შალვა შავგულიძე – „დასავლეთმა დაინახა, რომ ივანიშვილი საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას ცდილობს”

შალვა შავგულიძე - „დასავლეთმა დაინახა, რომ ივანიშვილი საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას ცდილობს”იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად უსწორდება; პოლიციელს უწყებიდან მაღალჩინოსან ლევან იზორიას ძმის დაკავების გამო ათავისუფლებენ; იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს კი სახალხო დამცველზე იერიში იმის გამო მიაქვს, რომ ანგარიშში მისი სამინისტრო გააკრიტიკა.

ამ ყველაფრის ფონზე, დღე არ გავა, ხელისუფლება რუსეთის ინტერესებში და არადემოკრატიულ მმართველობაში არ დაადანაშაულოს დასავლეთმა, ხან ამერიკელი კონგრესმენების წერილები ქვეყნდება, ხანაც განცხადებას ევროპარლამენტარები აკეთებენ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ გასული კვირის ქრონოლოგიაა.

საით მიდის ქვეყანა და გრძნობს თუ არა უხერხულობას იმის გამო, რომ ერთ დროს თეა წულუკიანი მისი თანაპარტიელი იყო? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე შალვა შავგულიძე საუბრობს.

_ ლევან ხაბეიშვილს „ოცნების“ წევრები საკრებულოში ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორია თქვენი შეფასება ამაზე და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანია ოპოზიციას ამ რეჟიმში მუშაობა მოგიწევთ?

_ ეს იყო ძალიან უღირსი საქციელი “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან. რა შეფასება უნდა მისცე სხვა ამას?! ცხადი და აშკარა იყო, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. ისინი პირდაპირ იწვევდნენ და აყენებდნენ შეურაცხყოფას. ლევანი მიხვდა, რომ პროვოკაციას უმზადებდნენ და თავს იკავებდა, მაგრამ როგორც კი ვეღარ შეიკავა თავი და საპასუხო მოქმედება განახორციელა, მაშინვე ერთობლივად დაესხნენ თავს.

ეს არის „ოცნების“ პოლიტიკა, მას ამოეწურა ყველანაირი პოლიტიკური რესურსი. მან უკვე სახე დაკარგა და იმისთვის, რომ შეინარჩუნოს რაღაც გავლენა ელექტორატზე და ვიღაცას მაინც მოაჩვენოს თავი, რომ არსებობs, ამ მეთოდებს იყენებს, ორგანიზებულ თავდასხმას და მერე ბაქიბუქობს, რომ ყველას ეს მოუვა. ეს არის სრულიად გაკოტრებული ძალის აგონია. სხვა შეფასებას ვერ მივცემ ამას.

_ ამ რეჟიმში მოგიწევთ მთელი წინასაარჩევნო კამპანია?

_ არ გამოვრიცხავ, რომ აქეთკენ წავა ეს ყველაფერი. ვინაიდან “ქართულ ოცნებას” სხვა რესურსი არ დარჩა, ის შეეცდება, რომ მაქსიმალურად გამოიყენოs კრიმინალური ელემენტების რაღაც გავლენა. ასევე ასეთი ერთჯერადი აგრესიული ქმედებები. მაშინ როდესაც ამ ქმედებებზე სამართალდამცავები არავითარ ქმედებებს არ ახდენენ და, პირიქით, დაზარალებულებს აძლევენ პასუხისგებაში.

ამის ნათელი მაგალითია გიგი უგულავაზე თავდასხმა, როდესაც აეროპორტის გასასვლელ ზონაში პირდაპირ სპორტსმენები მიუქსიეს და ამის გამო საქმე უგულავას წინააღმდეგ აღძრეს.

_ ლევან ხაბეიშვილმა ეს პირადად დაუკავშირა კახა კალაძეს. 2012 წელს წინა ხელისუფლების ორგანიზებით კალაძეს განსაკუთრებით უპირისპირდებოდნენ. გვახსოვს კარალეთის ინციდენტი თუ სხვა. ამ შემთხვევაში ხომ არ დაინახეთ შურისძიების ელემენტები კალაძის მხრიდან?

