თამარ ჟვანია დაზღვევით სარგებლობდა, თუმცა, თანხას არ იხდიდა – კორუფციის კიდევ ერთი მაგალითი ცესკოდან

თამარ ჟვანია დაზღვევით სარგებლობდა, თუმცა, თანხას არ იხდიდა - კორუფციის კიდევ ერთი მაგალითი ცესკოდანთანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და შესაძლო კორუფციის კიდევ ერთი მაგალითი ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან.

Presa.ge-მ გაარკვია, რომ ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, სადაზღვევო კომპანია „არდის“ დაზღვევის სერვისით სარგებლობდა, თუმცა თანხას არ იხდიდა.

საქმე ისაა, რომ 2018 წელს, ცესკომ „არდისთან“ კონტრაქტი გააფორმა, რის სანაცვლოდან ჟვანიამ დაზღვევის სერვისით უფასოდ სარგებლობა მოითხოვა.

ეს ინფორმაცია „არდის“ ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა მოგვაწოდა, რომლის თქმით, თამარ ჟვანია და მისი ოჯახის წევრები დაზღვებით სრულიად უფასოდ სარგებლობდნენ – კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ.

მისი მონაცემებით, იგივე მდგომარეობაა ახლაც – „ბენეფიტის“ შემთხვევაში.

კერძოდ: „არდის“ შემდეგ, 2019 წელს, ცესკომ „ბენეფიტთან“ დადო ერთწლიანი კონტრაქტი და შესაბამისად, ყველა თანამშრომელი ამ კომპანიის დაზღვევით სარგებლობს. დაზღვევის თანხა მათ საკუთარი ხელფასიდან ეჭრებათ.

„გამონაკლისია თამარ ჟვანია. ის დაზღვევის მაქსიმალური სერვისით უფასოდ სარგებლობს, რადგან ამჯერად „ბენეფიტს“ გაუფორმა კონტრაქტი, ასე იყო 2018 წელსაც“ – გვითხრა სადაზღვევო კომპანია „არდის“ ყოფილმა თანამშრომელმა.

ეს კი, პირდაპირ მიუთითებს სავარაუდო „ატკატსა“ და კორუფციაზე, რადგან ჟვანია საჯარო მოხელეა და ცესკო ხალხის ფულით ფინანსდება.

საინტერესო ფაქტი: „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, ირაკლი ღარიბაშვილის ახლობელი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ნინო კობახიძეა.

აღსანიშნავია, რომ ამავე დროს, ჟვანია სარგებლობს უფასო სამსახურებრივი მანქანით, საწვავით და იღებს მაღალ ანაზღაურებასაც.

მაგალითად: ოფიციალური მონაცემებით, ცესკოს თავმჯდომარე ჟვანიამ 2018 წლის 11 თვეში 152 ათას 150 ლარი აიღო ხელფასისა და დანამატის სახით, 2017 წლის 12 თვეში 143 ათას 674 ლარი, ხოლო 2016 წლის განმავლობაში 197 ათას 307 ლარი.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ანაზღაურება ასეთი მასშტაბურია სიღარიბითა და მოშიმშილე ბავშვებით სავსე ქვეყანაში, ის კერძო კომპანიას მიღებული სერვისის სანაცვლოდ, რამდენიმე ათეულ ლარსაც კი არ უხდის.

მეტიც: ჟვანიას შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე ინფორმაციას ფლობენ სამართალდამცველებიც. მონაცემები აქვს აუდიტის სამსახურსაც.

თუმცა, იმის გამო, რომ ის ივანიშვილის რეჟიმს არჩევნების გაყალბებაში ეხმარება, ამ ეტაპზე ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს.

P.S: ცესკოს თავმჯდომარე ჟვანიასთან დაკავშირებას ჩვენ რამდენიმე დღეა ვცდლობთ.

თუმცა, პრემიებითა და დანამატებით განებივრებული ბიუროკრატი, რომელიც სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ აქტივისტად არის გადაქცეული, როგორც ჩანს, მედიის წარმომადგენლებს ემალება.

პრესა.ჯი