ლევან ალაფიშვილი – ”ხაზარაძე, როგორც პოლიტიკოსი, „ოცნებამ“ შექმნა“

ლევან ალაფიშვილი - ”ხაზარაძე, როგორც პოლიტიკოსი, „ოცნებამ“ შექმნა“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

საქართველოს მთავრობამ გუშინ, 9 იანვარს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ბოლო პერიოდში წარმოებული კამპანიით ცხადი იყო, რომ ეს ასე მოხდებოდა და მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება და რა დანაკარგს მიიღებს საქართველო? _ ამ საკითხებთან დაკავშირებით „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში იურისტი ლევან ალაფიშვილი საუბრობს.

_ ანაკლიის კონსორციუმს საბოლოოდ გაუწყვიტეს ხელშეკრულება. რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის? და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი როგორც ეკონომიკური, ისე სტრატეგიული თვალსაზრისით დამუხრუჭდა?

_ სამწუხაროა, რომ ის მცირედი მოლოდინი და შანსი, რომ სახელმწიფოებრივი საკითხებისადმი უფრო სერიოზული მიდგომა იქნებოდა გამოვლენილი, სწორედ ახალ წელს, 2020 წელს იქნა წერტილდასმული ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ძალიან დიდი დრო დავკარგეთ და კვლავ ვკარგავთ ამ მასშტაბის პროექტის განსახორციელებლად ჩვენი სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით. ეს არის როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური პოლიტიკური უსაფრთხოების განსამტკიცებლად და ჩვენი ყოფის გასაუმჯობესებლად გაკეთებული პროექტი. ასევე ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენს მოძმე ადამიანებისთვის ხელახლა საერთო სახელმწიფოში ინტეგრაციისთვის. ამ პროექტის გაჩერება კი ამის დამუხრუჭებას ნიშნავს.

ანაკლია თავისი მნიშვნელობით არის დაახლოებით ისეთი პროექტი, რა შანსიც გვქონდა 90-იან წლებში და ის გამოყენებული იყო. შეიძლება მძიმე ფასი გადავიხადეთ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, განხორციელდა. მხედველობაში მაქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი.

ანაკლია კი მასშტაბით უფრო დიდი პროექტია და უფრო დიდი შანსია, რომელიც ჩვენნაირ სახელმწიფოებს ბევრი არ ეძლევათ ხოლმე. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ეს არის სახალხო პროექტი. შეგახსენებთ, მე ვიყავი ინიციატორი იმ განცხადებისა, რომელიც 1 წლის წინ მთავრობასა და პროექტში ჩართულ მხარეებს გაუგზავნა 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ და ექსპერტმა. სადაც აქცენტს სწორედ უსაფრთხოებაზე და სახალხო მნიშვნელობაზე ვაკეთებდით. სამწუხაროდ, მორიგ ჯერზე დავკარგეთ დრო.

პროექტის იდეა კომუნისტების დროს გაჩნდა. შემდეგ წინა ხელისუფლებამ სხვა სახელითა და მოდიფიკაციით დააპირა ამის გაკეთება, მაგრამ მთავარი პორტის მშენებლობა, ინფრასტრუქტურის შექმნა და ახალი ქალაქის მოწყობა იყო. 2012 წლის შემდეგ პროექტი გაჩერდა და საჯაროდ გაცხადდა, რომ არ არის სიცოცხლისუნარიანი. რამდენიმე წელი კიდევ დაიკარგა და პოლიტიკური მოტივაციით, რომ ვაიმე ვინმემ რამე არ მითხრას, სხვა სახელით და შეფუთვით ამ ხელისუფლებამ დაიწყო მისი განხორციელება, რაც შემდეგ თვითონვე გააფუჭა და გააუქმა კიდეც.

უახლოეს პერიოდში ეს პროექტი ვერ დაიწყება. უცხოური ინვესტიცია ვერ შემოვა. მხედველობაში მაქვს დასავლური გამჭვირვალე ბიზნესი, თორემ უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას რომ წარმოაჩენს ხოლმე ჩვენი მთავრობა, იქ დიდი ნაწილი უცხოური ინვესტიციებისა შეფუთულია და მოდის ოფშორული ზონებიდან და დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან დაკავშირებული ინვესტიციებია. მე ამ ნაწილზე არ ვსაუბრობ.

_ კიდევ ერთხელ ხომ არ გამოჩნდა ამ პროექტის შეჩერებით რუსეთისთვის გუნდრუკის კმევის პოლიტიკა?

_ ორი რამე უნდა გავითვალისწინოთ ამასთან დაკავშირებით. პირველი ის, რომ რუსეთი ინტენსიურად წარმართავს სამუშაოებს შავ ზღვაზე დომინანტური პოზიციის მოსაპოვებლად. როდესაც პოლიტიკოსი გარემოს არ ითვალისწინებს, რომელშიც ის ცხოვრობს და ყურადღებას არ აქცევს, რა ხდება მის ირგვლივ. შესაძლოა ამ პროექტის გასაჩერებლად მართლაც იყო რაიმე საფუძველი, მაგრამ როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, ეს არ არის სახელმწიფოებრივად სწორი. რუსეთის ტემპების გათვალისწინებით და ჩვენი რესურსების გათვალისწინებით ასე სწრაფად ფინანსების მობილიზებას ვერ შევძლებთ, ამიტომ მოგვიწევს ინვესტორების დაინტერესება.

