“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ მარიკა გოცირიძის შვილი საშინელი დაავადებისგან გადაარჩინეს

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ მარიკა გოცირიძის შვილი საშინელი დაავადებისგან გადაარჩინესრუსთავი 2″-ის ჟურნალისტი, “დილის კურიერის” წამყვანი, მარიკა გოცირიძე, სამი ბიჭის დედაა. მისი ქმარი ბიზნესმენი გიორგი ჩქარეული გახლავთ, რომელიც პრესასთან არ ჩნდება და ცოლსაც ურჩევს, მასზე საუბრისგან თავი შეიკავოს.

მათი უფროსი ბიჭი, ილიკო, უკვე 10 წლისაა, ტყუპი ბიჭები, დადუ და დემეტრე – 4 წლის. სხვათა შორის, ტყუპები დედაზე პოპულარულები არიან, რადგან ისინი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ნინა და დათო გოცირიძეების შვილების როლებს თამაშობდნენ. 2 კვირის იყვნენ, როცა ეკრანზე გამოჩნდნენ. სამი სეზონის განმავლობაში ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე “ცხადდებოდნენ” გადასაღებ მოედანზე და გასამრჯელოდ საკმაოდ მაღალ ჰონორარსაც იღებდნენ.

მარიკამ “სარკესთან” თავის პროფესიულ არჩევანზე ისაუბრა, თუ რატომ დარჩა “რუსთავი 2”-ში და თავისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდიც გაიხსენა.

მარიკა გოცირიძე:

– “რუსთავი 2”-ში მუშაობა 10 წლის წინ დავიწყე. მანამდე იყო რადიოარხები “უცნობი” და “მაესტრო”. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ, ამიტომ თავიდან რადიოში მუშაობას გართობად აღვიქვამდი, შემდეგ კი ჟურნალისტის პროფესიით მოვიწამლე.

– რა მოგწონთ ყველაზე მეტად ამ პროფესიაში, რითი მოიწამლეთ?

– ის, რომ ამბავს პირველი ვიგებ და მერე ადამიანებს გადავცემ. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი აზარტია. ასევე მომწონს ცხოვრების ის ტემპი, რომელიც ამ პროფესიას ახლავს.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სირთულეც გადავიტანე. მაგალითად, ერთხელ მტკვარმა ცხედარი გამორიყა და სიუჟეტის გასაკეთებლად წავედი. გვამი პირველად რომ ვნახე, ორი კვირა ვეღარ ვიმუშავე. მას შემდეგ იმდენი საშინელება ვნახე, რომ აღარაფრის მეშინია. ერთადერთი, განსაკუთრებით მიჭირს, ამბავი ბავშვებს თუ ეხება.

დიღომში რომ სახლი გაზით აფეთქდა, მაშინ მე იაშვილის კლინიკასთან ვმუშაობდი, მარიამ გაფრინდაშვილი – “იმედის” კლინიკასთან, სადაც ერთ-ერთი ბავშვი ძალიან მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ბავშვი გარდაიცვალა. მე და მარიამი ეთერში ვიყავით, როცა პროდიუსერმა ყურში გვითხრა, რომ ის ბავშვი გარდაიცვალა. ეს ამბავი ერთ-ერთს უნდა გვეთქვა და მე ვერ ვთქვი.

ემოციურად ძალიან რთული იყო იმის გამოც, რომ გარდაცვლილი ბავშვი ტყუპისცალი იყო და მეც ტყუპების დედა ვარ.

– რადგან ეს თემა ასეთი მგრძნობიარეა თქვენთვის, გვიამბეთ თქვენს შვილებზე, ქმარზე.

– ჩემს ოჯახში ყველა მამაკაცია. შვილები – ილიკო, დადუ და დემე ჩქარეულები და მეუღლე გიორგი ჩქარეული, რომელმაც მასზე ლაპარაკი აგვიკრძალა. ქვეყანაზე საუკეთესო ბიჭი შემხვდა. გიორგი დაკავებულია ბიზნესით.

– რა ასაკში შექმენით ოჯახი?

– 20 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. 15 წლიდან შეყვარებულები ვიყავით. რაც თავი მახსოვს, სულ გიორგი ჩქარეული მიყვარს. ყველაფერი იყო ჩვენს ურთიერთობაში – დაწინდვა, ნიშნობა, ჯვრისწერა და ბოლოს გრანდიოზული ქორწილი.

– როგორ აბალანსებთ დროს ოჯახსა და სამსახურში?

– მართლა ძალიან რთულია, იპოვო ბალანსი, რადგან უფრო მეტ დროს ვატარებ “რუსთავი 2”-ში, ვიდრე სახლში. როცა მარტო ილიკო მყავდა, მეგონა, რომ შეუძლებელს ვაკეთებდი, რომ ვმუშაობდი. ახლა თვითონ მიკვირს, სამი შვილის დედა როგორ ვახერხებ, ვიყო “კურიერის” ჟურნალისტი. რთულია სამი შვილის დედობა, მაგრამ გამიმართლა ოჯახში, ყველა ხელს მიწყობს, რომ ჩემი საქმეც ვაკეთო.

– ტყუპები სიურპრიზი იყო თუ გენეტიკური განწყობა გქონდათ და ვარაუდობდით, რომ შეიძლებოდა ტყუპების მშობლები გამხდარიყავით?

– ჩემი მეუღლის ბაბუა იყო ტყუპისცალი და ასევე – ჩემი ბებია. ასე რომ, ორივე მხრიდან იყო გენეტიკური განწყობა. მინდოდა, მეორე შვილი გოგო გვყოლოდა. ამიტომ ის უფრო გამიკვირდა, ექიმმა რომ მითხრა, ბიჭებს ელოდებიო, ვიდრე ის, რომ ტყუპების დედა უნდა გავმხდარიყავი. ჟურნალისტები დღემდე იხსენებენ, ექოსკოპიიდან ატირებული რომ მოვედი სამსახურში – ჩემი ერთი გოგო ორი ბიჭი აღმოჩნდა-მეთქი.

– ძალიან რთულია ტყუპების დედობა?

– ძალიან ბევრი სირთულე ახლავს ტყუპების გაზრდას, თან შვიდთვიანები დაიბადნენ, ძალიან სუსტები იყვნენ და ამის გამო ბევრი პრობლემა გვქონდა. მენინგოკოქცემიის გადატანაც კი მოგვიწია. გახსენებაც კი არ მინდა, რა დღეები გამოვიარეთ.

დღემდე როცა მესმის სიტყვა “ტყუპები”, ჩემთვის ეს ასოცირდება სისუსტესთან. ახლა უკვე წამოიზარდნენ. ტყუპებზე ორსულობაც რთული იყო. ბოლო ერთი თვის განმავლობაში არც დავწოლილვარ, ღამეები ვიჯექი.

ტყუპები ისე გავაჩინე, მგონი, ერთი დღეც არ დამისვენია და შემდეგ მათაც დავაწყებინე აქ მუშაობა. 2 კვირის იყვნენ, როდესაც სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღებაზე წავიყვანე.

– საინტერესოა, როგორ მოხვდნენ სერიალში.

– ტყუპებზე რომ ვიყავი ორსულად, საინფორმაციო სამსახურში ვერ ვახერხებდი მუშაობას, ამიტომ “ნანუკას შოუში” გადავინაცვლე. ჩვენი და სერიალის გადამღები ჯგუფი ერთ სართულზე იყო. ერთხელ სერიალის რეჟისორი გიორგი ლიფონავა შემხვდა კიბეებზე და მკითხა, რამხელა მუცელი გაქვს, ტყუპებს ხომ არ ელოდებიო. ჩემი ტყუპები მაშინვე დაიბევეს სერიალისთვის.

ორი კვირის იყვნენ, პირველად რომ წავიყვანე გადასაღებ მოედანზე და არცთუ ცოტა ჰონორარი გამოიმუშავეს.

– როგორ “თამაშობდნენ” ტყუპები გადასაღებ მოედანზე?

– ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ გიორგი ლიფონავა აცხადებდა: “ბავშვები დააძინეთ, აჭამეთ. ახლა მინდა, რომ ტიროდნენ ან არ ტიროდნენ”. მე კი ვუხსნიდი, ესენი ბავშვები არიან და არა – თოჯინები-მეთქი. მერე თვითონვე აღნიშნავდა, რომ გადასაღებ მოედანზე ყველაზე დამჯერები ჩემი ტყუპები იყვნენ. რეჟისორს თურმე ყველაფერს უჯერებდნენ.

