თეონა აქუბარდია – „ოცნების“ პოლიტიკამ კრახი განიცადა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მხრივ“

თეონა აქუბარდია - „ოცნების“ პოლიტიკამ კრახი განიცადა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მხრივ“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

რა მთავარი გამოწვევების წინაშე იყო საქართველო 2019 წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით? რას გაუმკლავდა ხელისუფლება და რას _ ვერა? რა გამოწვევებია მოსალოდნელი 2020 წელს? და მოსალოდნელია თუ არა კიდევ უფრო მწვავე ვითარება, ვიდრე ეს იყოს 2019 წელს?

ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ თანადამფუძნებელი თეონა აქუბარდია საუბრობს.

_ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში რომელ საკითხებს გამოყოფდით, რომელმაც 2019 წელს თავი დაგამახსოვრათ?

_ დავიწყოთ თავდაცვის სფეროში მომხდარი პოზიტიური ამბებით. თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ჰქონდა პარტნიორების მხრიდან. იქნებოდა ეს ნატოს მხრიდან თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან. ამ კონტექსტში არ შეიძლება ხაზი არ გაესვას საქართველოს მხარდაჭერის აქტს, რომელიც 2019 წელს მიიღეს და ასევე იმ გაზრდილ ბიუჯეტს, რომელიც გამოყოფილი იქნება საქართველოსთვის ამერიკის მხრიდან.

აშშ ახორციელებს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს საკუთარი თავდაცვის ძალები, რომელიც მაღალ დონეზე იქნება მომზადებული. ერთი მხრივ ეს პროგრამა და მეორე მხრივ ამერიკის მხრიდან გაზრდილი დაფინანსება ამ მიმართულებით არის მნიშვნელოვანი დადებითი მოვლენა.

ჩვენ გვქონდა 2019 წელს ერთობლივი სწავლებები, რაც ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ მხარდაჭერის მხრივ. ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქვს აშშ-ის მხრიდან, ესეც მნიშვნელოვანი კომპონენტია. მხარდაჭერის აქტში ცალსახად მნიშვნელოვანია ის, რომ ის ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, აშშ-ის მხრიდან ვერ მიიღებენ ფინანსურ დახმარებას.

ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი, რაც ერთი მხრივ უზრუნველყოფს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსა და პრინციპებს, ხოლო მეორე მხრივ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით.

თავდაცვის მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია თავდაცვის სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტი და სოციალურ პაკეტზე აქცენტის გაკეთება. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ღირსეულ პირობებში მსახურობდნენ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები. შესაბამისად, ეს მიმართულება შეიძლება პოზიტიურ კონტექსტში იყოს განხილული.

ქვეყნის უსაფრთხოებას რაც შეეხება, ჩვენი პარტნიორების დახმარებისა და მხარდაჭერის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს ზეწოლას, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თუ საინფორმაციო ელემენტების გამოყენებით. სწორედ ამას ეწოდება ჰიბრიდული ომის ტაქტიკა.

ჩვენ ვნახეთ 20 ივნისის შემდგომ განვითარებული პროცესები, როდესაც რუსეთმა შეწყვიტა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, რამაც გარკვეული პრობლემები წარმოშვა ტურიზმთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან შემცირდა ტურისტთა რაოდენობა, საქართველოში ტურისტთა საერთო რაოდენობა მაინც გაიზარდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ეს ცალსახად ზეწოლის განხორციელება იყო რუსეთის მხრიდან საქართველოზე, რათა საქართველო დაესაჯათ იმის გამო, რომ მის მოქალაქეებს ჰქონდა პროტესტი გავრილოვის ვიზიტის გამო.

_ ჩვენ რამდენად ადეკვატურად ვხვდებით ასეთ გამოწვევებს? ახსენეთ უსაფრთხოებასთან არსებული გამოწვევები და ალბათ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ვაჟა გაფრინდაშვილის თემაც.

_ რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ 20 ივნისიდან იწყება რუსეთის მხრიდან გაძლიერებული ზეწოლა საქართველოზე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გამოწვევები ადრეც იყო და ჩვენ გვაქვს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აქამდეც არღვევდა ადამიანის უფლებებს, 20 ივნისის შემდეგ ეს მოულოდნელი მოვლენა იყო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მხრიდან იყო ვითარების ნორმალიზების სურვილი რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით და მათი მხრიდანაც ჰიბრიდული ტაქტიკა საკმაოდ წარმატებით მუშაობდა საქართველოში. იქნებოდა ეს რუსული პროპაგანდა თუ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც მოქმედებდნენ რუსეთის ინტერესების შესაბამისად.

