ნიკოლოზ მჟავანაძე – “ირანთან უვიზო მიმოსვლა უნდა გაუქმდეს”

ნიკოლოზ მჟავანაძე - “ირანთან უვიზო მიმოსვლა უნდა გაუქმდეს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ირანში განვითარებული მოვლენების საქართველოზე ზეგავლენის შესახებ და აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე “ახალ თაობასთან” უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საუბრობს.
– ბატონო ნიკოლოზ, ბოლო პერიოდში ირანში განვითარებული პროცესების შემდეგ თქვენ აქტიურად თხოვდით ხელისუფლებას, რომ ირანთან უვიზო მიმოსვლის საკითხისთვის გადაეხედა. რატომ, სერიოზულ საფრთხეს ხედავთ?
– ჩემთვის გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჩვენ ვართ ამერიკის მოკავშირეები და ირანთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს. ტრამპი ითხოვს ახალ სანქციებს ირანთან მიმართებაში. სახელმწიფოები უკვე ღიად ერევიან ირანის შიდა საქმეებში, რომ როგორმე მოიცილონ ირანის ხელისუფლება.
ჩვენ ირანის მოსახლეობასთან არანაირი კონფროტაცია არ გვაქვს, მაგრამ როდესაც თვითონ ხელისუფლება არის ტერორისტული, თვითმფრინავებს აგდებს და მასთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს და ამდენი ირანელი შემოდის, ხომ შეიძლება, რომ ვინმეს ტერორისტული აქტის მოწყობა დაავალოს?!
– ანუ ჩვენთვის ხიფათის შემცველია ღია საზღვარი?
– რა თქმა უნდა. ირანს თვითონ ამერიკელები უწესებენ სანქციებს. ამერიკა ჩვენი მოკავშირეა და მასთან არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა და შეზღუდვებია დაწესებული და ირანი არც ისეთი დიდი სტატეგიული პარტნიორია ჩვენი, რომ უვიზო მიმოსვლა გვქონდეს. თანაც მათ სულიერ ლიდერსაც თუ გავიხსენებთ, რომელმაც ახლახან გააკეთა განცხადება და საქართველო ირანის ძირძველ ტერიტორიად მოიხსენია, ეს ყველაფერი იმას მეტყველებს, რომ მათ შორსმიმავალი გეგმები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში.
– არ დაგვაზარალებს უვიზო მიმოსვლის გაუქმება?
– ძალიან მაინტერესებს, რა სარგებელს ნახულობს ჩვენი ხელისუფლება ირანთან და აფრიკულ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლით, სადაც ხალხი მშიერი კვდება?! ამ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა უნდა შეწყდეს. ჩამოდის ეს ხალხი, დანაშაულებებს ჩადის, ზოგი ნარკოტიკებშია ჩართული, პროსტიტუციას ეწევა. არაერთი ნარკოტიკული საქმე გაიხსნა, სადაც ირანელები ფიგურირებენ და პროსტიტუციაშიც არიან ჩაბმული.
– იმის თქმა გინდათ, რომ თავის ტკივილის მეტი არაფერი მოაქვთ ჩვენი ქვეყნისთვის?
– დიახ, ასეა. თანაც ინვესტიცია შემოიტანეს თუ რა არის?! ერთადერთი მაგათი ინვესტიცია არის პლეხანოვზე ჩილიმბარები და ბორდელები! ამიტომ უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება ამ საკითხზე. მე, ცოტა არ იყოს, ისიც მაკვირვებს, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს ამერიკელებს უჯერებს და ეს ამერიკელები ნუთუ არ ეუბნებიან, ეს უვიზო მიმოსვლა გააუქმეთო. ამ საკითხში ცოტა ეჭვი შემაქვს.
– რა იწვევს თქვენში ეჭვს და კითხვის ნიშნებს?
– ის, რომ ვინაიდან ჩვენი ხელისუფლება ყველა სურვილს ასრულებს ამერიკელებისას, მათ გარეშე არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებს და როგორც ჩანს, ამერიკელები არ თხოვენ, რომ ირანთან უვიზო მიმოსვლა გააუქმონ, თორემ ამას უსიტყვოდ შეასრულებდნენ.
