენ და გადაგვიარონ…

ჩვენ განვთავსდებით კინოთეატრის მიმდებარედ და გავაკეთებთ სირცხვილის კორიდორს, რომელშიც გასვლა მოუწევთ ფილმის შემქმნელებს და მესვეურთ. ძირითადი მობილიზება კინოთეატრ “ამირანთანაა”, მცირე ჯგუფები განთავსდებიან ყველა კინოთეატრთან,” – აღნიშნა ბრეგაძემ.

“ქართული მარშის” ლიდერი ფილმის ლობისტებად გიგა ბოკერიას, „ევროპულ საქართველოს”, “ნაციონალური მოძრაობას”, რესპუბლიკური პარტიას და არასამთავრობოებს ასახელებს.

მისივე განცხადებით, თუკი გარკვეული პირები ძალადობრივი ქმედებებით შეეცდებიან პროვოკაციების მოწყობას, ისინი კინოთეატრების შესასვლელების პიკეტირებას მოახდენენ.

„ქართული მარშის“ გარდა, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი 8 ნოემბერს ყველა იმ კინოთეატრთან მობილიზებას გეგმავს, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს.

ფილმის ჩვენების ჩაშლით იმუქრება ბიზნესმენი ლევან ვასაძეც, რომლის მომხრეებიც ვერის ბაღში 16:00 საათზე, ბათუმში კი 17:00 საათზე შეიკრიბებიან.

ფილმის პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

ნიუპოსტი