ასლან ბჟანია – “ქართულ-აფხაზური დიალოგი უნდა იყოს, ორ სახელმწიფოს შორის უნდა მოხერხდეს კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება”

აფხაზეთში თითქმის ორი კვირაა არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციაა. აფხაზური  საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისა და ოპოზიციის საპროტესტო აქციების შედეგად, ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იძულებული გახდა გადამდგარიყო. უკვე დაინიშნა ახალი, ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მარტში გაიმართება, „საპრეზიდენტო“ მარათონში კი ოპოზიციამ საკუთარ კანდიდატად მაშინვე ასლან ბჟანია დაასახელა.

ქართულ-აფხაზური ურთიერთობების რა პერსპექტივებს ხედავს აფხაზური ოპოზიციის ლიდერი, რომელიც შესაძლოა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის „პრეზიდენტი“ გახდეს, რა ხედვები და იდეები აქვს გალში მცხოვრები დევნილების უფლებების დასაცავად და როგორ აფასებს თავად აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატს თბილისიდან ტელეფონით ექსკლუზიურად ესაუბრა…

– ბატონო ასლან, მინდა გთხოვოთ ინტერვიუს ჩაწერა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პერსპექტივაზე თქვენი ხედვების ჩვენი მკითხველისათვის გაზიარება..

– კი ბატონო, ოღონდ, ერთი პირობით – თქვენ დაწერთ მხოლოდ იმას, რასაც მე ვიტყვი და არაფერ სხვას…

– სოხუმში მე ბევრი აფხაზი პოლიტიკოსი კარგად მიცნობს და მათ იციან, რომ რესპოდენტების ნათქვამი არასდროს დამიმახინჯებია, ღმერთმა დამიფაროს ამგვარი საქციელისგან…

– კარგი, მაშინ დავიწყოთ საუბარი, მაგრამ მე მხოლოდ 6-7 წუთი მაქვს დრო. ფეხით მივდივარ იქამდე, სადაც სამედიცინო პროცედურები უნდა ჩავიტარო. ასე რომ, დავიწყოთ…

– დიდი მადლობა. სულ ცოტა ხნის წინ თქვენთან განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ სერგეი შამბამ ერთ-ერთ ქართულ ტელეარხს მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ აფხაზეთის ახალი ხელისუფლება შეეცდება დაიწყოს ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგი შუამავლების გარეშე.

მე თქვენთან მინდა დავაზუსტო – ეს მხოლოდ ბატონი სერგეი შამბას პოზიციაა, თუ თქვენი, როგორც შესაძლოა, აფხაზეთის მომავალი პრეზიდენტის?

– თქვენ დასვით კითხვა და მე შევეცდები მასზე გიპასუხოთ. დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მან დადებითი შედეგი მოგვცეს.

ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ იგი გავახმოვანო ნებისმიერ აუდიტორიაში – თუ საერთოდ, ჩემს აზრს ექნება რაიმე მნიშვნელობა.

ამიტომ ვამბობ, – არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული. მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა.

– თქვენი აზრით, ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგის დღის წესრიგი სავარაუდოდ როგორი შეიძლება იყოს?

– თუ შორეულ პერსპექტივაზეა საუბარი, ესაა ის, რომ ორ სახელმწიფოს შორის უნდა მოხერხდეს კეთილმეზობლური, თანასწორუფლებიანი და კეთილი ურთიერთობების დამყარება. ამგვარ პერსპექტივას მე ვხედავ და მეტიც, ვიცი, როგორ შეიძლება მისი რეალიზება. საჭიროა, ჩვენ ერთმანეთს კარგად მოვუსმინოთ. დაახლოებით ასე წარმომიდგენია და ვხედავ ჩვენს დიალოგს.

– თქვენ ყურადღება შორეულ პერსპექტივაზე გაამახვილეთ. რაც შეეხება უახლოეს პერსპექტივას, რა საკითხები შეიძლება იყოს დიალოგის დღის წესრიგში?

– ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები და დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეგვიწყობს ჩვენი პოზიციების დაახლოებაში. ამგვარი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკურ სფეროში.

ეკონომიკა ის სფეროა, რაშიც ჩვენ გვაქვს კავშირები. გვაქვს საქონლისა და პროდუქციის გაცვლა-გამოცვლის გამოცდილება, ასევე მომსახურების სფეროში ურთიერთობები.

ჩვენ უნდა ვნახოთ, რა შესაძლებლობები არსებობს იმისათვის, რომ თუნდაც კერძო კომპანიებს შორის გაფართოვდეს თანამშრომლობა. ვფიქრობ, რომ თუ ამის გაკეთება შევძელით, ეს შესაძლებელს გახდის ჩვენ ხალხებს შორის ნდობის აღდგენას. მე ასე მესახება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პერსპექტივა. ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ.

– რამდენადაც ვიცი, ახლა თბილისსა და სოხუმს შორის ყველაზე აქტუალური თემებია გალის რაიონში დაბრუნებულ დევნილთა მდგომარეობა. ცნობილია ისიც, რომ აფხაზეთის წინა ხელისუფლება, რბილად რომ ვთქვათ, მათ არც სამართლიანად და არც წესიერად არ ექცეოდა. ასევე აქტუალურია აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე დევნილთა დაბრუნების საკითხები. ამ ორ საკითხზე როგორია ხედვა და დამოკიდებულება?

– იმისთვის, რომ ამ საკითხებზე საფუძვლიანად ვისაუბრო, თან ისე, რომ ჩემი საუბარი და განცხადებები ზედაპირული არ ჩანდეს, მე ამ საკითხებში უფრო დეტალურად უნდა გავერკვე. თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით, ამ თემებზე ცოტა მოგვიანებით გვექნება საუბრის საშუალება. კარგი?