20 ივნისის ღამე იყო სრულიად მოულოდნელობა და მათ კიდევ ერთხელ დაანახა ის, რომ ასე იოლად არ არის საქმე საქართველოში, როგორც ეს რუსეთს ეგონა. შესაბამისად, რუსეთმა გააძლიერა ზეწოლა. ოკუპირებული რეგიონების მარიონეტულმა რეჟიმებმა ჩაკეტეს გადასასვლელი პუნქტები და ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ახალგორში საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფი მოსახლეობა.

გრძელდება მცოცავი ოკუპაცია. ჩორჩანაში რაც ხდებოდა, ესეც ამის გამოვლინებაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა მზაობა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა, მას არ უპასუხა რუსეთმა ადეკვატურად და მეორე მხრივ დაანახა საზოგადოებას, რომ საქართველოს მთავრობის ამ პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა.

ახლა მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაიაზროს ის შეცდომები, რომლებიც ჰქონდა რუსეთთან ურთიერთობაში და ჩამოაყალიბოს ახალი სტრატეგია, რათა ერთი მხრივ ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაიცვას და მეორე მხრივ დახმარება გაეწიოთ იმ ადამიანებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა არიან. საოკუპაციო ხაზს მიღმა, ან საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანებისთვის ახალი მიდგომები უნდა იყოს შემუშავებული და მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს არხები ამ მხრივ.

საერთაშორისო თანამეგობრობა იყო საკმაოდ აქტიური და მობილიზებული ვაჟა გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით და რომ არ ყოფილიყო მათი აქტიურობა და მკაფიო განცხადებები, ეს შედეგები არ დადგებოდა, როდესაც მას ჰქონდა მისჯილი 1 წელიწადი და 9 თვე.

_ ჩვენმა ხელისუფლებამ ხომ არ შეასუსტა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობის მხრივ გზავნილები? თუნდაც ნატოს კარზე მუდმივად კაკუნი და ხომ არ დაინახეთ ის, რომ 2019-ში კიდევ უფრო შენელდა ამ გზაზე სიარული?

_ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას რაც შეეხება, დიახ ჩვენ ვხედავთ ამას. მიუხედავად იმისა, რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია საერთაშორისო კონტექსტი, რაც აქვთ როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

გაზრდილია ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელსაც საქართველოში ახორციელებს რუსეთი,  მეორე მხრივ ვნახეთ ფეისბუქის ბოლო განცხადება, რომელიც ამხელდა ხელისუფლებას ტროლებისა და ბოტების გამოყენებაში. ასევე ის კვლევები, რომლებიც ატლანტიკური საბჭოს პროექტის ფარგლებში ჩატარდა და რომლებშიც ნათქვამი იყო, რომ სახელისუფლებო გვერდები ასევე ავრცელებენ ანტიდასავლურ პროპაგანდას.

ეს მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის ეროვნული ინტერესების კუთხით. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება არის როგორც საზოგადოების არჩევანი, ასევე კონსტიტუციაში არის ჩანაწერი ამის თაობაზე.

ხელისუფლება არ აღიარებს, რომ მასთან არის დაკავშირებული ის ჯგუფები, რომლებიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებენ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე მოკვლევა გაკეთდეს და ხელისუფლებამ იმის იმიჯი მაინც შექმნას, რომ  ამ ყველაფერს ემიჯნება.

სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგალითად, თალაკვაძეს ამის საწინააღმდეგოდ არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ და ამის წაყრუება არის დიდი შეცდომა ხელისუფლების მხრიდან. იმიტომ, რომ არჩეული ხელისუფლება უნდა ატარებდეს იმ კურსს, რომელიც კონსტიტუციაშია ჩაწერილი და რომელიც უმრავლესობის მხრიდან არის მხარდაჭერილი.

ის ბრალდებები რაც ისმის ხელისუფლების მისამართით ანტიდასავლურ ნარატივთან დაკავშირებით, არის ხელისუფლებისთვის დიდი რისკის შემცველი იმ მხრივ, რომ ეს მას შეუქმნის პრობლემებს სწორედ 2020-ის არჩევნებზე.