_ ვინაიდან ხაბეიშვილმა ეს განცხადება გააკეთა, ალბათ მან უკეთ იცის. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბინძური დავალების შემსრულებლები საკრებულოს წევრები იყვნენ “ქართული ოცნებიდან”, ალბათ მათზე უშუალო გავლენა კალაძეს აქვს. რახან ლევანი ასე ამბობს, ალბათ აქვს ამის განცდა და გარკვეული ინფორმაციაც.

„ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან მომავალს იმდენად არ ჰგავს, რამდენადაც მერიიდან მომავალ დავალებას. ვუსმინე ლევან ხაბეიშვილის ინტერვიუს და სწორი შეფასება გააკეთა _  არ აქვს მნიშვნელობა ამ ადამიანების სახელებსა და გვარებს. ეს არის კრებსითი ივანიშვილი, კალაძე და “ქართული ოცნება”. ამ პოლიტიკური ძალის სახის გამოვლინებაა. ხან პეტრე იქნება, ხან პავლე და ხან ივანე. ამ სახელებმა მნიშვნელობა დაკარგეს.

_ კალაძის შურისძიება თუ დაინახეთ ან თუნდაც ივანიშვილის?

_ კი, ალბათ პერსონალური შურისძიების მოტივიც არის _ ის ბოღმა და გაბრაზება, რაც გამოიწვია ლევანის აქტიურმა ოპოზიციურმა გამოსვლებმა და იმან, რომ უშუალოდ ამხელს კორუფციულ მექანიზმებსა და გარიგებებს, უფრო მერიასა და კახა კალაძეს ეხება. შესაბამისად, აქ პიროვნული შურისძიების მომენტიa.

_ პარალელურად სხვა უფრო მნიშვნელოვან პროცესებსაც ვხედავთ და ამის გადაფარვის მცდელობაც ხომ არ დაინახეთ?

_ ალბათ ამავდროულად ამ მიზანსაც ემსახურებოდა, მაგრამ ვერაფერ პოზიტიურ მიზანს ვერ მოვიფიქრებთ, რასაც შეიძლება ემსახურებოდეს ასეთი უღირსი საქციელი. კიდევ უფრო ცუდია მათი ცუდი საქმეების გამოაშკარავების გადაფარვის მცდელობა. ეს არის ძალის დემონსტრირების მცდელობა, პიროვნული შურისძიება. ქვეყნისთვის სასარგებლო მოტივაციას ვერც კი დავასახელებთ.

ვნახეთ თეა წულუკიანის კასკადი, ფოიერვერკი მისი დაცემის თვალსაზრისით. როგორ პიროვნული შურისძიებით სავსე ქმედებებს ახორციელებდა სახალხო დამცველის წინააღმდეგ. რაც იმან გამოიწვია, რომ ომბუდსმენმა საკუთარი ფუნქციების შესაბამისად აღნიშნა ანგარიშში, თუ რა ნეგატიური მხარეები აღინიშნება პენიტენციურ სისტემაში.

ამან გაამწარა მინისტრი. იმდენად გამოვიდა წყობილებიდან წულუკიანი, რომ ბოლოს დანაშაულშიც კი გადავიდა. ჩანაწერების გარეთ გამოტანა, როდესაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი ხვდებოდა პატიმრებს, ან მერე, როდესაც სახალხო დამცველი შეხვდა პატიმრებს, პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია. იუსტიციის მინისტრს იმდენად დაუბნელა გონება პიროვნულმა გაბრაზებამ, რომ დანაშაული ჩაადენინა. ძალიან კარგად იცის თეა წულუკიანმა, რომ ეს არის დანაშაული.

სამწუხაროდ, ეს მინისტრიც ამ ხელისუფლების შემადგენელია. ეს ხელისუფლება ყოველგვარი ლეგიტიმურობის ფარგლებს გასცდა. ეს არის საშიში ხელისუფლება, რომელიც რაც შეიძლება ჩქარა და ქვეყნისთვის ნაკლები ტრავმებით უნდა ჩამოცილდეს ქვეყნის მართვას.

