ბექა ნაცვლიშვილი – “ხალხი ქუჩაში მთავრობის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეს და არა – პროპორციული არჩევნების მოთხოვნით!”

ბექა ნაცვლიშვილი - “ხალხი ქუჩაში მთავრობის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეს და არა - პროპორციული არჩევნების მოთხოვნით!”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ბექა, პარლამენტში მეორედ იწყება დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესი. კიდევ უფრო დაძაბავს ეს არსებულ პოლიტიკურ პროცესს?
– “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა. ერთმნიშვნელოვანი დაპირება გასცა, რომ დამნაშავეები დაისჯებოდნენ. სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანაში სხვა პროცესები წავიდოდა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა.
რა რეალობა გვაქვს დღეს?! აღდგა სამართლიანობა?! რასაკვირველია, არ აღდგა! რამდენიმე ბიზნესმენს მანქანები რომ დაუბრუნეს, იმაზე არ ვსაუბრობ. სამართლიანობის აღდგენა ბევრად უფრო ფართო და მასშტაბური ცნებაა.
და ახლა, 7 წლის თავზე სასამართლო გადაწყვეტილებით პოლიტიკოსს რომ პასუხისმგებლობას აკისრებ სამართლიანობის აღდგენის მოტივით, ეს ვერ გახდება ვერანაირად მხარდაჭერის საფუძველი საზოგადოების მხრიდან. პირიქით, უკურეაქციებს გამოიწვევს, ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება.
– ამ ხისტ პოლიტიკურ პროცესს კიდევ უფრო დაძაბავს?
– დაძაბავს, მაგრამ არ მგონია, რომ ეს გახდეს ამ პროცესის გადამწყვეტი ფაქტორი. სანამ ეს ორი ძალა, ერთი რევანშიზმით განმსჭვალული და მეორე ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ძალა, იქნება პოლიტიკურ ავანსცენაზე, მანამდე საზოგადოება პოლიტიკური პროცესის მიმართ ინდიფერენტული იქნება.
– თითქოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის მზაობა არის, თუმცა, შედეგის გარეშე. რამდენად მყიფეა პროცესები, რამდენად მაღალია დესტაბილიზაციის საფრთხე?
– როგორც ჩანს, დიალოგი დიალოგისთვის არის და არა – შედეგისთვის. სანამ ყველა მხარე შედეგზე არ იზრუნებს, მანამდე ეს პროცესები გაგრძელდება. ვითარება საკმაოდ ხისტია. ერთი მხრივ, “ქართული ოცნება” ფიქრობს, რომ პროცესი ჯერ მაინც არ არის იმ კონდიციამდე, რომ ყველა ქუჩაში გავიდეს. მეორე მხრივ, ოპოზიცია უკანდახევას არ აპირებს, რომ დამარცხების ელფერი არ ჰქონდეს.
აქედან გამომდინარე, რისკი საკმაოდ მაღალია.
– სად არის გამოსავალი?
– შეთანხმებაში. ე.წ. გერმანული მოდელი ერთ-ერთი გამოსავალია ამ კრიზისული ვითარებიდან. რთულია არგუმენტირებული პასუხი ჰქონდეს მმართველ გუნდს, რატომ არა გერმანული მოდელი. თუ რეალურად ვინმე წუხს იმაზე, რომ რეგიონებში წარმომადგენლები არ ეყოლებათ, გერმანული მოდელი მაჟორიტარების არჩევასაც გულისხმობს. ამიტომ, ტექნიკურ-იურიდიული არგუმენტები არაფერ შუაშია, აქ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მმართველი პარტიის მიერ მისაღები, თუ გამოსავლის ძიება უნდათ.
– დღეს “ქართულ ოცნებას” პოტენციური მოკავშირე ჰყავს პოლიტიკურ სპექტრში?
– ისევ გრძელდება ორპოლუსიანი პოლიტიკა. “ოცნებას” რომ რეალური მოკავშირე არ ჰყავს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს მოკავშირე. ორპოლუსიანი პოლიტიკის მოწმენი ვართ ისევ. ამ პროტესტში რეალურად წამყვანი ძალა სხვა რომ იყოს, ვითარება დიამეტრალურად განსხვავებული იქნებოდა.
