ქართული ვისკის ბოთლი, საცობი, ქერი, სიმინდი – ნია ნაცვლიშვილი მეუღლის, ალეკო კვერნაძის, საქმეს აგრძელებს

ქართული ვისკის ბოთლი, საცობი, ქერი, სიმინდი - ნია ნაცვლიშვილი მეუღლის, ალეკო კვერნაძის, საქმეს აგრძელებსპირველი ქართველი, რომელმაც ქვევრში ქართული ვისკი გამოხადა, ალექსანდრე კვერნაძე გახლავთ. მისი გამოგონული ქვევრი გამოყენებულია როგორც დისტილაციის აპარატი. ამ თემაზე ორიოდე წლის წინ ის ძალიან საინტერესოდ გვესაუბრა.

სამწუხაროდ, ბატონი ალექსანდრე, უნიჭიერესი და სერიოზული დამსახურებების  ადამიანი, 10 თვის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა… ქართული ვისკის წარმოებას ამჟამად მისი მეუღლე ნია ნაცვლიშვილი განაგრძობს.

ნია ნაცვლიშვილი:
– ალეკომ ყველაზე კარგად იცოდა ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები. საოც­რად­ ვზოგავდით ერთმანეთს. ახლა კი “შემატოვა”­ ურთულეს პრობლემებს და არ დამიტოვა არჩევანი. ამ რეჟიმით როდემდე გავძლებ, არ ვიცი. თანაც საშუალოდ გაკეთებული არაფერი მაკმაყოფილებს. არადა, დარწმუნებული­ ვიყავით, რომ ერთად დავბერდებოდით… ბოლოს აეროპორტში ვნახე, გაღიმებულმა გამაცილა და ხელი დამიქნია. გერმანიაში ბავშვებთან
დღე-ნახევრის წასული ვიყავი და “გამეპარა”. პირველად ვერ შემისრულა დანაპირები. 10 დღეში უნდა ჩამოსულიყო, იქიდან ერთად დაბრუნებულებს კი უამრავი ჩანაფიქრი გვქონდა…
მიზეზი, რის გამოც ვისკის შექმნა გადაწყდა, იყო დიდ ქვევრზე ექსპერიმენტის შედეგების შემოწმება. მანამდე ექსპერიმენტი­ პატარა ქვევრზე კეთდებოდა. უხაროდა და აინტერესებდა ეს ყველაფერი. მეც მიხაროდა და ხელს ვუწყობდი. ერთადერთი, ვისაც სჯეროდა, რომ ეს საქმე გამოვიდოდა,­ მე ვიყავი. იყო ბევრი სკეპსისი. როცა დარწმუნდნენ, რომ ყველაფერს საფუძვლად კვლევა ედო, დაიჯერეს…

ლაბორატორიის მოწყობა გახდა­ საჭირო, პირობების შექმნა, აშენება, დახვეწა. ამ ყველაფერმა ნელ-ნელა ჩაგვითრია. ერთად ბევრ რამეს ვაკეთებდით. ეზოს მოწყობაზეც ვზრუნავდი. გაჩნდა ახალი ინტერესებიც. მერე კი ეს ყველაფერი ბიზნესად იქცა.

– მეუღლის დაწყებული საქმე თქვენ განაგრძეთ. რა გაძლევთ ენერგიას, რწმენას, რომ ეს ყველაფერი მარტომ აკეთოთ?
– მას ეს საქმე ისე უყვარდა, იმდენ დროსა­ და ფიქრს ანდომებდა, ვერ ვუღალატებდი…ძალიან მიჭირდა, მაგრამ ორმოციც არ იყო გასული, რომ გავხსენი ორივე­ კომპიუტერი­ და დავიწყე დეტალურად შესწავლა ტერმინოლოგიის, ჩვენი და კლასიკური მეთოდის განსხვავებების. უამრავი მასალა წავიკითხე, ყველაფერი­ გავარკვიე. ამას ჩემი ხასიათი და პასუხისმგებლობაც დაემატა – თავს ვერ ვაკადრებდი, იმაზე მელაპარაკა, რაშიც­ დარწმუნებული არ ვიყავი. ამას ვერც ალეკოს ვაკადრებდი.

