გია ხუხაშვილი – “მე მგონი, ლობიოც კი ნაცების საჭმელად გამოაცხადეს”

გია ხუხაშვილი - “მე მგონი, ლობიოც კი ნაცების საჭმელად გამოაცხადეს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი გია ხუხაშვილი პასუხობს.
გია ხუხაშვილი:
– ყველა მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემები და ჯარის შესახებ სალომე ზურაბიშვილის არაადეკვატური განცხადებები ამ პრობლემების რიგში პირველი არ არის. ის მაინც ჩვენი კონსტიტუციით ნომინალური ფიგურაა და რეალური ზიანის მიყენება გადაწყვეტილებებში მას არ შეუძლია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს სისტემური პრობლემა მმართველობასთან დაკავშირებით, როდესაც დღევანდელმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად გამოაცხადა თავი სააკაშვილის ხელისუფლების სამართალმემკვიდრედ და არც ერთ მანკიერებაზე უარი არ თქვა. პირიქით, დააფრთიანა და კიდევ უფრო გააძლიერა.
– სააკაშვილის მანკიერი სისტემა?
– დიახ. მოსამართლეთა კორპუსი სააკაშვილის დროს თუ პოლიტიკურ შეკვეთებზე მუშაობდა, ახლა შეკვეთაზეც მუშაობენ და თავის თავზეც, პარტნიორები გახდნენ. თუ ადრე მომსახურე პერსონალი იყო, ახლა ამ ხელისუფლებამ პარტნიორებად დაიყენა და აი ასეთ უბედურებაში ვართ, სამწუხაროდ.
– რამდენად იქნება ბოლო წვეთი მოსამართლეების საკითხი?
– მე არ შემიძლია ბოლო წვეთზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს ძალიან დიდი მოთმინების რესურსი, იმიტომ, რომ აქამდეც ძალიან ბევრი რაღაც მოხდა, წარმოუდგენელიც კი.
ეს ბოლო ხომ საერთოდ – საარჩევნო სისტემის დაპირებაზე გადაგდება, ასეთი უხეში ფორმა საერთოდ წარმოუდგენელია და არც ერთი საზოგადოება არც ერთ ხელისუფლებას არ უნდა პატიობდეს. ერთადერთი, რაც შველის ამ ხელისუფლებას, ეს არის ის, რომ არ არის რეალური ალტერნატივა.
– ჩვენ თუ არა, მიშა მოვა – ეს დააჯერეს საზოგადოებას?
– საზოგადოებას შეიძლება არ სჯერა, მაგრამ კონფორმიზმი როგორი დაავადებაა, იცით? შეიძლება შენ არ გჯერა რაღაცის, მაგრამ თუ შენს თავში პოულობ ფსევდო არგუმენტს, რაღაცნაირად საკუთარ სინდისთან თვლი, რომ მართალი ხარ, როდესაც არაფერს აკეთებ.
აი, ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი კონფორმიზმი, მე ვიტყოდი, აგრესიული კონფორმიზმი, საკუთარ კონფორმიზმს ამართლებ აგრესიით წარსულთან. რეალურად ქვეყნის პრობლემა წარსული ხომ არ არის? ქვეყნის პრობლემაა დღევანდელობა, ამ დღევანდელობაზე რა ხვალინდელი დღე აშენდება. გასაგებია, რომ რაც დღეს ხდება, არ ვარგა, მაგრამ ხომ იყო სისხლიანი 9 წელი!
– მხოლოდ ეს არგუმენტი აქვს?
– აი, ეს ერთადერთი არგუმენტია. ხელისუფლება ხომ ამაზე დგას. მის დღის წესრიგში არც არის სახელმწიფოებრივი პრობლემები. თუნდაც რომ ვნახოთ ამ ქვეყნის მმართველის ბოლო ინტერვიუ, მარტო წარსულზე, მარტო ნაციონალებზე ილაპარაკა, რომელ პრობლემას შეეხო, არც ერთს არ შეხებია!
– ივანიშვილს აქვს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან?
– არა. ისევ ერთადერთი გზა აქვს, რომ ილაპარაკოს სისხლიან 9 წელზე, ანუ ჩაგვტოვოს წარსულში. ამოეფაროს წარსულს და დაგვავიწყოს აწმყო და მომავალი.
– ივანიშვილი იაფფასიან შურისძიებებზეა გადასული – ეს დაპატიმრებები, პოლიტპატიმრები, ტერორი, ანგარიშსწორება.
– ეს არის მცდელობა, რომ მან ჩამოაყალიბოს რეჟიმი. მას მოსწონს სააკაშვილის პერიოდის სისტემა, მან ეს გადმოიბარა და სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა თავი, უბრალოდ, ჯერ კარგად დაქოქვა ვერ ისწავლა და რაღაც ექსპერიმენტებს ატარებს. ვიღაცას დაიჭერს, ვიღაცის დაშინებას შეეცდება. ის თვლის, რომ სააკაშვილს წაართვა მერსედესი, მაგრამ დაქოქვა ჯერ ვერ ისწავლა, ზის შიგნით და აპიპინებს, პედლებზე ფეხს აჭერს და აი, ამ ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ.