ეჭვსაც სწორედ ეს იწვევს, რატომ არ მოსთხოვა ამერიკამ უვიზო მიმოსვლის გაუქმება?! როგორც ჩანს, ამერიკლებს უნდათ, რომ დერეფანი იყოს ჩვენი ქვეყნის სახით, რომ აქ შემოვიდნენ ირანელები. ჩვენი, ნაციონალური ინტერესია, რომ უვიზო მიმოსვლა არ იყოს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე არ არის დამოკიდებული.
გაივსო ეს ქვეყანა ირანელებით. ათიათასობით ბინები აქვთ აქ ნაყიდი. სპორტის სასახლეს და ფილარმონიას ისე ავსებენ, რომ ნემსი არ ჩავარდება. კი ბატონო, როგორც ტურისტები, შემოვიდნენ, მაგრამ პრობლემებს რომ გვიქმნიან?! ყველა მხრივ რთულია ვითარება.
ახლა რაც აფხაზეთის მიმართულებით ხდება, ამ საკითხსაც მინდა შევეხო. ჩვენმა ხელისუფლებამ აქტიურად უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით.
– ექსპერტების შეფასებით, აფხაზეთში რუსეთის სასიკეთო პროცესები არ მიმდინარეობს, მაგრამ არც ჩვენთვის არის რაიმე იმედის მომცემი. თქვენ რას იტყვით?
– ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოგვეცა აფხაზეთის დაბრუნების შანსი. 1997 წელს არძინბა პატარა ბავშვივით შესციცინებდა თვალებში ედუარდ შევარდნაძეს. ოღონდ ფედერაციაზე წავსულიყავით და ყველაფერზე იყვნენ თანახმა. თუმცა შევარდნაძემ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ფედერაციულ მოწყობაზე გადავსულიყავით. ჩვენ კი არა, აგერ თურქეთი გადადის ფედერაციულ მოწყობაზე.
სწორი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. 1997 წელს ხელიდან გავუშვით ეს შანსი, მერე ანქვაბის პრეზიდენტობის დროსაც შეგვეძლო სიტუაციის შემობრუნება. აფხაზი მოსახლეობის დამოკიდებულება ქართველებთან მიმართებაში რადიკალურად შეცვლილია დადებითისკენ.
აფხაზი მოსახლეობის 50%, რომელსაც ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები აქვს, საქართველოში მკურნალობს. ქიშმარიამ, რომელიც მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც ქართველების სისხლში ჰქონდა ხელი გასვრილი, საქართველოში იმკურნალა. აფხაზური ელიტა მკურნალობს საქართველოში!
– ანუ არის რაღაცა მარცვალი, რომელიც შეიძლება გაღვივდეს?
– რა თქმა უნდა, არის და ამას სწორი მიდგომები სჭირდება. დრო ყველაფრის მკურნალიაო, ტყუილად კი არ არის ნათქვამი. ჩვენ ასე პირდაპირ და ხისტად ვერ ჩავერევით ამ პროცესებში, თუმცა რაღაც მოქმედებების დაწყება და სწორი სვლების გაკეთება ფარულად ნამდვილად არის შესაძლებელი.
ღიად ამის გაკეთება არ შეიძლება. არც სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო სწორი, ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესებსო. რომ აკვირდება, რამე ზომებს მიიღებს, შეცვლის ვითარებას თუ რა?! ესეთი განცხადებები არასწორია.
ამ ეტაპზე ყველაფერი უნდა გაკეთდეს ფარულად. კონტაქტებიც ფარულად უნდა დავიწყოთ, ჯერ პოზიციები უნდა გავამყაროთ, რომ რაღაც ტიპის კონტაქტები აღდგეს. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიწიოთ წინ. ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს აფხაზებთან მიმართებაშიც, ლაზებთან მიმართებაშიც. აფხაზები მარტო კლიპებში და საახალწლო მილოცვებში არ უნდა გვახსოვდეს.
