გვარამიას, დამენიას და იაშვილის პროცესი 13 დეკემბრისთვის გადაიდო

გვარამიას, დამენიას და იაშვილის პროცესი 13 დეკემბრისთვის გადაიდო“რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

აღნიშნულის მიზეზი “ინტერ მედია პლიუსის“ ბრალდებული დირექტორის ზურაბ იაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას შუამდგომლობა გახდა.

ბასილაიამ მოსამართლე ლევან გელოვანს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა.

როგორც ბასილაიამ განმარტა, საქმის მასალების გაცნობა მისთვის ობიექტური მიზეზით ვერ შეძლო, ვინაიდან ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მასალების სრულყოფილად გასაცნობად დრო სჭირდება და სხდომა 2 კვირით უნდა გადადებულიყო.

აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. პროკურორ ზვიად გუბელაძის განმარტებით, დაცვის მხარეს 13 ნოემბერს გადაეცა საქმის მასალები და მის გასაცნობად საკმარისი დრო ჰქონდა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომა 13 დეკემბრისთვის გადაიდო.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40.000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50.000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.