“აფხაზური მოსახლეობის 60-65% რუსეთისადმი კრიტიკულადაა განწყობილი”

“აფხაზური მოსახლეობის 60-65% რუსეთისადმი კრიტიკულადაა განწყობილი”გულიკო ბალაძე, ახალი თაობა
აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს “ახალ თაობასთან” დამოუკიდებელი ექსპერტი მამუკა გვაძაბია აფასებს.
მამუკა გვაძაბია:
– რაც ახლა აფხაზეთში ხდება, რუსეთის გეგმებში ჯდება მეტ-ნაკლებად. ყოველთვის არის ისეთი მომენტი, როდესაც ამ ქაოსის დამკვეთისთვის რაღაც გაგებით, შეიძლება, მოვლენები ისე არ წარიმართოს, როგორც მას აწყობს.
თბილისის არაადეკვატური პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს აფხაზეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში პროდასავლურად განწყობილმა ელემენტებმა თავი ვერ წამოყვეს.
აფხაზეთში პოლიტიკური კულტურა მაღალ დონეზე არ არის. იდეების ჭიდილი არ ხდება. კლანების დაპირისპირებაა. არის გუდაუთის, ოჩამჩირის კლანები.
დაპირისპირების მიზეზი ე.წ. არჩევნებიცაა, მაგრამ არა მარტო ეს თემაა უთანხმოების საგანი. აფხაზური საზოგადოების დიდ ნაწილს ანტიქართული დამოკიდებულება თვითმყოფადობის შენარჩუნების მოტივით უყალიბდებოდა. თუ გადავხედავთ საბჭოთა პერიოდის ბოლო პერიოდს, აფხაზებმა ძალიან სერიოზული პრივილეგიები მიიღეს შევარდნაძის წყალობით.
– 1978 წელს.
– 1978 წელს, როდესაც პიროვნებამ გუდაუთაში “დედა ენა” დაწვა, ადლეიბას უშუალო მითითებით დააპატიმრეს, შევარდნაძის უშუალო მითითებით კი გაათავისუფლეს.
აფხაზურ საზოგადოებაში თვითმყოფადობის შენარჩუნების ინსტინქტი არის. დანარჩენ ქართველურ საზოგადოებასთან შედარებით, დღევანდელი დე ფაქტო აფხაზეთის საზოგადოება გაცილებით არქაულია. ვერ ვიტყვი, რომ პრორუსული არ არის, მაგრამ გამოკვეთილად პრორუსულმა, სპეცსამსახურებში აღზრდილმა ხაჯიმბამ, ფაქტობრივად, მოსახლეობას თვალებში შეაფურთხა.
აფხაზური მოსახლეობის არჩევანი არ იყო ხაჯიმბა. მოსახლეობამ სხვა არჩევანი გააკეთა. ამით შეურაცხყოფილი საზოგადოება გამოხატავს პროტესტს. ამ სიტუაციაში თბილისი უნდა იყოს, კარგი გაგებით, ჩასაფრებულ სიტუაციაში. მოსახლეობაში არსებული უკმაყოფილების ეს მომენტი უნდა გამოიყენოს.
– რა თვალსაზრისით?
– იმ თვალსაზრისით, რომ შეურაცხყოფა კი არ უნდა მიაყენოს თვითმყოფადობისთვის მებრძოლ აფხაზურ საზოგადოებას, არამედ მასთან უნდა მოძებნოს კონტაქტები, ვინც უფრო მეტად იბრძვის თვითმყოფადობისთვის. მათ უნდა უთხრას, რომ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება 1992 წელს სახელმწიფო დანაშაული იყო ქართველებისა და აფხაზების წინააღმდეგ, რაც სახელმწიფო გადატრიალების შედეგი გახლდათ.
ამაზე უნდა მუშაობდეს აფხაზეთის ე.წ. ლეგიტიმური ხელისუფლება. თბილისში კი არ უნდა ჩამოჰყავდეს ქართველების გენოციდში შემჩნეული პიროვნება და მასთან კი არ უნდა ქეიფობდეს აფხაზეთის ე.წ. ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
– ვისთან იქეიფა?
– თბილისში ჩამოსული იყო ვაჟა ზარანდია, რომელიც ქართველების ეთნიკურ წმენდაშია შემჩნეული.
– ზარანდია რანაირი აფხაზია?
– აფხაზი არ არის. წარმოშობით გალის რაიონიდანაა, მაგრამ იქ იზრდებოდა და მათი პოლიტიკის გამტარებელია. ის თბილისში ჩამოვიდა. მასთან აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სუფრაზე იქეიფა. ეს არ არის პოლიტიკა, არც შემწყნარებლობა, ეს არის რეალობაზე თვალის დახუჭვა, თუნდაც გმირად დაღუპული ბიჭების სულში შეფურთხება.
– ვაჟა ზარანდია საქართველოს პროკურატურის მიერ მოძიებულ გენოციდის მასალებში მოხსენებული არის?
