პროკურორი გამყრელიძე – “ბიძინა ჩაჩხიანს განზრახ მკვლელობის ბრალდება მოეხსნა”

პროკურორი გამყრელიძე - "ბიძინა ჩაჩხიანს განზრახ მკვლელობის ბრალდება მოეხსნა"„ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა და ტარება არის დასჯადი და არა გლუვლულიანი თოფის – ბრალდებულს შეგვიძლია ვკითხოთ, თუ როგორ მოახერხა მცირე დროში, სანადირო თოფიდან გაესროლა დაახლოებით 15-ჯერ“, – ამის შესახებ კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბიძინა ჩაჩხიანის საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ განაცხადა.

მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ დაკავებულს ბრალი წარედგინა არა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით, არამედ, სხვა მუხლებით და განმარტა, თუ რატომ მოიხსნა იარაღის ნაწილი.

„გამოძიება დაიწყო სსკ-ის 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტის და 236-ე მესამე და მეოთხე ნაწილებით, თუმცა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოიკვეთა სხვა დანაშაულის შემადგენლობა, შესაბამისად, მოხდა შესაბამისი კვალიფიკაციით ბრალის წარდგინება. სისხლის სამართლებრივი კოდექსით დასჯადია ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა და ტარება.

ბრალდებულის იარაღი, რომელმაც განახორციელა დანაშაული, წარმოადგენს სანადირო გლუვლულიან თოფს, რომელიც რეგისტრირებულია მის სახელზე, შესაბამისად, სისხლის სამართლებრივად აღნიშნული იარაღის შეძენა-შენახვა და ტარება, არ არის დასჯადი. ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა და ტარება არის დასჯადი და არა გლუვლულიანი თოფის. ხოლო ის, თუ როგორ მოახერხა მცირე დროში სანადირო თოფიდან გაესროლა დაახლოებით 15-ჯერ, თავად ბრალდებულს შეგვიძლია ვკითხოთ. რაც შეეხება ვაზნებს, ეს არ მიეკუთვნებოდა საბრძოლო მასალათა კატეგორიას, არის გლუვლულიანი სანადირო თოფისთვის განკუთვნული ვაზნები, რომელიც მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, უნდა იყოს თუ არა იარაღი დაშლილ მდგომარეობაში, ეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების საგანია და სცდება სისხლის სამართლის სფეროს.

მანვე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა შუამდგომლობა ექნება ბრალდების მხარეს და გააკეთა განმარტება წარდგენილი ბრალდების შესახებ.

„სახელმწიფო ბრალდებას დღევანდელ სასამართლო პროცესზე ექნება შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებაზე. წარდგენილი ბრალდება, ამ შემთხვევაში ბრალდების რაობა ითვალისწინებს სსკ-ის 117-ე მუხლის მესამე, მეხუთე და მეშვიდე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას და ასევე, საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულ ბ.ჩ.-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას დამამძიმებელ გარემოებებში და ასევე ედავება ხულიგნობას“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

აღნიშნული ბრალდება 9-დან 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურორმა ასევე უპასუხა კითხვას, თუ რატომ ვერ მოხდა საბრძოლო იარაღისა და სანადირო თოფის გარჩევა პირველადი დათვალიერებისას.

„ჩვენ არ ვართ ექსპერტები, ექსპერტი არის სპეციალური ცოდნის და გამოცდილების პირი, რომელიც ატარებს ექსპერტიზას, და რა თქმა უნდა, ჩვენ აღნიშნულ სპეციალურ ცოდნას მოკლებულნი ვართ. შესაბამისად, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული იარაღი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. საგამოძიებო ორგანო გამოძიებას აწარმოებს და ვალდებულია, გამოძიება დაიწყოს იმ ინფორმაციის საფუძველზე, რა ინფორმაციაც არსებობს პირველადი სახით. შემოსული იყო შეტყობინება, რომელზეც სავალდებულო იყო რეაგირება და ის, რომ დაწყებულიყო გამოძიება“ , – განაცხადა ლაშა გამყრელიძემ.

იპნ