დღეს უფრო მეტი კითხვა არსებობს ხელისუფლებასთან ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით. მას დღეს კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ სახელისუფლებო ჯგუფები გარკვეულწილად ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს. ამასთან, არც ის პოლიტიკური განცხადებები უნდა დაგვავიწყდეს, რომლებიც კეთდება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

_ ამ კონტექსტში პირველ რიგში პრეზიდენტის განცხადებები მახსენდება.

_ მეც ზუსტად პრეზიდენტი მაქვს მხედველობაში. საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის აკეთებს აქცენტს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ოფიციალურ დონეზე ჯერ არ აქვს გაკეთებული. სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ საუბრობს ნატოში გაწევრიანებაზე, რაზეც დიდი ხანია გაკეთებული გვაქვს ოფიციალური განაცხადი.

ეს არის დამაზიანებელი ქვეყნის ინტერესებისა. ეს არის ხელისუფლების მიდგომების მაჩვენებელი, იმის მიუხედავად, რომ ცდილობენ სალომე ზურაბიშვილთან გამიჯვნას, თითქოს ის არ არის მისი პოლიტიკური გუნდის ნაწილი და მხოლოდ მათი მხარდაჭერით სარგებლობდა. მაგრამ, ჩვენ ხომ გვახსოვს საპრეზიდენტო არჩევნებზე მთელი სახელისუფლებო ლიდერების ბანერები, სადაც ზურაბიშვილის ვიზუალიც კი არ იყო გამოსახული. გვახსოვს ის მილიონები, რომლებიც დაიხარჯა ივანიშვილისგან სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისათვის. რაც უნდა ეცადონ, მოხდეს დისტანცირება „ოცნებასა“ და ზურაბიშვილს შორის, ამას არავინ არ დაიჯერებს.

დღეს ჩვენ ვხედავთ მთავარ პრობლემას იმ მიმართულებით, რომ ქვეყანას არ გააჩნია რაიმე დაწერილი სტრატეგია, თუ როგორ უნდა მიაღწიოს თავისი ეროვნული და სუვერენული ინტერესების უზრუნველყოფას, აქ არის საუბარი ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაზე საუბარი, საგარეო ვექტორზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ქვეყნის კეთილდღეობაზე.

მეორე მხრივ, გვესმის არეული გზავნილები, რომელიც იმაზე მიანიშნებს, რომ მკაფიო არც ხედვა არსებობს და არც გეგმა, თუ როგორ უნდა შეძლოს საქართველომ თავისი ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფა. პრეზიდენტის განცხადებები იქნება ეს თუ ”ქართული ოცნების” ცალკეული ლიდერების, აბსოლუტურად სხვა რამეზე მეტყველებს.

2020 წელს არ იქნება მარტივი ვითარება 2020 წლის არჩევნების ბრძოლის ასპარეზზე და ამასთან ერთად მოსალოდნელია პრობლემები.

მთავარი გამოწვევები არის დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებითაც. კეთდება განცხადებები პარტნიორების მხრიდან და იწერება სტატიები დასავლური პრესის ფურცლებზე. ღიად დაიწყო საუბარი ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფოს მიტაცების მცდელობაზე და დემოკრატიის უკუსვლაზე, რომლითაც საქართველო წლების განმავლობაში გამოირჩეოდა რეგიონში.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატია და ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები ერთმანეთთან დავაკავშიროთ. იმიტომ, რომ საქართველოს დასავლურ სივრცეში შესვლა სურს ღირებულებით კონტექსტში და ჩვენ ვიზიარებთ იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას დასავლეთი. ამავდროულად ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი უსაფრთხოება და კეთილდღეობა უზრუნველვყოთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებით.

თუ ხელისუფლება არ გააუმჯობესებს დემოკრატიის ხარისხს, რომელიც რეგრესშია შემჩნეული, ეს ადეკვატურად აისახება ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

გამოწვევები საკმაოდ ბევრია 2020-თვის. ისინი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე იყო 2019 წელს და, შიდა პოლიტიკური დისკურსის მიუხედავად, ეს იქონიებს გავლენას საქართველოს პოლიტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით.