სოსო ცინცაძე – “პროპორციული არჩევნები “ოცნების” გარანტირებულ დამარცხებას ნიშნავს”

სოსო ცინცაძე - “პროპორციული არჩევნები “ოცნების” გარანტირებულ დამარცხებას ნიშნავს”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, მოლაპარაკებების პარალელურად ოპოზიცია საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას აანონსებს. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?
– სახეზეა მწვავე პოლიტიკური კრიზისის წინა ფაზა, მაგრამ თუ ოპოზიცია მართლაც დაიწყებს საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას, ეს უკვე მწვავე პოლიტიკური კრიზისი იქნება, რომლის იგნორირებაც ხელისუფლების მხრიდან შეუძლებელი იქნება. ეს შეიძლება სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს და ეს უკვე იქნება სამოქალაქო დაპირსიპირება.
რასაკვირველია “ქართული ოცნება” არანაირ კომპრომისზე არ წავა. გამორიცხულია. პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება ნიშნავს “ქართული ოცნების” გარანტირებულ დამარცხებას. როდესაც ასეა გამწვავებული ვითარება, როდესაც პროტესტი არათუ ქუჩაშია გასული, არამედ სხვა ხასიათი მიიღო, ხელისუფლება ვალდებულია, იმოქმედოს და ოპოზიციას კომპრომისული ვარიანტები შესთავაზოს.
ჰაერში სამოქალაქო დაპირისპირების უმწვავესი სუნი დგას.
– დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას როგორ აფასებთ?
– ხუნდაძემ ევრიკა აღმოაჩინა და ორპალატიანი პარლამენტი შემოგვთავაზა კრიზისიდან გამოსავლად. ხუნდაძეს ორპალატიანი პარლამენტის ანატომიაზე წარმოდგენა არ აქვს. შეუძლებელია ჰქონდეს. რა ჰგონია, რომ 150 კაციან პარლამენტს შუაზე გაყოფს – ერთს დაარქმევს სენატს და მეორეს ეროვნულ კრებას?! ეს რომ აფრიკის გადაკარგულ ჯუნგლებში ხდებოდეს, გულიანად გადავიხარხარებდი, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ჩემს ქვეყანაში ხდება, სადაც ჩემმა შვილმა და შვილიშვილებმა უნდა იცხოვრონ.
– ასე ხომ ვერ გაგრძელდება დაუსრულებლად, ელჩები უნდა ჩაერთონ პროცესში უფრო აქტიურად?
– რასაკვირველია! უკვე დროა, ელჩებმა თეთრი ხელთათმანები მოიძრონ. დღითიდღე ორივე მხარე ჩიხში შედის. რა უნდა თქვა, როდესაც პარლამენტის ნომერ პირველმა ექსტრემისტმა კობახიძემ ელჩებთან შეხვედრამდე 5 წუთით ადრე განაცხადა, ოპოზიციას ქუჩას ვთავაზობთო. გამოდის, რომ მოლაპარაკების, დიპლომატიის აზრზე საერთოდ არ არის.
ღმერთმა ქნას, რომ ჩემი შიში გადაჭარბებული იყოს, მაგრამ მე მაინც ვშიშობ, რომ საქართველო არ დადგეს უალტერნატივო არჩევანის წინაშე.
– რას გულისხმობთ?
– როდესაც სტალინმა უმცირესი ბოროტება უწოდა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას. ღმერთმა დაგვიფაროს.
მთელი უბედურება ის არის, რომ პოლიტიკურ კრიზისში ვართ და პოლიტიკოსები აღარ არიან. პოლიტიკოსებს ვერ ვხედავ ვერც ოპოზიციაში და ვერც ხელისუფლებაში.
როდესაც შევარდნაძეს ბოლო დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, სად მიდიხართ, მან უპასუხა – სახლში! მას გაცნობიერებული ჰქონდა ყველაფერი და ეს პასუხი იყო პოლიტიკოსის პასუხი.
მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ ამ კითხვას ასეთი პასუხი გასცეს ბიძინა ივანიშვილმა. ის არ არის პოლიტიკოსი და ვერც გახდა. პოლიტიკოსი არ არის კობახიძე, რომელიც ოპოზიციას ქუჩას სთავაზობს მოლაპარაკების წინ. პოლიტიკურ აზროვნებას ვერ ვხედავ ვერც ერთ მხარეს და ეს ძალიან ცუდია პროცესებისთვის.
– ბატონო სოსო, იქნებ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია?
– არა, თუმცა არც უმაგისობაა. რასაკვირველია, წინასაარჩევნო კამპანიის ელემენტები სახეზეა, მით უფრო, არავინ იცის, დაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები. თუმცა, ხომ ხედავთ, “ქართულმა ოცნებამ” უკვე საერთოდ დაივიწყა დაპირებები.
100 ქარხნის აშენებას, პენსიების გაზრდას, ლარის კურსის გამყარებას უკვე აღარც ახსენებენ. გეგონება, ამაზე სხვა ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს. უკვე თვითონაც მიხვდნენ, რომ ყოველგვარი სოლიდურობის განცდა დაკარგეს.
შეიძლება, რომ ხელისუფლება ამ ყველაფრით, იმით, რომ რეალურად არ ეძებს კომპრომისებს, არ სთავაზობს ოპოზიციას გამოსავალს და პროცესები თვითდინებაზე მიუშვა, ცდილობს არსებული სოციალური რეალობის გადაფარვას, მაგრამ შიმშილობის გადაფარვა შეუძლებელია.