– ბატონო ნიკოლოზ, შიდა პროცესებზე რას იტყვით? საკადრო ცვლილებებზეც მიდის საუბარი. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– არა მგონია, ცვლილება მოხდეს. გახარიას როდესაც ნიშნავდა პრემიერ-მინისტრად “ოცნება”, მაშინაც რადიკალური დაპირისპირება იყო მის მიმართ. დღეს კი გახარია ყველაზე ძლიერი ფიგურაა “ქართულ ოცნებაში” და მე არა მგონია, რომ ის მოხსნან და სხვა დანიშნონ. ასე რომ ნდომებოდათ, თავიდანვე არ დანიშნავდნენ პრემიერად გახარიას, როცა ამხელა წინააღმდეგობა იყო.
ოპოზიციას და მის აქციებს რაც შეეხება, მისი სერიოზული პრობლემა ის არის, რომ ხალხი ვერ გამოჰყავს ქუჩაში და “ქართული ოცნება” მაგიტომ არის მშვიდად. მთავარ არხზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას ვუსმენდი და ძალიან არ მომეწონა მისი განცხადებები ქართულ ეკლესიასთან მიმართებაში.
– კერძოდ რა არ მოგეწონათ?
– მან ფაქტიურად თქვა, მოვბრუნდებით ხელისუფლებაში, ქართულ ეკლესიას დაფინანსებას შევუმცირებთო. ისიც თქვა, მე არ მინდა პრეზიდენტობა, მაგრამ ჩვენი გუნდი რომ მოვა, ბევრი არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოუწევთო და მათ შორის დაფინანსებებისო.
ის პროცესები, რაც ახლა ეკლესიის გარშემო მიმდინარეობს, იგივე მამალაძის და საპატრიარქოს თემები, ჩვენი დედაეკლესიის დანგრევისკენ არის მიმართული. თუ რამე სათქმელი აქვს ამ მამალაძეს, ბოლოს და ბოლოს გამოვიდეს და თქვას! ის ძალა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად, ეკლესიის წინააღმდეგ გაილაშქრებს, ვერ მიაღწევს წარმატებას.
– პრობლემები რომ არის ეკლესიაში, ეს ხომ ცხადია?
– კი ბატონო, პრობლემები ნამდვილად არის, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. რესპუბლიკურ პარტიას სწორედ იმიტომ აქვს ნოლი პროცენტი, რომ დღე და ღამ ეკლესიას ებრძვის და ყველაფერ ეროვნულს ებრძვიას.
ნაცმოძრაობა თუ თვლის, რომ ეკლესიის დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემებია და ეკლესიის წინააღმდეგ გაილაშქრებს, ეს მისთვისვე იქნება ცუდი. მე მიჩნდება ეჭვი, რომ ნაცმოძრაობა და მისი ლიდერი იმისთვის კი არ იბრძვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, პირიქით, საკუთარი განცხადებებით ამ ხელისუფლების გამყარებას ცდილობს. აბა სხვანაირად ამდენ სისულელეს არ იტყოდნენ. ჯერ ხელისუფლებაში არ მოსულხარ და ამდენი მუქარა, დაფინანსებას შევწყვეტთ, ამას ვიზამთ იმას ვიზამთ. ეს ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
– ოპოზიცია გაიმარჯვებს ამ არჩევნებში?
– ოქტომბრამდე იმდენი რამე მოხდება ამ ქვეყანაში, რომ პროგნეზები ადრეა. ბევრი ახალი პოლიტიკური ძალაც გამოჩნდება და შეიქმნება. მათ შორის ამ ხელისუფლების წიაღიდან წამოვა ახალი ძალა, რადგან თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ ძალიან გაუჭირდებათ ხელისუფლებაში დარჩენა.
2020 წლის პარლამენტი იქნება ძალიან ჭრელი. ზუსტად ისეთი, როგორიც იყო შევარდნაძის პარლამენტი, ბორჯომის ბოთლებს რომ ესროდნენ ერთმანეთს, დაახლოებით ეგეთი სიტუაცია იქნება ახალ პარლამენტში.
სრული აჯაფსანდალი იქნება. უმრავლესობა არავის ექნება, მათ შორის არც “ქართულ ოცნებას” – იქნება კოალიციური მთავრობა.
ეს კი სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს მოიტანს.