– ბატონო გია, დახურულ ფორმატში ივანიშვილს ეუბნებოდნენ, რომ მას ჰყავს პოლიტპატიმრები, თუმცა როცა ღიად მოხდა ამის გაცხადება, ეს აღარ ითქვა. რატომ? ყველა საუბრობდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიამარია და მას ვადაგასული საქმე გაუცოცხლეს თავიდან.
– ევროდონეზე პოლიტპატიმრების არსებობის დადასტურება უკვე ნიშნავს ძალიან სერიოზულ კონფლიქტს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში არსებობს განცდა, რომ ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები, ამის გაფორმება კონკრეტული გადაწყვეტილების სახით, გრძელვადიანი პოლიტიკური შედეგების მქონე გადაწყვეტილება იქნებოდა და ამის გამო შეიკავეს თავი. მათ ის კი არ თქვეს, რომ არ არიან პოლიტპატიმრები, მათ უბრალოდ არ გააფორმეს პოლიტპატიმრების არსებობა.
ანუ თუ ევროპარლამენტი ადასტურებს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, შემდეგი ნაბიჯი რა არის? რომ აქ არის რეჟიმი, რომელსაც ევროპასთან კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს და უკვე სანქციებზე უნდა იყოს ლაპარაკი.
– ამას მოერიდნენ?
– დიახ, ამას მოერიდნენ ამ ეტაპზე, რომ ასეთი მძიმე განვითარება მიეცათ ამისთვის და არა ის, რომ მათ არა აქვთ განცდა, რომ აქ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
– რამდენად დაიყოლიებენ ივანიშვილს, რომ საარჩევნო სისტემა შეცვალოს? თქვენ მას კარგად იცნობთ. რა ტიპაჟია?
– ივანიშვილი ცდილობს მანევრირებას. ის ცდილობს, რომ გამოძვრეს ამ სიტუაციიდან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მის დღის წესრიგში დღეს ერთადერთი საკითხია, ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი გზით, მას უწევს სასწორზე დადება, რისი უფრო მეტად ეშინია – დასავლეთის გაბრაზების, თუ ძალაუფლების დაკარგვის და მისი შედეგების მომკის.
ჯერჯერობით ის მანევრირებს
– მთელი მისი ქონებაც დევს სასწორზე?
– მას აქვს ისეთი განცდა, რომ მარტო ძალაუფლებას კი არ კარგავს, კარგავს ყველაფერს. ამიტომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ის თვლის, რომ აქვს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. უარესად კი მიაჩნია ძალაუფლების დაკარგვა. იმიტომ, რომ ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ მას ეშინია ჯაჭვური რეაქციის, რაც ამას შეიძლება მოჰყვეს და ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემებისაც.
– ეს შიში უფრო მეტ შეცდომას ხომ არ დააშვებინებს? საზოგადოებისთვის უფრო საშიში ხომ არ გახდება?
– საშიში ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება, მაგრამ მან უკვე ამოწურა თავისი თავი, ყოველ შემთხვევაში, ამ ტიპის მმართველობის ფარგლებში. სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია ის, რაც ხდება.
– ასე გაგრძელდება 2020-მდე?
– ვართ აბსოლუტურ ჩიხში. მხოლოდ ფსევდო კომუნიკაცია არსებობს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. აბსოლუტურად გაუგებარი სიტუაციაა. რეალური გზების ძიება კრიზისიდან გამოსასვლელად არ ხდება. ჩვენ ყოველდღე ვისმენთ კობახიძის მორიგ პროვოკაციას, რომელიც ანულებს თუნდაც ამ მცდელობებს, რაც გვაქვს. შესაბამისად, მე გამიჭირდება რაიმეს პროგნოზირება. ალბათ ძალიან მალე ისევ შევალთ იმ ციკლში, რომ დაიწყება საუბარი ისევ სისხლიან 9 წელზე. ძალიან მალე ალბათ მოგვასმენინებენ სააკაშვილის სატელეფონო ჩანაწერს გადატრიალებაზე და აი ამ უბედურებაში გვამყოფებენ.
სხვა რესურსი ხელისუფლებს არ აქვს. უბრუნდება ისევ ძველ ტექნოლოგიას, რასაც ქვია შუას გაკრეფვა – ვინც ჩემთან არ არის, ყველა ნაცია, ნაცი კიდევ მტერია. ეს არის მთელი მათი პროპაგანდისტული ხაზი და ისევ ამ ხაზს დაიჭერენ. მე მგონი, ლობიოც კი ნაცების საჭმელად გამოაცხადეს.
აი, ასეთ აბსურდში ვართ! ქვეყნის შიგნითაც აღარ კმაყოფილდებიან და ენდიაი და აირაიც ნაცებად გამოაცხადეს.