“სანიკიძისა და გელბახიანის სააკაშვილთან შეხვედრის მსგავსი მოვლენა პოლიტიკას არ ახსოვს”

"სანიკიძისა და გელბახიანის სააკაშვილთან შეხვედრის მსგავსი მოვლენა პოლიტიკას არ ახსოვს"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
საქართველოს პოლიტიკაში დინამიკური მოვლენები ვითარდება. ყოფილი დეპუტატის, კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლის, ბიძინა გუჯაბიძის აზრით, მიმდინარე პროცესებიდან ზოგი ჩვეულებრივი და ტრადიციულია, ზოგი კი – გამაოგნებელი. “ახალი თაობა” ბიძინა გუჯაბიძეს ესაუბრა.
ბიძინა გუჯაბიძე:
– მე და ჩემი თანაპარტიელები ეროვნული მოძრაობიდან აქტიურად ვართ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. პოლიტიკაში ბევრი რამ მინახავს, უამრავ ბრძოლაში მიმიღია მონაწილეობა. ხანდახან ერთმანეთის გვერდით დავმდგარვართ ისინი, ვინც თანამოაზრეები არ ვართ. პოლიტიკაში შეიძლება ათასი რამ მოხდეს, მაგრამ იმან, რაც კიევიდან ვიხილეთ, სახტად დამტოვა.
– ადრე დაპირისპირებული ხალხის შეყრა წარმოუდგენლად მიგაჩნიათ?
– სანიკიძისა და გელბახიანის სააკაშვილთან შეხვედრის მსგავსი მოვლენა პოლიტიკას არ ახსოვს.
– სანიკიძე აცხადებს, რომ შეხვედრის მონაწილეები გადაახტნენ საკუთარ “მე”-ს და ეგოიზმს. მისი თქმით, გამოსავალი ერთიანობაშია. სააკაშვილის ამბობს, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.
– ამ განმარტებებს მნიშვნელობა არა აქვს. არ არის ძნელი გამოსაცნობი, რომ ამ სამეულმა ხელისუფლების შეცვლაზე ისაუბრა. რევანშისტული გეგმები სააკაშვილსა და ნაციონალური მოძრაობის განშტოებებს ადრეც ჰქონდათ. ეს ძალები ახლაც ემზადებიან რევანშისათვის. სანიკიძე ადრეც ამბობდა, რომ სააკაშვილთან ჩასვლას აპირებდა. მიუხედავად ამ ანონსისა, მაინც თავზარი დამცა ამ კადრებმა.
სანიკიძე და მისი პარტია რამდენიმე წლის წინ ჩვენი კოალიციის წევრი იყო. ამით სანიკიძემ თავისი ბიოგრაფია გაიუმჯობესა, თუმცა სააკაშვილთან გარიგებით საბოლოოდ გაიფუჭა სახელი. გელბახიანს რომ ებრძოდა სააკაშვილი, ესეც ცნობილია. საინტერესოა, როგორ მიმართავდნენ ყოფილი მტრები ერთმანეთს? როგორ გაიხსენეს ის, რომ ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებული?
– სხვა ერთმანეთისთვის მიუღებელი ოპოზიციაც მართავს ერთად აქციებს და კონსულტაციებს. ამას ხალხი უფრო გაგებით ხვდება?
– ვერ ვიტყოდი, რომ მთელი საზოგადოება ამას გაგებით ხვდება. ნაწილობრივ, ესეც კიევის შეხვედრის ანალოგიური მოვლენაა. სოციალური ქსელი სავსეა ბურჯანაძისა და ბესელიას მომხრეების უარყოფითი გამოხმაურებებით. ხალხს არ ესმის, რა საჭირო იყო რუსთაველზე გიგი უგულავასთან ერთად ხელკავით მისვლა და ერთობლივი ჯაჭვები. ამ პოლიტიკოსებს უწევთ თავის მართლება და უკან დახევა. ამ პარტიებმა, რომლებიც ნაციონალებთან ერთად დადგნენ, უკვე დაკარგეს ამომრჩევლის ნაწილი.
– მოთხოვნებს, რომლებსაც ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად აყენებს, ფართო მხარდაჭერა აქვს.
– იყო მოლოდინი, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით გაიმართებოდა. ეს წინადადება ჩავარდა. ამაში მაჟორიტარებს ვადანაშაულებ. პარტიების უარყოფითი რეაქცია გასაგებია. მიუღებელია, რომ პოლიტიკურ ძალებს ბოღმა და შური ამოძრავებთ და ეს აერთიანებთ.
– “ქართულმა ოცნებამ” ამ დანაპირების გადათქმით ხალხის ნდობა დაკარგა.