მეეჭვება, რომ ახალი კონკურსი ჩატარდეს და ინსტიტუციურმა ინვესტორებმა, ამერიკელმა ან ევროპელმა საფონდო ბირჟებზე გასულმა ინვესტორებმა გამოხატონ ინტერესი და აქ განახორციელონ ინვესტიცია. მით უმეტეს, მათ მაგალითი ექნებათ, რომ მთავრობის მიერ გამოცხადებული კონკურის ჩავარდა და პოლიტიკური შემადგენელი ძალიან დიდი იყო. გავიხსენოთ ბოლო წელიწადნახევარი და გავიხსენოთ პომპეოს განცხადებები.

კონსორციუმი ასე არ დაამთავრებს ამ ყველაფერს. ბუნებრივია, დავა წარიმართება და ამ ყველაფერს ერთად თუ დავალაგებთ, ალბათ ძნელი არ უნდა იყოს იმ სკეპტიკური მოსაზრების გამოთქმა, რომ ძალიან საეჭვოა  პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დასავლური ბაზრებიდან.

ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ჩინურ, რუსულ კონგლომერატზე და რაღაც ოფშორული ზონებიდან შემოსულ ინვესტიციებს.

_ შემთხვევითია დროში დამთხვევა იმასთან, როდესაც ამერიკას გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი? მხედველობაში მაქვს ირანთან კონფლიქტი.

_ შეიძლება ვინმე მართლაც ასე ფიქრობს, მაგრამ მე მგონია, რომ ძალიან ცდება მას, ვისაც ირან-ამერიკის კონფლიქტის კონტექსტში ის დასკვნა გამოაქვს, რომ ამერიკას არ სცალია საქართველოსთვის. პირიქით, ამ ყველაფერმა წარმოაჩინა, რომ ამერიკა რეგიონით არის დაინტერესებული. არა ომით, არამედ დემოკრატიის მხარდაჭერით და გაძლიერებით. მისი ინვესტიციებისა და ინტერესების გაძლიერებით.

ამერიკა როდესაც აცხადებს თავის ინტერესებს, ის თანმიმდევრულია და იცავს კიდეც ამ ყველაფერს. შესაბამისად, პომპეოს განცხადება და ბოლოს ამერიკის განაცხადი, რომ რეგიონში სტაბილურობითა და დემოკრატიის გაძლიერებით არის დაინტერესებული და ინტენსიურად წარმართავს თავის შემდგომ ქმედებებს,  იმის ილუსტრაციაა ჩემთვის, რომ ამერიკა ამ პროექტთან დაკავშირებით უარს არ იტყვის თავის სტრატეგიულ ინტერესებზე.

_ „ოცნება“ თავისი ქმედებებით ორი კურდღლის დაჭერას ხომ არ ცდილობს? მხედველობაში მაქვს ერთი მხრივ ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებული საკითხები, მეორეს მხრივ სასამართლო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, რომელიც ყოველ 2-3 დღეში ერთხელ უნდა გაიმართოს. პოლიტიკური მოწინააღმდეგის განეიტრალების მცდელობაა?

_ თუკი ვინმემ შექმნა მამუკა ხაზარაძე, ან ბადრი ჯაფარიძე, როგორც პოლიტიკოსი, ეს პირველ რიგში თვითონ ხელისუფლებაა. ქართული პოლიტიკური ველი კრიზისშია. ახალი სახეები რეალურად არ იყო და ერთი მხრივ იყო ხელისუფლება თავისი უკვე დაგროვილი ნეგატივით, ხოლო მეორე მხრივ ყოფილი ხელისუფლება და დანარჩენი ოპოზიცია პოლიტიკური კრიზისით, სადაც არ არიან ახალი სახეები. რაც მთავარია ე. წ. ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი. ამ ფონზე და ჩვენი 25 წლიანი პოლიტიკური კულტურის განვითარების კვალობაზე საზოგადოებაში მოლოდინი იყო ძლიერი და წარმატებული პირებისა, რომელიც შემოვიდოდა პოლიტიკაში და გახდებოდა პროცესების წარმმართველი. ამ მოცემულობაში თუ ვინმემ ხელი შეუწყო სწორედ ძლიერის და წარმატებულის შემოსვლას, ეს არის მამუკა ხაზარაძე.

კომპანია, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა გასული, უკვე წარმატებაა. განსხვავებით მილიარდერებისგან, რომელთა საჯარო ვაჭრობაზე დაშვებული კომპანიების შესახებ არც გვსმენია. შესაბამისად, ამ ტიპის ადამიანები რომ პოლიტიკაში შემოგეყვანა და შენ ოპონენტებად გექცია, ძალიან უნდა მოგეხერხებინა და ხელისუფლებამ ეს „მოახერხა“.

ანაკლიის თემით რომ დაზიანებულიყო ხაზარაძე, ჯაფარიძე თუ კონსორციუმი, ეს გათვლა სწორი არ მგონია. ანაკლიის პროექტის ჩაგდებით სახელმწიფომ იზარალა. კვლავ ვიმეორებ, არ ვარ დარწმუნებულ,ი ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდება თუ არა ვინმე, ვინც ამ პროექტით დაინტერესდება, მით უმეტეს, რომ მთავრობა რამდენიმე თვეში აღარ იქნება – გახარიას მთავრობა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ.

შესაბამისად, ხაზარაძის და მისი გუნდის პოლიტიკაში შემოსვლა განაპირობა ზუსტად აი ამ ფაქტორებმა.