– კარგი. ამ თემებს ჩვენ შემდგომ შევეხებით… რადგან თქვენთან განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ პირველად გვიწევს საუბარი, ვერ ავცდებით თქვენთან სულ ცოტა ხნის წინ მომხდარზე მსჯელობას. მესმის, რომ ამ თემაზე უკვე ბევრი ითქვა, მაგრამ მაინც…

– საბოლოო ჯამში, მომიტინგეთა საპროტესტო აქციების შედეგად შესაძლებელი გახდა ზოგიერთი ისეთი ნორმატიული აქტის მიღება, რამაც შესაძლებელი გახადა პრეზიდენტ ხაჯინბას გადადგომა.

ძალადობას ადგილი არ ჰქონია, იყო ემოციები. ემოციები ყველა კავკასიელ ხალხს ახასიათებს, თქვენ ეს ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. ჩვენი ემოციებიც ხშირ შემთხვევაში პასიონარულია, ჩვენ მაგალითს ერთმანეთისგან ვიღებთ. მაგრამ, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც, შესაძლოა, ფეთქებადსაშიში სიტუაცია მშვიდობიან კალაპოტში მოაქციეს.

– ახლა ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მოსკოვი სოხუმისაგან ითხოვდა და ახლაც ითხოვს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ჰქონდეთ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლება. ასევე იმას, რომ სოხუმმა საშუალება მისცეს რუსულ კომპანიებს, დაიწყონ შავი ზღვის აფხაზეთის მონაკვეთის შელფზე ნავთობის მოპოვება. ვიცით, რომ ამ საკითხებს სოხუმის წინაშე მოსკოვი კარგა ხანია აყენებს, მაგრამ მოსკოვს აფხაზეთის არცერთი ხელისუფლებისგან დამაკმაყოფილებელი პასუხი არ აქვს მიღებული. ასევე ცნობილია, რომ ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში თუნდაც წინა ხელისუფლებებმა გარკვეული ნაბიჯებიც კი გადადგეს.

ამ საკითხებზე როგორია პირადად თქვენი დამოკიდებულება?

– რაც შეეხება შავი ზღვის აფხაზეთის მონაკვეთის შელფზე ნავთობის მოპოვებას, აუცილებელია ამ პროქტზე მუშაობის გაგრძელება. რამდენადაც ვიცი, საუბარია ნავთობის საძიებო-სადაზვერვო სამუშაობის დაწყებაზე. მოპოვებაზე საუბარი ჯერ არაა.

რაც შეეხება საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეებზე უძრავი ქონების შეძენის უფლებას, ჩემთვის საკითხის ასე დაყენებაში ყველაფერი გასაგები არაა. საუბარია აფხაზეთის მოქალაქეების ფუნდამენტალურ უფლებებზე. რამდენადაც ვიცი, საკუთრების უფლება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა. იგი ასახულია მათ შორის საქართველოს კონსტიტუციაშიც. ასე არააა?

ალბათ, საქართველოს საკუთრების მქონე მოქალაქეებს აქვთ მათ საკუთრებაში არსებული ქონების საკუთარი შეხედულებების შესაბამისად გაყიდვის უფლება. მაგრამ, აფხაზეთის სახელმწიფო ინსტიტუტები ჯერ სათანადოდ არ არიან გაძლიერებული, რომ ამის განხორციელება შეძლონ, ჩვენ პრობლემები გვაქვს სხვადასხვა სახის სამართლებრივ საკითხებში.

ჩვენი ამოცანაა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება. ჩვენ კარგად უნდა შევისწავლოთ ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა მინუსი თუ პლუსი და ისე მივიღოთ გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, კანონის ყველა მუხლის დაცვით, აუცილებლად უნდა იქნას აღსრულებული.

ვიმეორებ, მე ვაღიარებ მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლელებს კერძო საკუთრებასთან მიმართებაში.

– ამ ეტაპზე აქტუალურია გავრცელდება თუ არა მოქალაქეების საკუთრების უფლება გალის რაიონში მცხოვრებლებზე?

– რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ პასპორტები, ეს საკითხი ტექნიკურია. თუ ჩვენ ვსაუბრობთ გალის რაიონში იმ მცხოვრებლებზე, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, ეს უფრო რთული საკითხია. რაზეც მე ვისაუბრე, ის ეხება იმათ, ვისაც აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა.

– უკაცრავად, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, გალის რაიონში მცხოვრებლებს ჰქონდათ აფხაზეთის მოქალქეობა და მათ მოქალაქეობა და ამის დამადასტურებელი პასპორტები ჩამოართვეს…

– მე ვიცი ის, რომ ჩვენ ამ საკითხს უფრო დეტალურად შევისწავლით, ამ საკითხში აუცილებლად გავერკვევით და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებული იქნება მოქალაქეების უფლებების დაცვაზე. თქვენ შეგიძლიათ ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ.

– შეიძლება ეს საკითხი ეხებოდეს გალის რაიონში მცხოვრებთა უფლებას განათლება მიიღონ მშობლიურ ენაზე?

– არის პრობლემები, რომლებშიც დეტალურად არ ვარ გარკვეული. არ მინდა წინასწარ გავაკეთო ისეთი განცხადებები, რომელთა გამო შემდეგ იმავე განცხადებების ტყვეობაში აღმოვჩნდები. მომეცით საშუალება ამ საკითხებში უფრო დეტალურად გავერკვე. კარგი?

– რა თქმა უნდა…

– აი, მეც მივედი დანიშნულების ადგილამდე და უნდა დაგემშვიდობოთ…

იპნ

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი