”ქმარს ყოფილ ქმართან ვუღალატე”

”ქმარს ყოფილ ქმართან ვუღალატე”არავინ თქვას, მე ეს არ დამემართება, ძალიან კარგი ვარო. არავინ იცის, რა მომენტში როგორ მოიქცევი. საკუთარ თავზე ძალიან კარგი წარმოდგენა მქონდა. მეგონა, რომ ჩემზე არანაირი ცდუნება არ იმოქმედებდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი. ისეთი სისუსტე გამოვიჩინე, რომელსაც საკუთარ თავს ვერ ვპატიობ. შეიძლება ყველა გაოცდეთ, მაგრამ ასე დამემართა – ქმარს ყოფილ ქმართან ვუღალატე.

23 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი. ჩემი ქმარი 21 წლის იყო. არც პატარები ვიყავით, მაგრამ არც ისეთი დიდები იმისთვის, რომ ოჯახურ სირთულეებს გავმკლავებოდით. მინდოდა, ჩემი მეუღლე დინჯი, გაწონასწორებული, საქმიანი, ინტელექტუალი ყოფილიყო. მე კი გვერდით მყავდა ცანცარა, ძალიან მხიარული, უსაქმური ბიჭი, რომელიც სულ მეგობრებზე, გართობაზე ფიქრობდა.

შვილი რომ გაგვიჩნდა, ქმარს მეტი მოთხოვნა წავუყენე. მინდოდა, ჩემ გვერდით იდეალური მამაკაცი ყოფილიყო. ჩემი “პრეტენზიები” არც ქმარს მოსწონდა, არც მისი ოჯახის წევრებს. ისე არ გამიგოთ, რომ კონფლიქტებისკენ ყველას მე ვუბიძგებდი, პირიქით, ყოველთვის ვცდილობდი, ურთიერთობებში ბალანსის, სიმშვიდის დაცვას, მაგრამ ეს ბოლომდე ვერ შევძელი. ჩემთან ყველამ ომი წამოიწყო, რაც ოჯახის დანგრევით დასრულდა.

ქმარს რამეს თუ ვთხოვდი, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა, ოჯახი უკეთესი ყოფილიყო. არ მინდოდა, მამამთილისთვის ან დედამთილისთვის მეთხოვა ფული, მსურდა, ჩემს ქმარსაც ეზრუნა, რომ ცოლს და შვილს რაღაცები ჰქონოდათ.

დედამთილი ძალიან დამიპირისპირდა. ისიც კი იკადრა, ეთქვა, შვილი იმიტომ გაუჩინე, რომ ქმარი შენს საწოლთან დაგებაო. ცოლ-ქმარს ერთმანეთთან ლაპარაკს არ გვაცლიდა. საძინებელ ოთახშიც გვივარდებოდა, თუ ჩვენს ხმამაღალ საუბარს ყურს მოჰკრავდა. შვილზე ისე იყო გადაფარებული, თითქოს მტრისგან იცავდა.

ჩემს ქმარს ოჯახისგან ჰქონდა მხარდაჭერა, ამიტომ ისე იქცეოდა, როგორც სურდა. ჩემ მიმართ არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობდა. ბოლოს იმ დონემდე დაეშვა, რომ საყვარელი გაიჩინა. თქვენ წარმოიდგინეთ, ვაპატიე. არ მინდოდა, ოჯახი დამენგრია, ამიტომ მოვითმინე, მაგრამ ამით არ შეჩერდა. ერთი ქალისგან მეორესთან გადადიოდა, მერე მესამესთან. მის დაღვინებას საშველი არ დაადგა.

ერთ საღამოს მთვრალი მოვიდა სახლში და ჩემ თვალწინ ვიღაც ქალს დაუწყო ტელეფონით ლაპარაკი. ძალიან ვიჩხუბეთ და შვილთან ერთად სახლიდან წამოვედი. მაშინ 31 წლის ვიყავი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემთვის ყველაფერი დასრულებული იყო.

ძალიან დიდხანს ვიშუშებდი იმ ტრავმებს, რომლებიც ქმრის ოჯახის წევრებმა მომაყენეს. დები და სიძეები დამიდგნენ გვერდით, რომ ცხოვრება თავიდან დამეწყო. მუშაობა დავიწყე და შვილის გაზრდაზე გადავერთე. მერე კი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა მამაკაცი, რომელიც შემიყვარდა და მისი ცოლი გავხდი.

ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ცოლი ვარ, უფრო სწორად, ვიყავი. მეუღლეს უდიდეს პატივს ვცემ. ორი საერთო შვილი გვყავს და ის ბავშვებისთვის საუკეთესო მამაა. სულ ვამბობ, ღმერთმა გადმომხედა, ეს ადამიანი რომ შემხვდა-მეთქი.

ცოლქმრულ ურთიერთობაში ყველაზე დიდ მნიშვნელობას ერთგულებას ვანიჭებ, რადგან კარგად ვიცი მისი ფასი და ის ტკივილიც ვიცი, რასაც ადამიანი ღალატის შემდეგ გრძნობს. ამიტომაც აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ჩემი საყვარელი ადამიანისთვის მეღალატა. ეს რომ ჩემთვის ვინმეს ეთქვა, ასეთი რამ დაგემართებაო, ძალიან გამეცინებოდა, მაგრამ მართლა ასე მოვიქეცი.

ყოფილ ქმართან გვიან, მაგრამ მაინც აღვადგინე ურთიერთობა. შვილმა თავიდან დაგვაახლოვა. ბავშვი მთხოვდა, რომ მამა ხშირად ენახა. მეც უარს ვერ ვეუბნებოდი. შემდეგ ჩემმა ქმარმა ითამაშა დიდი როლი, რომ მამა-შვილი უფრო დაახლოებოდნენ ერთმანეთს. მეუბნებოდა, წარსული დაივიწყე, უკვე მე ვარ შენ გვერდით, ყოფილ ქმარს ყურადღებას ნუ აქცევო. მეც მოვდუნდი, რაღაცები ამოვშალე მეხსიერებიდან და შვილის მამასთან ურთიერთობა ავაწყვე.

ისიც უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად სხვა ადამიანია, რომელსაც იმ ბიჭთან, რომელსაც ვიცნობდი, საერთო არაფერი აქვს. ცოლიც ჰყავს და შვილიც და ყველას თან ჰყვება. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ის თუ ასეთი მზრუნველი იქნებოდა.

ამ ზაფხულს ჩემი უფროსი შვილი მეგობრების აგარაკზე ისვენებდა დასავლეთ საქართველოში. იქ ავად გახდა და კლინიკაში დააწვინეს. სანამ მე დამირეკავდა, მამას შეატყობინა, რომ ცუდად იყო. ის მაშინვე შვილთან გაიქცა. მერე მეც გავვარდი, ბავშვის ამბავი რომ გავიგე. მოკლედ, უცხო ქალაქში შევხვდით შეშინებულები და დათრგუნულები. იქ ისე იზრუნა ჩემზე, ისეთი რაღაც მოხდა ჩემში, რომელსაც ახსნას დღემდე ვერ ვუძებნი. გრძნობებმა გვძლია და მეუღლეებს ვუღალატეთ.

მას შემდეგ მსგავსი რამ აღარ განმეორებულა. ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა და იქვე დასრულდა. სიკვდილს ვამჯობინებ, ვიდრე იმას, რომ სისუსტე ისევ გამოვიჩინო, მაგრამ სულ მასზე ვფიქრობ. არც ის მასვენებს, რომ ქმარს ვუღალატე და არც ის გრძნობა, რომელიც ყოფილი ქმრის მიმართ ხელახლა გამიჩნდა.

მინდა, ფსიქოლოგთან ვიარო, მაგრამ ხომ იცით, თბილისში ყველა ვიღაცის ნაცნობია და შეიძლება ისეთ ადამიანს გადავუშალო გული, რომელიც ჩემი ქმრის ან მასთან დაახლოებული პირის ახლობელი აღმოჩნდება. მეუღლე მიყვარს, მაგრამ ამ გაურკვეველ გრძნობას ვერაფერს ვუხერხებ. არ მინდა, ჩემი ცხოვრება შეიცვალოს. მსურს, ისევ ბედნიერი ვიყო ჩემს ქმართან, მაგრამ ვერ ვახერხებ, საკუთარ თავს ვერაფერს ვშველი.

სარკის ერთგული მკითხველი