გულიკო ბალაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძე პასუხობს.
– ბატონო ამირან, საქართველოს საგარეო პოლიტიკა რაღაცნაირად არჩევნებთან გადაიხლართა. ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თითქოს გაუარესდა. თითქოს ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების წერილები არ იყო საკმარისი, ამას დაემატა ასოცირების კომიტეტის რეზოლუციის ჩავარდნა. ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ქართველი დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამის გამო საქართველოს ევროპასთან დაკავშირებული რეზოლუცია ვეღარ მიიღეს. რა შედეგის მომტანი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ასეთი პოზიციონერობა?
– ეს არ არის საგარეო პოლიტიკის გაუარესება. ეს საქართველოს შიდა ვიწრო პოლიტიკური ინტერესების, შიდა პოლიტიკური ბრძოლის საერთაშორისო არენაზე გადატანაა, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რომელიც ევროინტეგრაციის გზას ადგას და ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს, ძალიან საზიანოა.
ევროპასთან და ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის გზაზე ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ეროვნული თანხმობა და ძალისხმევის გაათმაგება, გაერთიანება. ჩვენ, პირიქით, ევროპულ ტრიბუნას ერთმანეთთან საბრძოლველად ვიყენებთ. რამდენიმე ევროდეპუტატმა გვითხრა, აქ ნუ იომებთო, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს ეს არ ესმით.
– საბოლოოდ, ასეთი ვითარება ხომ ქვეყნის მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს? პარტნიორ ქვეყნებთან ქვეყნის ურთიერთობები ფუჭდება. ეს ბრძოლა, კონკრეტულად, რეზოლუციის ჩავარდნა რა შედეგს მოიტანს?
– თქვენს კითხვაში პასუხიც იკითხება. გარკვეულ პერიოდში ეს ევროინტეგრაციის შეფერხებას გამოიწვევს, შეაფერხებს საქართველოს დაახლოებას ევროპასთან.
– ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება, რომ ოკუპანტ ქვეყანას რაღაცნაირად უკან დავახევინოთ. ამ შემთხვევაში რუსეთისთვის რას ნიშნავს, როდესაც ერთ აზრზე ვართ და შეთანხმებას ვერ ვახერხებთ?
– რუსეთი ყოველთვის ახალისებდა საქართველოში შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებს. საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება რაც მეტად დაძაბული იქნება, მით უკეთესი მისთვის, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად გადავიტანთ შიდა დაპირისპირებას საერთაშორისო არენაზე – ევროსტრუქტურებში, ამერიკის სამთავრობო სტრუქტურებში, მით უკეთესი იქნება რუსეთისთვის.
რაც უფრო მეტად დაქსაქსულები ვიქნებით და დაპირისპირებას ქვეყნის გარეთ გადავიტანთ, რუსეთზე მით ნაკლები ზეწოლა მოხდება, მეტად გაჭიანურდება ყველაფერი, რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ევროპასთან დაახლოება.
– რატომ ვერასოდეს ვთანხმდებით შიგნით და ჩვენი შიდა საქმეები უცხო ქვეყნების განსახილველი რატომ ხდება, პრობლემა რა არის?
– ბევრი პრობლემაა, პირველ რიგში, ღირებულებების იდეების არქონა. გაუგებარია, პარტიები რა იდეებს ატარებენ, რაზე არიან საერთოდ დაფუძნებული. მათთვის პირველხარისხოვანია არჩევნების მოგება და ძალაუფლებისთვის ბრძოლა და არა ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე გაყოლა.
ამ ვითარებას ვუყურებთ 30 წელია, რასაც, სამწუხაროდ, ბოლო არ უჩანს. იცვლება მსოფლიო, იცვლება რეალობები, გარემოებები, საერთაშორისო ვითარება, იცვლებიან პოლიტიკოსები, მაგრამ ჩვენთან გვარებიც კი არ იცვლება. ერთსა და იმავე პოლიტიკოსებს ათეული წლებია, ვუყურებთ და ჭკუას ვერ ვსწავლობთ, წრეზე ვტრიალებთ.
– პრობლემა ჩვენს პოლიტიკურ სპექტრშია?
– პრობლემა პოლიტიკურ სპექტრშიც არის და, ალბათ, საზოგადოებაშიც. ვერ ვახერხებთ იმას, რომ გარკვეულ ძალებს სამუდამოდ ვუთხრათ არა, რათა მათი ჩანასახიც არ იყოს.
– ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების წერილებისა და ევროინტეგრაციის კომიტეტის რეზოლუციის შემდეგ გაჩნდა აზრი, თითქოს ხელისუფლება საგარეო ვექტორს იცვლის. რას შეიძლება ეფუძნებოდეს ეს აზრი, მართლა არის ამის ნიშნები?
– ეს აზრი სრულიად უსაფუძვლოა. თუ ხელისუფლება საგარეო ვექტორს ცვლის, რა უნდათ ევროპაში, ან რა უშლის ხელს, რომ საგარეო ვექტორი შეცვალოს მაშინ, როცა ერთხელ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდა პარლამენტში, ახლაც უმრავლესობაში არიან. საიდან ეშლებათ ხელი, თუ ვექტორის შეცვლა უნდათ. ოპოზიცია გაუწევს წინააღმდეგობას თუ რა. ამიტომ აბსურდია.
– ოპოზიცია?
– ოპოზიცია საგარეო ვექტორთან დაკავშირებით გაუგებრად თავად იქცევა. სულ ახლახან ოპოზიციურმა ძალებმა აჟიოტაჟი ატეხეს (განსაკუთრებით, ნაცმოძრაობამ და “ევროპულმა საქართველომ”), არჩევნების შემდეგ მთავრობის უმრავლესობას არ ჩამოაყალიბებენ პრორუსულ ძალებთან ერთად და ხელისუფლებას იმავე წინაპირობის შესრულება მოსთხოვეს.
