სოსო ცინცაძე – “ივანიშვილმა რამდენიმე ახლობელი უნდა დაიჭიროს”

სოსო ცინცაძე - “ივანიშვილმა რამდენიმე ახლობელი უნდა დაიჭიროს”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, ხომ არ ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისი ბოლო განცხადებებით საბაბი მისცა ხელისუფლებას და ახლა ხელისუფლება ცდილობს ეს თითზე დაიხვიოს?
– სააკაშვილი თავისი ყველა გამოსვლით ამტკიცებს, რომ გარეთ კი არ არის, ქართული პოლიტიკის შუაგულშია, სრულ ინფორმაციას ფლობს, რაც ხდება საქართველოში. მეორე: სააკაშვილი თვლის, რომ ხელისუფლებას მძიმე სოციალური ფონის გამო ძალიან გაუჭირდება არჩევნებში თავისი პოზიციების შენარჩუნება.
მართლაც, როგორც ჩანს, “ოცნების” ხელმძღვანელობა სათანადოდ ვერ აფსებს ქვეყანაში სოციალური ფონის მნიშვნელობას. ასევე ახალგაზრდების ძალას. ისტორია მეორდება ხოლმე. მე მახსენდება 60-იანი წლების საფრანგეთი, როდესაც სორბონაში დაიწყო დიდი გამოსვლები, რამაც საბოლოო ჯამში ლომის წილი შეიტანა ვადაზე ადრე დე გოლის წასვლაში. ეს იყო სტუდენტური გამოსვლები.
აგერ ორი-სამი დღის წინანდელ მოვლენებს თუ გადავხედავთ, ირანში ვინ გამოდის – სტუდენტობა. იმ უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთა მეგობრებიც დაიღუპნენ ავიაკატასტროფაში. ამით იმის თქმა მინდა, რომ სტუდენტობა ის ძალაა, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია.
– ჩვენთან ავლებთ პარალელს?
– დიახ, რასაკვირველია.
– ახალგაზრდები იყვნენ შეურიგებლები, იყო გამოსვლები, მაგრამ ამ ტალღამ თითქოს გადაიარა. გაზაფხულიდან ხელახლა ელოდება ეს თავსატეხი ხელისუფლებას?
– შეუძლებელია, ის პროტესტი, რომელიც გამოავლინეს ახალგაზრდებმა, ასე ჩუმად გამქრალიყო და სადღაც შეყუჟულიყო. არა, ერთი პატარა ბიძგი და ეს პროტესტი იქუხებს.
საქართველოში ტრადიციულად გაზაფხული პროტესტის დროა. ამას გარკვეული სოციალური ფონიც ახლავს. გაზაფხული საქართველოში ყოველთვის მშიერი თვეებია. მძიმე თვეებია. ხელისუფლება, რომელმაც 20 ლარი მოუმატა პენსიონერებს და ამ დროს 20 ლარი ერთი სადილიც არ არის, არ შეიძლება არხეინად იყოს.
ამ ყველაფრის შემხედვარე სააკაშვილმა არ არის გასაკვირი, რომ იფიქროს, რომ მისი დრო ახლოვდება. თანაც, ამ ყველაფრის ფონზე, ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს.
– კონკრეტულად?
– ამაზე დიდი პოლიტიკური შეცდომა რა გინდა, საარჩევნო წელს სასამართლო პროცესზე რომ აწყობ. ამას ემატება ქუჩის გამოსვლები, რომელიც სულ უფრო და უფრო ზრდის ადმინისტრაციულ ე.წ. დამნაშავეებს.
– პოლიტიკურ დაკავებებს უნდა ველოდოთ? ოპოზიცია ამბობს, რომ მელია, ბოკერია, უგულავა გამზადებულები არიან. რამდენად წავა ამაზე ხელისუფლება?