სცენარის თანახმად, ნინა გოცირიძის ტყუპები იყვნენ ბიჭი და გოგო, ამიტომ ჩემი ბიჭებიდან ერთს გოგოს როლის თამაში მოუწია. ამ საკითხზე ყველაზე მძიმე რეაქცია მამამისს ჰქონდა. პრინციპში, ჩვილები იყვნენ და ამაზე დიდი აქცენტი არც კეთდებოდა. ერთხელ გაგვიბედეს და ჩემს ბიჭს კიკინი გაუკეთეს, რაზეც გავბრაზდი.

– როგორ უვლიდით გადასაღებ მოედანზე ტყუპებს, ხომ არ ეჭვიანობდით ანი ტყებუჩავაზე, თქვენ შვილებს საკუთარ შვილებად რომ წარმოაჩენდა ეკრანზე?

– სხვათა შორის, ტყუპებზე ზრუნვით ძალიან გამორჩეულები იყვნენ ტასოს და ჯეკოს როლების შემსრულებლები. ბავშვებზე მთელი გადამღები ჯგუფი ზრუნავდა, მოგვცეს ცალკე ოთახი, სადაც სიგარეტს არავინ ეწეოდა. ცოტას კი ვნერვიულობდი იმის გამო, რომ გადასაღებ მოედანზე ბევრი ხალხია და მაინც ბევრი მტვერია, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

ტყუპებმა სამი სეზონი, წელიწადნახევრის განმავლობაში ძალიან მონდომებით იმუშავეს. მერე დადუ ძალიან მძიმედ გაგვიხდა ავად, ძლივს გადავარჩინეთ და არც მინდოდა გადაღებებზე ფიქრი. ძალიან გაგვიმართლა, რომ ეს საშინელი დაავადება დროულად აღმოვაჩინეთ. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალი დონის ექიმები არსებობენ.

– როგორ აღმოჩნდით ამ საშინელი ვირუსული დაავადების პირისპირ?

– მაღალი სიცხე ჰქონდა, სასწრაფო ორჯერ გამოვიძახეთ და მეორედ გვითხრეს, უნდა გადავიყვანოთ კლინიკაში, რაღაცაზე გვაქვს ეჭვიო. ასე რომ არ მოეწოდებინა სასწრაფოს ექიმს ინფორმაცია, ალბათ საავადმყოფოში გადაყვანაზე არ დავთანხმდებოდი, რადგან მეგონა, ჩვეულებრივი მაღალი სიცხე ჰქონდა.

საავადმყოფოში რომ მივედით, საშინელი დიაგნოზი გვითხრეს. რაღაც მომენტში პირდაპირ გვითხრეს, მკურნალობა დაგვიანებულიაო. ერთადერთი, რაც მაშინ მოვახერხე, “კურიერში” გადმოვრეკე ყვირილით: “მიშველეთ!”.

“კურიერის” გუნდი ძალიან დამეხმარა, რომ ბავშვს სწორი მკურნალობა ჩატარებოდა. ისეთი ვერაგი დაავადებაა, რომ უმრავლეს შემთხვევაში შედეგი ფატალურია. კრიტიკული 48 საათი გვქონდა და გადავლახეთ. ბავშვსაც ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა.

ძალიან ძლიერი და მებრძოლი ვარ, მაგრამ, როცა მე მჭირდება დახმარება, ამ დროს ვერაფერს ვაკეთებ. სხვის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ, საკუთარ თავისთვის კი ამის უნარი არ გამაჩნია.

– მარიკა, თქვენი ნებართვით, თქვენს უფროს შვილსაც დავუსვამ კითხვას. ილიკო, როგორი დედაა მარიკა და ყველაზე ხშირად რას საყვედურობ?

ილიკო: მომწონს ის, რომ დედა ძალიან კეთილია, მაგრამ ის არ მომწონს, რომ ღამის 9 საათამდე მუშაობს. პატარაობაში უფრო ბევრს ვსაყვედურობდი, რომ სახლში არ იყო. რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ ეს მისი სამსახურია და ვერაფერს ვიზამ.

– ეკრანზე მოგწონს დედა?

ილიკო: კი, მომწონს და მისი გამოჩენა ყოველთვის მიხარია.