– კვალიფიციურ მასალებში ზარანდია ყველგან არის მოხსენიებული. ის პირველი პიროვნება იყო, რომელიც არძინბამ მაღალ თანამდებობაზე დანიშნა, როდესაც ქართველები ვერ შეთანხმდნენ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ქართველ კანდიდატზე. ეს პიროვნება აფხაზეთის 1992-93 წლების ტრაგიკულ მოვლენებში მთელი სიგრძე-სიგანით, მათ შორის, გალის რაიონში, ყველგან ფიგურირებს. დღეს ის თბილისში ჩამოდის, სუფრაზე ქეიფობს და უმაღლესი საბჭოს ე.წ. თავმჯდომარესთან ზის. სირცხვილია.
– მოვლენები, რომლებიც აფხაზეთში ვითარდება, ჯერ არ დასრულებულა. პროცესების როგორ განვითარებას ხედავთ?
– არა მგონია, რუსეთისთვის უმართავი სიტუაცია იყოს. თუ დასჭირდა, რუსეთი აფხაზეთში იარაღსაც გამოიყენებს, რომ სიტუაცია რუსულ ჩარჩოში, მისთვის სასურველ კალაპოტში მოაქციოს. ჯერჯერობით, აფხაზეთში რუსეთის საპირწონედ რეალურ ძალას ვერ ვხედავ, რათა ისე განვითარდეს მოვლენები, რუსეთი ვერ უმკლავდებოდეს, მაგრამ მათ შორის, შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან კარგი, კვალიფიციური მუშაობის შემთხვევაში, ეს შესაძლებელია.
არ ვტრაბახობ, მაგრამ მე უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს იმის თაობაზე, რა ხდება გალში, ოჩამჩირეში, გუდაუთაში, ვიდრე საქართველოს ნებისმიერი დონის სპეცსამსახურს. ასე არ უნდა იყოს. სპეცსამსახური უნდა მუშაობდეს.
აფხაზეთის მიმართულებით ავადსახსენებელი 9 წლის განმავლობაში 650 კაცი მუშაობდა და 20 კაცზე ჩამოიყვანეს. ისინიც არაფრის მაქნისები არიან.
– თქვენ თქვით, რომ რუსეთმა იარაღი შეიძლება გამოიყენოს და ძალისმიერი მეთოდით ჩაახშოს აფხაზების აჯანყება.
– იარაღზე აქცენტი უტრირებულად გავაკეთე. თუ სიტუაციას კალაპოტში მოაქცევ, არაფერი დაგჭირდება. ღმერთმა ქნას, ეს რუსეთმა ვერ გააკეთოს, მაგრამ ჯერჯერობით, საწინააღმდეგო პოზიციაზე მყარად მდგომ ძალას ვერ ვხედავ. თუ ვინმე ხედავს, ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე.
– რუსეთმა ძალისმიერი მეთოდებით აფხაზური საზოგადოების უკმაყოფილება რომ ჩაახშოს, ამით ყველაფერი დამთავრდება და აფხაზები მიყვებიან დინებას თუ უკმაყოფილებამ მომავალში შეიძლება კიდევ იჩინოს თავი?
– აუცილებლად. აფხაზეთში არსებული არქაული საზოგადოების უკმაყოფილება კიდევ რომ ამოტივტივდეს ზედაპირზე, გამორიცხული არ არის. კარგია, რომ საპროტესტო განწყობაა. აფხაზეთში, ფაქტობრივად, სულში ჩაფურთხებული ხალხის საპროტესტო განწყობილებაა. ერთმა მოიგო და თავზე დაასვეს მეორე.
რაც აიტანა ხალხმა ცხინვალის რეგიონში, არჩეული ე.წ. პრეზიდენტი მეორე დღეს უკან რომ დააბრუნეს, ისეთი რამ აფხაზურმა საზოგადოებამ არ აიტანა. ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა აფხაზეთის მოსახლეობისგან რადიკალურად განსხვავებული მენტალიტეტისაა. აფხაზები იბერიულ-კავკასიური მოდგმის არიან, ოსები კი სულ სხვა მოდგმის ხალხია.
– ამ იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხში ისეთი ნაწილი არის, რომელიც რუსეთს შეიძლება აუჯანყდეს?
– აფხაზური მოსახლეობის 60-65% რუსეთის მიმართ დღეს კრიტიკულადაა განწყობილი.
აფხაზებს ეგონათ, ქართველებისგან თუ გათავისუფლდებოდნენ, აშენდებოდნენ, ყველაფერი უმაღლესად იქნებოდა. ასე არ არის. სოხუმს არა უშავს. ოჩამჩირე მკვდარია. გალში საჩვენებლად რაღაცას აკეთებენ. გასულ წელს გალში სკოლადამთავრებული 170 ბავშვიდან 140 ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში წამოვიდა. ამის გამო გალის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გაცოფებული იყო. ჩვენ ასეთ განათლებას ვაძლევთ, ესენი კი ისევ თბილისში მიდიანო. ერს ისტორიული მეხსიერება აქვს, მათ შორის, გალის ქართველ მოსახლეობასაც.