– ნაწილობრივ, ნდობა დაკარგა “ქართულმა ოცნებამაც” და ბიძინა ივანიშვილმაც. პოლიტიკაში წინსვლაც ხდება და უკუსვლაც. ეს ხელისუფლებისთვის მძიმე გადაწყვეტილებაა.
– ამან თქვენს თანაპარტიელებსაც დაატოვებინა უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები.
– დიახ. ამაზე ზოგიერთი ქილიკობს კიდეც.
– უმრავლესობიდან დეპუტატების, მათ შორის, კონსერვატორების გამოსვლას, საზოგადოება კარგად შეხვდა.
– პოლიტიკოსებში ამაზე უარყოფითი გამოხმაურება არ შემინიშნავს. არაპოლიტიკოსებში დაიწყეს ქირქილი. ზვიად ძიძიგურზე ამტყუნებენ იმაში, რომ 90-იან წლებში რკინიგზა გადაკეტა, თან ამუნათებენ, ამ აქციით საბჭოთა კავშირს ანგრევდაო. მაშინდელი ამბები ბევრმა არ იცის. ამიტომ, იძულებული ვარ, განმარტებები გავაკეთო.
ზვიად ძიძიგური, ისევე, როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერები, ეწინააღმდეგებოდნენ ერთპარტიულ არჩევნებს. იმისათვის, რომ მიგვეღწია მრავალპარტიული არჩევნებისათვის, საჭირო გახდა აქციები. ამან შედეგი გამოიღო და ასეთი არჩევნები გაიმართა. ამის შედეგად მოვიდა “მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო”.
კონსერვატორებს ამუნათებენ ისინი, ვინც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლების მოწინააღმდეგეა. სხვებმა ისტორია არ იციან.
– დღევანდელ მდგომარეობას დავუბრუნდეთ. აქციები არ წყდება.
– ჩვენც არ მოგვეწონა, რომ დაპირებული პროპორციული სისტემის კანონპროექტი ვერ გავიდა. თუმცა, ეს ტრაგედიად არ უნდა ჩავთვალოთ. შერეული სისტემა არადემოკრატიული არ არის. ამის გამო სახელმწიფო დაწესებულებების დაბოქლომება არასერიოზულია.
ამ ოპოზიციონერებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ყოველთვის კომიკოსები იყვნენ. შალვა ნათელაშვილზე ბევრი წლის წინაც ვამბობდი, რომ კომიკურად იქცევა. ამ კაცს თავისი ქცევის სტილი და წარმოდგენები არ შეუცვლია.
– აქციებში ახალგაზრდობაც მონაწილეობს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ბევრმა აქტიურმა ახალგაზრდამ არ იცის, რა ხდებოდა 8 და 10 წლის წინ.
– მართლაც, ზოგიერთი მათგანი მაშინ დაიბადა, როცა მე და სხვა თანამებრძოლები ციხიდან გამოგვიშვეს. ამ ახალგაზრდებს ქუჩის აქციების რომანტიკა ხიბლავთ. ისინი თავისებურ ხიბლში ექცევიან. ეს არის საკუთარი თავის დამკვიდრების, ასევე ერთმანეთის გაცნობის და მოწონების ადგილი. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ აქციები შეიძლება უშედეგო იყოს.
– ამ აქციებს რა შედეგი ექნება?
– ვფიქრობ, რომ მოთხოვნა 2020 წლის არჩევნებისათვის პროპორციული სისტემის დამტკიცების შესახებ ვერ შესრულდება.
– და ხალხიც იმედგაცრუებული დარჩება?
– ამომრჩეველი არ დარჩება იმედგაცრუებული და არჩევანს გააზრებულად გააკეთებს. ხალხს არ მოსწონს დაპირების შეუსრულებლობა. მისთვის პროპორციული არჩევნები მთავარი არ არის.
– როცა მმართველი პარტია ამ ინიციატივას აყენებდა, მაშინ ასევე აქციები იყო და მისი მონაწილეები პროპორციულ არჩევნებს მოითხოვდნენ.
– ამ ადამიანებსაც არ ჰქონდათ პოლიტიკური გამოცდილება. არა მგონია, მოსახლეობის მთავარი პრობლემა პროპორციული არჩევნები იყოს. მმართველმა პარტიამ ამ ეტაპზე ნდობა დაკარგა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხს აქციების მონაწილე ოპოზიცია უნდა.
თუ ამ ოპოზიციამ სხვა სისულელეებიც ჩაიდინა, ამომრჩევლის ნაწილი “ქართული ოცნებისკენ” შებრუნდება. მოსახლეობის უმეტესობა ცინიკოსი და რევანშისტი ნაციონალებისა და მათთან გაერთიანებული პოლიტიკოსების გამარჯვებას არ მიესალმება.