– ხომ არ გეშინია მაშინ, როცა დედა ამა თუ იმ სახიფათო ამბავს გადმოსცემს პირდაპირ ეთერში?

ილიკო: არ მეშინია, რადგან მამა ამბობს, დედაშენი ძლიერია და ყველაფერს შეძლებსო.

– რა გინდა, რომ გამოხვიდე?

ილიკო: თუ ფეხის ტრავმამ გამიარა, მინდა, ფეხბურთელი გამოვიდე. თუ – არა, ან ჟურნალისტი გამოვალ, ან ბიზნესმენი.

მარიკა: მე ყველაფერს ვიზამ, რომ ჟურნალისტი არ გამოვიდეს.

– მარიკა, ტყუპები რომ გაჩნდნენ, უფროსმა შვილმა ხომ არ იეჭვიანა?

მარიკა: ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს პრობლემა არ დამდგარიყო. ილიკო რომ გაჩნდა, ძიძა არ მყოლია, ტყუპებზე კი მომიწია აყვანა. ვფიქრობ, ამ მხრივ, ტყუპები უფრო დაიჩაგრნენ. მათ ძიძა ისე უყვართ, არ აპროტესტებენ, მთელი დღე მასთან რომ არიან. ამიტომ, ცოტა არ იყოს, ძიძაზე ვეჭვიანობ.

– როგორ გადაიტანეთ ის ცვლილებები, რომლებიც ბოლო დროს “რუსთავი 2”-ში მოხდა? “კურიერის” ის გუნდი, რომელთან ერთადაც წლები მუშაობდით, ფაქტობრივად სხვა არხზე წავიდა, თქვენ კი დარჩით.

ძალიან რთულად გადავიტანე. ეს ყველათვის რთული იყო – წამსვლელებისთვისაც და დამრჩენებისთვისაც. რა თქმა უნდა, ურთიერთობა შევინარჩუნეთ, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც ინდივიდუალურად მივიღეთ. მე გავაკეთე არჩევანი პროფესიასა და სახლში წასვლას შორის. მხოლოდ ამ ორ ვარიანტს განვიხილავდი, ან დავრჩებოდი “რუსთავი 2”-ში და გავაგრძელებდი პროფესიულ საქმიანობას, ან წავიდოდი სახლში.

ძალიან ცივი გონებით მივუდექი ყველაფერს. მივხვდი, ჩემი ტემპიდან გამომდინარე, სახლში დაჯდომას ვერ ავიტანდი. თუკი მივხვდები, რომ “რუსთავი 2”-ში მუშაობა ჩემთვის დისკომფორტია, სახლში წასვლას ყოველთვის მოვასწრებ. ამიტომ დავბრუნდი ჩემს “რუსთავი 2”-ში და საყვარელ საქმეს ვაკეთებ.

– წამყვანის ამპლუა მოგწონთ თუ შინაგანად მაინც რეპორტიორი ხართ?

რეპორტიორობას მაინც სულ სხვა ხიბლი აქვს. მეგონა, რომ წამყვანობა ძალიან ადვილი იყო, მაგრამ რთული აღმოჩნდა. პირდაპირ ჩართვებზე დღემდე ძალიან ვნერვიულობ. იმ მომენტში ერთი წამითაც რომ წარმოვიდგინო, თუნდაც ერთი ადამიანი მიყურებს, შეიძლება ხმა საერთოდ ვეღარ ამოვიღო. ამიტომ ახლა, “დილის კურიერის” წაყვანისას, განსაკუთრებულად ვნერვიულობ.

– აიხდენთ ოცნებას და გააჩენთ გოგოს, ანუ მეოთხე შვილს?

მარიკა: ორი კვირის წინ ძმისშვილი გოგო მეყოლა და ასე მგონია, ოცნება ავისრულე, თუმცა რეალურად არ ვარ უარზე და მეოთხესაც გავაჩენ.

ილიკო: დედა მოგკლავ, რეებს ამბობ! ვინ მოუვლის ამდენ ბავშვს?!

მარიკა: ბებოები, ძიძები… არ ველოდი ასეთ რეაქციას. ილიკო, რა გაკლია?

ილიკო: დედაც მაკლია და მამაც მაკლია!

ავთო ჩიტიძე, სარკე