პაატა ზაქარეიშვილი – “დღევანდელი “ოცნება” 2012 წლის ნაცმოძრაობის ასლია”

პაატა ზაქარეიშვილი - “დღევანდელი “ოცნება” 2012 წლის ნაცმოძრაობის ასლია”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს.
– ბატონო პაატა, მძიმე და კრიზისული ვითარებაა ქვეყანაში. რამდენად ჩიხური სიტუაციაა და ხედავთ თუ არა გამოსავალს?
– გამოსავალი არის, მაგრამ პირველ რიგში ხელისუფლებას არ უნდა გამოსავლის ძებნა. თქვა, რომ მორჩა, დასრულდა საუბარი. ამით კი ყიდის თავის თავს, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო წინასწარ, პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა.
პრინციპულია ოპოზიციაც, მაგრამ ისინი ტოვებენ შანსს გამოსავლისას თუ ხელისუფლება დათმობს პოზიციებს და დაიწყებს გამოსავლის ძებნას. მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, არის თუ არა გამოსავლის ძებნის სურვილი. თუ ძებნის სურვილი არის, მაშინ გამოსავალი შეიძლება იყოს უამრავი. ხელისუფლება ამაზე უნდა წამოვიდეს, მან უნდა დაიწყოს ლაპარაკი გამოსავლის ძებნაზე. როდესაც ის ამბობს, რომ დასრულებულია ამაზე ლაპარაკი და 2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, რა დიალოგზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?!
ივანიშვილის ინტერვიუ საერთოდ ცივი წყლის გადასხმა იყო ამ ყველაფერზე. მან გვითხრა, რომ გამორიცხულია, რამე იმედები გქონდეთ ჩვენგან, ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთო. მან გვითხრა, მირჩევნია, საქართველო დაიცალოს აქ მაცხოვრებელებისგან, ვიდრე ჩვენ რამე დავთმოთო.
– საზოგადოების დიდი ნაწილი დაიღალა ამ ქაოსით. პროცესების როგორ განვითარებას ელით?
– საზოგადოების დიდი ნაწილი იმდენად არ დაიღალა, რამდენადაც არ ესმის, რა ხდება. თუ შევარდნაძის დროს ხალხი ქუჩაში გამოდიოდა და ამის მიზეზი იყო კორუფცია, ხოლო ნაციონალების დროს იყო ტერორი ყველგან, ახლა ხალხი არ გამოდის, რადგან ბევრს არ ესმის, რა განსხვავებაა პროპორციულსა და მაჟორიტარულ არჩევნებს შორის.
ხალხს არ უნდა, ვიღაცა დეპუტატების ახირების გამო ქუჩაში გამოვიდეს. ხალხი თვლის, რომ ეს არის სხვადასხვა ფორმით ხელისუფლებაში მოსვლა. ხალხი ფიქრობს, რომ სკამებისთვის ბრძოლა მიდის და ეს მას არ ეხება. ეს არ არის კორუფცია, ეს არ არის წამება. ამიტომ საზოგადოებისთვის ეს არის პოლიტიკოსებს შორის ბრძოლის არენა და ხალხი ამ ყველაფერს საფრთხედ ვერ აღიქვამს.
“ქართულ ოცნებას” ჰგონია, რომ ეს არის მისი დიდი პლიუსი, ფიქრობს, რადგან ხალხი ქუჩაში არ გამოდის, ის მოიგებს არჩევნებს. თუნდაც მოიგოს, მერე რაღას აპირებს?! კრიზისში ხომ თვითონ შეიყვანა ეს ქვეყანა?!
– ანუ თუ ის დარჩა, არაფერი შეიცვლება, ამის თქმა გინდათ?
– რა თქმა უნდა და ეს საზოგადოებას კარგად უნდა ავუხსნათ. ჩვენ ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ თუ “ოცნება” დარჩება ხელისუფლებაში, არაფერი შეიცვლება. ამ ხელისუფლების მშვიდობიანი გაშვების ფორმა არის პროპორციული არჩევნები, პროპორციული სისტემა.
ვერც ნაციონალური მოძრაობა მოვა პროპორციული არჩევნების შედეგად, როგორც ესენი ხალხს აშინებენ. ნაცმოძრაობა დამარცხდა 2012 წელს, ის ხალხმა გაისტუმრა. ახლა ლაპარაკი მათ ცოდვებზე, ცოტა არ იყოს, უცნაურია. მათ უკვე პასუხი აგეს, არჩევნები პირწმინდად წააგეს და აგეს ციხით პასუხი. მათი ბევრი ლიდერი აღმოჩნდა ციხეში. ხოლო მთავარი ლიდერი დევნილობაშია დღემდე. ასე რომ, დღეს ლაპარაკი მათ წარსულ ცოდვებზე, ცოტა არ იყოს, უცნაურია, როცა ხალხი მზად არის ხმა მისცეს.