ნაცმოძრაობამ, “ევროპულმა საქართველომ”, მათთან გაერთიანებულმა მცირე პარტიებმა და ხელისუფლებამაც განაცხადეს, რომ პრორუსულ ძალებთან ბლოკის შექმნასა და უმრავლესობის ჩამოყალიბებას არ აპირებენ.
რა მოჰყვა ამას? თვითონ ოპოზიციური ჯგუფები (პრორუსული, არაპრორუსული და პროდასავლელ ძალებად წოდებული) დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რაც სრული აბსურდია. თუ სხვას აბრალებ ვექტორის შეცვლას, მაშინ შენ თანმიმდევრული უნდა იყო.
– ოპოზიცია ერთად დასხდომას პროპორციული საარჩევნო პროექტის ჩავარდნას უკავშირებს.
– ამას ვერაფერი ამართლებს, ვერც საარჩევნო მოდელისთვის ბრძოლა. ან ზიხარ მათ გვერდით მოლაპარაკების მაგიდასთან, ან არ ზიხარ. თუ საარჩევნო მოდელის შეცვლის საკითხში თანამშრომლობ, მაშინ რატომ არ შეიძლება ბლოკის შექმნა და მთავრობის ჩამოყალიბება, თუ სხვა გზა არ არსებობს, როგორც მოხდა ეს მოლდოვაში და ძალიან ცუდად დამთავრდა. ფაქტობრივად, ხელისუფლება პრორუსულმა პარტიებმა ჩაიგდეს ხელში. ეს მოხდა პრორუსული და პროდასავლური პარტიების გაერთიანებით, ძალიან რომ უყვართ მოლდოვის მაგალითის მოყვანა.
– მე მგონი, აღარ დაეძებენ პროდასავლურობასა და პრორუსულობას, მათთვის მთავარი ხელისუფლების დამარცხებაა.
– ახლა გამოაცხადეს, რომ ის ხალხი, რომელიც შალვა ნათელაშვილის ოფისში იკრიბება, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებს გადაინაწილებს. თბილისში პარტიების ლიდერები თავიანთ კანდიდატებს დააყენებენ და ერთმანეთს კანდიდატებს არ დაუყენებენ. ეს იმას ნიშნავს, სადაც ნაცმოძრაობის კანდიდატები იქნებიან, იქ პრორუსულმა პარტიებმა, იმავე ნინო ბურჯანაძემ თავისი კანდიდატი არ უნდა დააყენოს.
სადაც ნინო ბურჯანაძე კანდიდატურას დააყენებს, იქ ნაცმოძრაობამ და სხვა პარტიებმა კანდიდატურა არ უნდა დააყენონ. ეს არ არის პრორუსულ ძალებთან თანამშრომლობა და ხელშეწყობა არ არის, რომ პრორუსული პარტიები ხელისუფლებაში მოვიდნენ? ანუ ლოგიკა და თანმიმდევრობა მათ განცხადებებს აკლია. თითიდან გამოწოვილი ურთიერთბრალოდებები მხოლოდ ქვეყნისთვის არის საზიანო.
– ბურჯანაძე ოპოზიციამ გამოიყენა – მოსკოვში გააგზავნა, რომ, თუ არეულობა იქნებოდა, კრემლი საქართველოს შიდა საქმეებში არ ჩარეულიყო. ნინო ბურჯანაძის ვიზიტისას კრემლმაც გააკეთა განცხადება, თითქოს საქართველოს შიდა საქმეებში არ ერეოდა.
– მაგ წვრილმანებზე არ ვიმსჯელებ.
– როგორ ფიქრობთ, მას შემდეგ, რაც უგულავა დააპატიმრეს, ოპოზიცია კვლავ მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას?
– გადაწყვეტილების მისაღებად ორი კვირა დარჩათ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, შემდეგ ცვლილებების ვადა იწურება, პროცედურულად ვერ ესწრება. დანარჩენი მათი გადასაწყვეტია. მათ განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას არ აპირებენ, რაც ცუდი იქნება. ისევ მოგვიწევს უარესი მოდელით არჩევნების ჩატარება, ვიდრე შეთავაზებული ვარიანტია.
100/50-ზე უბრალო ციფრები არ არის. ეს არის ორი მესამედი ერთ მესამედზე. დღეს გვაქვს ნახევარი ნახევარზე. ნახევარი ნახევარს, ორი მესამედი ერთ მესამედზე ვარიანტი რომ ჯობს, ყველასათვის გასაგები უნდა იყოს. ბევრი ქვეყანა წავიდა ამ გზით, მათ შორის, იტალია, რომელსაც პროპორციული საარჩევნო სისტემა ჰქონდა და 2017 წელს შეიცვალა. ჩვენთან რატომღაც ამოიჩემეს. უკეთესი ქვეყანა ვერ ნახეს მსოფლიოში და ავღანურ მოდელს ითხოვენ.
– კარგი იქნება, თუ ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ქვეყანა არ დაზარალდება.
– უკვე დაზარალებულია. უბრალოდ, დიდი ხანია, ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ყველაფერს ხელს უშლის, დაწყებული ტურისტების შემცირებიდან, გაგრძელებული ინვესტიციების შემცირებით. როცა საერთაშორისო დერეფნებში, აშშ-ში თუ სხვაგან ჩააქვთ ყალბი ინფორმაციები, რომლებიც შემდეგ სენატორების საჯარო წერილებში ვრცელდება, რომ საქართველოში ეკონომიკური ვარდნაა, მაშინ, როცა ეკონომიკური ვარდნა კი არა, მატებაა, ეს ხომ პირდაპირ ინვესტიციების შემაფერხებელია.