_ თეა წულუკიანი სხვანაირად ფიქრობდა მაშინ, როდესაც ის იყო თავისუფალ დემოკრატებში. პირადად თქვენ არ გიქმნით უხერხულობას, რომ თქვენ იყავით თანაპარტიელები?

_ გულწრფელად გეტყვით, არავითარ უხერხულობას არ ვგრძნობ. თანაპარტიელები ვიყავით, მაგრამ სხვებიც იყვნენ ჩემი თანაპარტიელები, რომლებიც დღეს ”ქართული ოცნების” სამსახურში არიან. მე ვიცი ის, რომ მე და ჩემი პარტიის იმ წევრებს, რომლებიც დღეს ვართ თანაპარტიელები და თავისუფალ დემოკრატებს წარმოვადგენთ, არ გვიღალატია იმ დაპირებისთვის, რისთვისაც მოვედით პოლიტიკაში.

ეს იყო ის, რომ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენება უნდა მოგვეხდინა და ამას მოვახმარდით ჩვენს ცოდნას, გამოცდილებასა და ენერგიას, ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანდით საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენ არ გადაგვიხვევია ამ დაპირებისთვის და საკმაოდ მძიმე ოპოზიციური ცხოვრებით ვცხოვრობთ. პარტიაში მყოფი ზოგიერთი ადამიანი ისე მოიქცევა თუ ასე, რა ვქნათ, ყველას თავისი ბიოგრაფია აქვს.

_ თქვენ პირადად რით ხსნით წულუკიანის რადიკალურ ცვლილებას?

_ ეს არის მისი არჩევანი. მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში, მაშინ როდესაც, მაგალითად, მე ვიყავი ხელისუფლებაში, დავტოვე ფრაქცია ”ქართული ოცნება” და წამოვედი ხელისუფლებიდან. სხვებიც დარჩნენ, ზოგი მერე გადავიდა. ყველას თავისი არჩევანი აქვს.

თავიდან ხელისუფლებაში ყოფნა გაცილებით კომფორტულია, ვიდრე ოპოზიციაში წასვლა. თუ პირადი ცხოვრების მოწყობის თვალით შეხედავ, ეს არ არის ადვილი, მერე, როდესაც ჩაეფლობი ამ არასწორ პოლიტიკაში და ბევრ რამეში გაისვრები, ალბათ სხვა გზა აღარ გრჩება და ბოლომდე იქ ხარ. ყველა ადამიანი თვითონ ქმნის თავის ბიოგრაფიას. მთავარი ჩემთვის არის ერთი რამე _ აღარ იმალება არაფერი.

სანამ შესაძლებელი იყო იმის გამართლება, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ასრულებს რუსულ დავალებას და ეს ხელისუფლება არ ემსახურება რუსულ ინტერესებს, სანამ ამის დაფარვა რაღაცნაირად ხერხდებოდა, მანამდე კიდევ შეიძლებოდა, რაღაც გამართლება ჰქონოდათ ადამიანებს, ვინც აშკარა პროდასავლურ ორიენტაციას აფიქსირებდნენ მანამდე.

მას შემდეგ, რაც უკვე აშკარა გახდა ეს და ამაზე უკვე მთელ მსოფლიოში საუბრობენ და ყველა ხედავს, რომ ეს ხელისუფლება ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება, ამ პირების იქ დარჩენა ჩემთვის აუხსნელია.

_ ბოლო დღეებში განსაკუთრებით მწვავე განცხადებები კეთდება დასავლეთისგან _ იქნება ეს აშშ თუ ევროკავშირი. ცალკე დემოკრატიის ინდექსზე ქვეყნდება ანგარიში, რომელშიც ასევე სავალო მდგომარეობა გვაქვს. რა ნიშნავს ეს ყოველივე?

_ ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკვე ვეღარ დამალა თავისი რეალური ზრახვები და რეალური პოლიტიკური ორიენტაცია. დასავლეთმა დაინახა, რომ დღევანდელი ხელისუფლება აფერხებს დასავლური ინტეგრაციის კურსს და ყველანაირად ხელს უშლის ამ მიმართულებას და  ცდილობს, რუსულ ორბიტაზე დააბრუნოს ქვეყანა.

თავიდან დასავლეთმა დაიწყო ფრთხილი შენიშვნებით, შემდეგ უფრო მკაცრით, მერე კიდევ გაამკაცრა და ალბათ კიდევ უფრო მკაცრი მოქმედებებიც მოჰყვება, სავარაუდოდ, სანქციების სახით და ა. შ. საბოლოოდ კი ეს იმით დასრულდება, რომ ”ქართული ოცნება” დაკარგავს ხელისუფლებას.

შეუძლებელია, ხალხის ნებას დაუპირისპირდეს და მოერიოს ერთი ადამიანის და მის ირგვლივ შემოკრებილი რამდენიმე პირად ყოფაზე მოფიქრალი ადამიანის სურვილი და ნება. ქართველმა ხალხმა ეს არჩევანი უკვე მკაფიოდ გააკეთა.

ჩვენ ამისთვის დიდი ფასიც გვაქვს გადახდილი. თუნდაც ჩვენს 30 წლიან ისტორიას თუ გადავხედავთ, რაც თავი დავაღწიეთ საბჭოთა კავშირს. ეს იყო ორი ომი რუსეთთან, დროებითი, მაგრამ მაინც დამარცხება, რასაც მოჰყვა ძალიან დიდი ადამიანური მსხვერპლი, დევნილობა საკუთარ ქვეყანაში, თუნდაც ეკონომიკური გაჭირვება, რა დღეშიც ჩააგდო რუსეთმა საქართველო. ეს ხომ ქართველმა ხალხმა გადაიხადა და მაინც მიდიოდა ყოველთვის დასავლური ინტეგრაციის კურსით და არ გადაუხვევია ამ გზიდან.

ჩვენ რამდენიმე ხელისუფლება შევიცვალეთ. ზოგს ერთი მოგვწონდა, ზოგს მეორე და ა. შ. ძალიან რადიკალური დაპირისპირებებიც იყო, მაგრამ არასდროს არ გასჩენია ქართულ საზოგადოებას იმ საშიშროების განცდა, რომ ქვეყანა დასავლურ კურსს ცვლიდა და რუსეთისკენ ბრუნდებოდა.

მხოლოდ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში დაინახა საქართველომ ეს ხიფათი. მანამდე ასეთი ხიფათი და ასეთი საშიშროება არ არსებობდა. ყველა ხელისუფლება მყარად ადგა დასავლური ინტეგრაციის გზას. მხოლოდ ივანიშვილმა გაბედა ხალხის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, ხალხის, რომელსაც ამხელა ფასი აქვს გადახდილი. რა თქმა უნდა, ეს ივანიშვილს არ გამოუვა. ერთი ადამიანის სურვილი, რაც უნდა ბევრი ფულით იყოს გამაგრებული, ვერ მოერევა მთელი საზოგადოების სურვილს და ნებას.

მეორეც, ვის იმედად მოქმედებს ივანიშვილი? _ ერთადერთი მოკავშირე ჰყავს რუსეთი, ქართველ ხალხს კი _ მთელი დასავლური, ცივილიზებული სამყარო, რომელშიც ყველა პარამეტრით რუსეთზე გაცილებით ძლიერი სახელმწიფოები შედიან. იქნება ეს ეკონომიკური, სამხედრო თუ დემოკრატიის ხარისხი.

ასე რომ, ეს აუცილებლად დამთავრდება ივანიშვილისა და ”ქართული ოცნების” დამარცხებითა და ქართული საზოგადოების გამარჯვებით.

უბრალოდ, უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები რყევებისა და დანაკარგის ფასად მოხდეს ეს და რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გავიაროთ ეს სახადი, რომელიც დაგვემართა ივანიშვილის და მისი ”ოცნების” ხელისუფლების სახით.