ხალხმა “ოცნებას” უთხრა, რომ არავის საქმე არ არის, როგორ იქცეოდა წარსულში ნაცმოძრაობა, ის დღეს შენს თავს მირჩევნია.
– ნაცმოძრაობა როცა ხელისუფლებაში იყო, ისიც წინააღმდეგი იყო პროპორციული არჩევნების.
– დღეს მომხრეა. დღევანდელ ნაციონალურ მოძრაობასა და 2012 წლამდე არსებულ ნაციონალურ მოძრაობას შორის დიდი განსხვავებაა, ხოლო დღევანდელ “ქართულ ოცნებასა” და იმდროინდელ ნაცმოძრაობას შორის ძალიან ბევრი საერთოა.
– რა გადაწყვიტა ივანიშვილმა – ან ყველაფერი ან არაფერი?
– დიახ, ივანიშვილმა ასე გადაწყვიტა, ან ყველაფერი ან არაფერი. ეს ცალსახა და მკაფიოა. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აზარალებს.
– პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით? იქნება ვადამდელი არჩევნები თუ წამოიყვანს დასავლეთი ხელისუფლებას დათმობაზე?
– არ მგონია, “ოცნებამ” რამე დათმოს. მათ ჰგონიათ, რაკი ხალხი არ გამოდის მიტინგებზე, ამიტომ ესენი წარმატებულები არიან. ხელისუფლება ჯოჯოხეთის გზას დაადგა და სახელმწიფოც აქეთკენ მიჰყავს. მე ვერ ვხედავ, რატომ უნდა გადაიფიქროს “ოცნებამ” და გადახედოს თავის პოზიციებს. დათმობაზე კი არა, ამ სიტუაციიდან გამოსვლაზე უნდა წავიდეს, რაც მისთვისაც სასარგებლო იქნება. თუმცა ეს არ ესმით.
– თუკი ვერ შედგა შეთანხმება და “ოცნებამ” თავისი გაიტანა?
– მაშინ ჩატარდება არჩევნები ან ვადამდელი, ან ვადაზე, ოღონდ ძველი სისტემით.
– მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ამ კრიზისიდან გამოვალთ?
– კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. თუ ოპოზიციამ ვერ მიიღო ის შედეგი, რაც მას აწყობს და არ იქნება ასახული ის სურათი და განწყობა, რაც საზოგაოდებაშია, მაშინ ოპოზიციას კვლავ რჩება უპირატესობა, ქვეყანა წაიყვანოს უკვე ნამდვილი ვადამდელი არჩევნებისაკენ, სადაც უკვე პროპორციული სისტემა იქნება. უპირატესობა ყველა სიტუაციაში ოპოზიციას აქვს.
ამას რატომ ვერ თვლის ხელისუფლება, არ მესმის.
– ანუ არა გაქვთ დიდი მოლოდინი, რომ თუნდაც ელჩების ზეწოლის შედეგად რაიმე დათმოს ხელისუფლებამ?
– ამ წუთში ამ მზაობას ვერ ვხედავ. ამას სჭირდება ხალხის გამოსვლა ქუჩაში! ამას სჭირდება 1 კვირა მაინც დღისით 15 ათასი კაცი, ხოლო ღამით 2 ათასი კაცი. თუ ამ ტემპერატურას აწევს მოსახლეობა, სწორედ მოსახლეობამ უნდა აწიოს, რადგან ოპოზიცია და აქტივისტები ყველაფერს აკეთებენ. მეტი რა უნდა ქნან?! პიკეტირება იქნება, დაბოქლომება თუ ბოიკოტირება, ოპოზიცია ამ ყველაფერს აკეთებს და საკმაოდ ეფექტურადაც მუშაობს.
დანარჩენი უკვე ხალხის ნებაა, ხალხს თუ უნდა ცვლილებები, მაშინ უნდა გამოვიდეს ქუჩაში. სხვის ხარჯზე ეს ყველაფერი არ გამოვა, საჭიროა ქუჩაში დგომა.
ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული. თუ არა და გაგრძელდება ეს დაპირისპირება და ქაოსი.