კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე ინიშნება?!

კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე ინიშნება?!განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის მიმართულება უახლოეს მომავალში გამოეყოფა, რომელსაც სავარაუდოდ, პიანისტი ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს.

როგორც “2020NEWS“-თვის ხდება ცნობილი, “ქართული ოცნება“ აღნიშნულ თანამდებობაზე ბოლქვაძის კანდიდატურას ყველაზე აქტიურად განიხილავს.

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე “2020NEWS”-თან აცხადებს, რომ სხვადასხვა წყაროსგან, მათ შორის, “ქართული ოცნებისგანაც“ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია, სავარაუდოდ,  ელისო  ბოლქვაძეს მინისტრობისთვის ამზადებს.

“ჩემი ინფორმაციით, “ქართულ ოცნებაში“ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ყველაზე აქტიურად ელისო ბოლქვაძის კანდიდატურა განიხილება. ეს ინფორმაცია მხოლოდ “ქართული ოცნების“ პარტიიდან კი არა, სხვა წყაროებიდანაც მაქვს მიღებული. მხოლოდ ერთი პარტიის ინფორმაციებს არ ვენდობი ხოლმე“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

როგორც არეშიძე სააგენტოსთან აცხადებს,  კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ელისო ბოლქვაძე რადენად ეფექტური კადრი იქნება, მისთვის უცნობია.

“ელისო ბოლქვაძე ამ თანამდებობაზე რამდენად მოახერხებს მენეჯმენტის სწორად წარმართვას, არ ვიცი, რადგან ამ მხრივ მის შესაძლებლობებს არ ვიცნობ“, – განაცხადა არეშიძემ.

“2020NEWS“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ელისო ბოლქვაძესთან ცდილობს და მის კომენტარს, მოპოვების შემთხვევაში, საზოგადოებას მივაწოდებთ.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ქართულ ოცნებაში“ ელისო ბოლქვაძის კანდიდატურასთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის, ბადრი მაისურაძისა და  “ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა ოდიშარიას კანდიდატურებიც განიხილება.

2018 წლის ივნისში მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში, საქართველოში 14 სამინისტროს ნაცვლად 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი ჩამოყალიბდა, რის შედეგად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უწყებები შეუერთდა.

2020 წელს კი კულტურის მიმართულება განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს კვლავ გამოეყოფა, ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება და შეიქმნება სპორტის დეპარტამენტი.