– პროფესიით ვინ ბრძანდებით?
– ნეიროფიზიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. სამეცნიერო ნაშრომები შესრულებული და დაცული მაქვს მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვარ სამი გამოგონებისა და პატენტის მფლობელი – ორი თეორიულ მედიცინაშია, ერთი პრაქტიკულ მედიცინაში. 18-წლიანი ლექტორობის გამოცდილება მაქვს მოსკოვსა და თბილისში.
– დღეს საქმიანობაში ვინმე გეხმარებათ?
– უშუალოდ ვისკის გამოხდას ანუ ტექნიკურ მხარეს ალეკოს ნათესავი უძღვება, რომელსაც მანვე ასწავლა ეს ტექნოლოგია. დანარჩენს – მართვა, ფინანსური საკითხები, დაგეგმვა, შეხვედრები – მე ვაკეთებ. ახლა ვებგვერდისთვის ვწერ ტექსტებს, დასასრულებელია საპატენტო საქმეებიც.

– მოგვიყევით სოფელ ალექსეევკაზე, სადაც ამ საქმეს ჩაეყარა საფუძველი…
– ადრე ალექსეევკა, ძირითადად, ოსებით იყო დასახლებული. 90-იან წლებში სახლები გაყიდეს და წავიდნენ. შემდეგ სვანები თავიანთი სურვილით ჩამოსახლდნენ და დღეს მოსახლეობის 90% ისინი არიან. ძირითადად, მეცხოველეობას მისდევენ.

– როგორია თქვენი ერთი დღე?
– ცოტა რთულად გამოიყურება – ბოთლი, საცობი, ქერი, სიმინდი, ფერმენტი,­ სატელეფონო საუბრები, მშენებლობის ხელმძღვანელობა­ (ევროკავშირის გრანტის ბენეფიციარები ვართ), ეზო, სტუმარი, საუბრები ტექნოლ­ოგიაზე, ისტორიაზე…­ ეს მოგებული გრანტიც ჩემი გადასაწყვეტი­ იყო, შევეჭიდებოდი თუ არა. ალეკომ დაწყება მოასწრო, პირველი ნაბიჯები გადადგა, დანარჩენი ჰაერში იყო. მერე ღრმად ჩავისუნთქე და საქმეს შევეჭიდე.
– ახლა როგორია თქვენი გეგმები?
– ჯერ იმ ეტაპზე ვარ, რომ შევინარჩუნო მისი დაწყებული საქმე. უამრავი რამ დამიტოვა მოგვარებული, ვიფიქრებ მხოლოდ განვითარებაზე. მის ერთ ოცნებას უკვე ვახორციელებ და დაბადების დღისთვის “ვაჩუქებ”. ხელის ჩაქნევა ადვილი გამოსავალია. მე ამჯერადაც­ რთული გზა ავირჩიე, თორემ შვილი, სიძე და შვილიშვილები მყავს გერმანიაში და წავიდოდი (ქალიშვილი იქაურ კლინიკაში გინეკოლოგიური განყოფილების გამგეა).

– ანუ მტკიცედ და გულდაგულ აგრძელებთ მეუღლის დაწყებულ საქმეს.
– ვაგრძელებ და ისე, როგორც მას უნდოდა. ბევრს კითხულობდა და აზრს ხვეწდა. მხოლოდ ლაბორატორიის ინტერიერი შევცვალე, დავამატე მისი ჯილდოები, ფოტოები, ხელნაწერები, პირველი ექსპერიმენტების პასპორტები. მისი იდეიდან გადახვევას არ ვაპირებ, არა იმიტომ, რომ ბრმად­ მივდევ, არამედ იმიტომ, რომ მისი იდეის შემნარჩუნებელი და გამკეთებელი ვარ…

მხოლოდ ვისკი არ გვაქვს, არის კიდევ ორი დასახელების ღვინო, რომელთაც ანალოგი არა აქვს. გაფორმებულია ხელნაკეთი­ ეტიკეტებით – ინდივიდუალურად კეთდება თითოეული ბოთლისთვის, რომლებიც დანომრილია და ეტიკეტი არ მეორდება, რადგან მათ მე ვხატავ. ალეკოს ვუკეთებ იმას, რაც ძალიან უყვარდა. მგონია, რომ უნდა მოვიდეს და თავაწეულმა უნდა დავახვედრო მისი ნაფერებ-ნალოლიავები… ზუსტად ვიცი, რომ იმსახურებს არდავიწყებას.

ლალი ფაცია, ამბები