– არადა, ივანიშვილისგან ახლა ყველაზე სწორი პოლიტიკური სვლა იქნებოდა არა ოპოზიციის ლიდერების დაკავება და სასამართლოების მოწყობა, არამედ სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება, რასაც მას საზოგადოება აქტივში ჩაუწერს.
– რა გადაწყვეტილება?
– საკადრო წმენდა. კორუფციაში ეჭვმიტანილი ჩინოვნიკების დაკავება. უახლოესი გარემოცვიდანაც რომ იყვნენ, ამაზე უნდა წავიდეს. საკუთარი მეგობარიც რომ იყოს, თუ კორუმპირებულია, უნდა დააკავოს, მაგრამ ამას ვერ გააკეთებს, რადგან ის პოლიტიკოსი არ არის. პოლიტიკა ასეთ მსხვერპლს ითხოვს.
სინგაპურის ლეგენდარული ყოფილი პრემიერი თავის წიგნში წერს: თუ გინდა კორუფციას ებრძოლო, სამი შენი უახლოესი მეგობარი უნდა დაიჭირო. რა თქმა უნდა, კორუფციაში მხილებულ პირებზეა საუბარი, მაგრამ ეს მხოლოდ პოლიტიკოსს შეუძლია გააკეთოს.
მე მახსოვს შევარდნაძის გადაწყვეტილება 1972 წელს, რომელიც მან სწორედ თავის მეგობართან დაკავშირებით მიიღო, მაგრამ შევარდნაძე მართლა პოლიტიკოსი იყო. ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი. არის რამდენიმე ოდიოზური ფიგიურა მის გარემოცვაში, რომლების მიმართაც საზოგადოებაში არის რწმენა, რომ კორუფციულ გარიგებებში არიან მხილებულნი. მათ მიმართ გადაწყვეტილება ივანიშვილს წამალივით წაადგებოდა, მაგრამ არ წავა ამ გადაწყვეტილებაზე.
– ვის გულისხმობთ?
– საზოგადოებამ იცის, ვისზეც ვსაუბრობ. ივანიშვილი ვერ ხვდება, რა ძლიერი მხარდაჭერაა საზოგადოებრივი აზრი, საერთოდ, მე ვიტყოდი, ამაზე დგას თანამედროვე ხელისუფლება, მისი ძალაუფლება. რომ გესმოდეს, რა არის საზოგადოებრივი აზრი და მას ყურს უგდებდე, მაშინ პოლიტიკოსი უნდა იყო. სამწუხაროდ, ივანიშვილი ან საერთოდ არ იცნობს საზოგადოებრივ აზრს ან ანგარიშს არ უწევს.
– ოპოზიციურ ფლანგზე როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს? გაზაფხულზე აქციებს აანონსებენ. რამდენად ეფექტური შეიძლება ოპოზიცია იყოს?
– ახლა მნიშვნელოვანია, ეს საშობაო არდადეგები ოპოზიციამ საახალწლო ქეიფში გაატარა თუ კრეატიული სვლების ძებნით იყო დაკავებული.
არ ვფიქრობ, რომ ქუჩის აქციები ოპოზიციის ძლიერი მხარეა, რადგან, ასეა თუ ისე, ხელისუფლება მაინც ადამიანების თავებს ითვლის. იმას არად დაგიდევს, რომ ხალხი მართლაც უკმაყოფილოა და თუ არ გამოდის, ეს არ ნიშნავს, რომ ის კმაყოფილი ზის სახლში.
არც ერთ მხარეს, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას, არ აქვს საარჩევნო სტრატეგია დახვეწილი. “ქართული ოცნებაც” და ოპოზიციაც ტრადიციული გზით მიდიან. ოპოზიციას ქუჩის იმედი აქვს, ხელისუფლებას კი – დაჭერების. არც ერთია სწორი და არც მეორე.
“ქართულ ოცნებაში” გამარჯვების რწმენა დღითიდღე სუსტდება, მაგრამ მაინც დასავლეთის როლი იქნება გადამწყვეტი.