– უფრო მეტი ადამიანი გამოვიდოდა ქუჩაში?
– დიახ, და, რაც მთავარია, “ქართულ ოცნებას” არგუმენტი გამოეცლებოდა, რომ პროცესების წარმმართველი ნაციონალური მოძრაობაა, რომ მხოლოდ ნაციონალები და მისი მხარდამჭერები დგანან ქუჩაში.
სიმართლე რომ გითხრათ, ხალხის საწუხარი გაცილებით სხვა არის. ადამიანებს გაცილებით სხვა პრობლემები აქვთ, ვიდრე საარჩევნო სისტემაა. ადამიანებს უკეთესი ცხოვრება უნდათ. უკეთესი ხვალინდელი დღე უნდათ. ადამიანებს რეალურად აწუხებთ, რომ არ მოუწიოთ სამშობლოდან აყრა და გადახვეწა სხვა ქვეყანაში. ადამიანებს უნდათ, როგორმე აქ იშოვონ სამუშაო, შესაბამისი ანაზღაურებით და არა – დამამცირებელი ანაზღაურებით.
საზოგადოებას აქვს განცდა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე პოლიტიკოსებს გადასვლა უნდათ იმიტომ, რომ თავად მოვიდნენ ხელისუფლებაში და არა იმიტომ, რომ ამ ადამიანების ცხოვრება, მათი გაუსაძლისი ყოფა შეცვალონ.
დღეს ადამიანებს განცდა აქვთ, რომ მათზე არავინ ზრუნავს, რომ ისინი თავიანთი ბედის ანაბარა არიან მიტოვებულები. ეს არის მთავარი პრობლემა ყველა პოლიტიკური ძალის, ეს იქნება ხელისუფლება თუ ოპოზიცია.
რასაკვირველია, პირველ რიგში, ეს ხელისუფლების პრობლემაა, მაგრამ ასევე, რეალური პრობლემაა ოპოზიციის. ამიტომაც არის ამდენი ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველი ქვეყანაში. ვერ წარმოიდგენთ, რა მასშტაბით გადის ხალხი ქვეყნიდან. ისინი აქ, ამ ქვეყანაში, თავინთ მომავალს ვერ ხედავენ და ამიტომ, იძულებით ემიგრაციაში მიდიან.
– ალტერნატივად მიუნხენში დასაქმება იყო შეთავაზებული.
– ეს დიდი აბსურდია. არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს მთავრობა, რომელიც თავის ხალხს სხვა ქვეყანაში დასაქმებას ჰპირდებოდეს. პროპორციული არჩევნები კი არ უნდა იყოს ქუჩაში გამოსვლის საფუძველი, მთავრობის სწორედ ეს აღიარებითი ჩვენება უნდა იყოს.
ხელისუფლება პირდაპირ აღიარებს: ეკონომიკის პოლიტიკა არ მაქვს, სოციალური პოლიტიკა არ მაქვს, წადით სხვა ქვეყანაში. ეს არის აღიარებითი ჩვენება, რომ ხელისუფლებამ ვერაფერს თავი ვერ გაართვა.
თუ იმას გვეტყვიან, რომ ჯარი და პოლიცია არსებობს, და ეს არის მთავრობა, მაშინ სულ დავღუპულვართ – ჯარით და პოლიციით აპელირება ჩვეულებრივი ავტორიტარიზმია, იქითკენ გადადგმული ნაბიჯია.
– უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი უნდა განახლდეს. ერთ-ერთმა კანდიდატმა ზაზა თავაძემ უარი თქვა. ამ დაძაბულობის კულმინაცია შეიძლება სწორედ ეს საკითხი გახდეს?
– დიახ, ეს განცდა ნამდვილად არის. ამიტომ, “ქართულ ოცნებას” უნდა ეყოს კეთილგონიერება, რომ კიდევ უფრო არ გაამწვავოს ვითარება.
თუ უკვე შემოთავაზებული მოსამართლეობის კანდიდატები იქნებიან არჩეულები უზენაეს სასამართლოში, დამერწმუნეთ, პროტესტი სულ სხვა მასშტაბებს მიიღებს.