ბექა ნაცვლიშვილი – “მერაბიშვილის ხელისუფლებაში მობრუნება გამორიცხულია!”

ბექა ნაცვლიშვილი - “მერაბიშვილის ხელისუფლებაში მობრუნება გამორიცხულია!”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ბექა, ციხიდან გამოსულმა ვანო მერაბიშვილმა ხელისუფლების დამხობაზე და მატროსოვის ციხის კარების ფართოდ გაღებაზე ისაუბრა. როგორ ფიქრობთ, მერაბიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება ქვეყანაში პროცესებს შეცვლის?
– ვერ შეცვლის! ვერაფერს ვერ შეცვლის. თუ ისეთი მოკლე მახსოვრობა გვაქვს, რომ ასეთი ჯალათების განცხადებას ვინმე პოზიტიურად გამოეხმაურება, მაშინ ღირსიც ვყოფილვართ. თუ ვინმეს ოდნავ მაინც აუჩუყებს ეს განცხადება გულს, მაშინ არც წარსულის გააზრების და არც მომავლის განსაზღვრის უნარი არ გვქონია. მე კი სრულიად საწინააღმდეგოს ვფიქრობ ქართველ ხალხზე.
ეს უფრო საკუთარი მხარდამჭერების მამობილიზებელი განცხადება იყო, ვიდრე რაიმეს შეცვლაზე ორიენტირებული. დამერწმუნეთ, მერაბიშვილი ვერაფერს გახდება, რაც უნდა მოინდომოს.
– ოპოზიციური გაერთიანება მოსწონს, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით აპირებს აქტიურობას. მიიღებს ოპოზიცია?
– ვიღაცეები ისე ელოდებიან, რომ მიიღებენ, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ არ მიიღონ და დასვენება ურჩიონ. შეიძლება ერთი კვირა გაგრძელდეს ვანო მერაბიშვილის ირგვლივ მოვლენები, დაინტერესება, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ის აქტუალური აღარ იქნება. ყველას დაავიწყდება.
– მაინც როგორ წარმოგიდგენიათ მერაბიშვილის პოლიტიკური აქტიურობა?
– შეიძლება ერთი რიგითი ლიდერი გახდეს თავის პოლიტიკურ სპექტრში, მაგრამ ეს ვერაფერს შეცვლის.
– ხელისუფლებაში მობრუნებას, კვლავ თავისი სტატუსის აღდგენას შეძლებს? ხერხემლად იყო აღიარებული…
– როგორ?! რანაირად?!
– პოლიციას მიმართა, შეიძლება კვლავ პოპულარული იყოს პოლიციაში?
– როგორ უნდა აღუდგეს სტატუსი, არჩევნები ხომ უნდა მოიგოს?! მე არ მგონია, რომ ვანო მერაბიშვილს დღეს ვინმემ, საკუთარი ოჯახის წევრების გარდა, ხმა მისცეს!
“ქართული ოცნება” მართლაც მუტაციას განიცდის, ბევრმა დავტოვეთ ხელისუფლება, მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, პოლიტიკას სულაც თავი რომ დავანებოთ, როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ქვეყანაში ჯალათი კიდევ ერთხელ გახდეს შინაგან საქმეთა მინისტრი?! მე ეს წარმოუდგენელი მგონია.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც წინ ვართ, საზოგადოება გაიზარდა, საზოგადოება დემოკრატიულ არჩევნებს ითხოვს. სამართლიანობას, კანონის უზენაესობას, ქვეყანაში დემოკრატიას ითხოვს და არა – ვანო მერაბიშვილს! ცხადზე ცხადია, რომ მის მობრუნებას არავინ დაუშვებს, ეს გამორიცხულია.
– რაც უნდა გაბრაზებულები იყვნენ “ქართულ ოცნებაზე”?
– დიახ, მაგრამ ერთია გაბრაზება და მეორე – ნაციონალური მოძრაობის და მერაბიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება.
დამერწმუნეთ, ჩვენი, “ქართული ოცნების” ყოფილი წევრების, რომლებმაც უმრავლესობა დავტოვეთ, უკმაყოფილება ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებზე ბევრად უფრო მეტია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ერთი მეორე უვარგისით ჩავანაცვლოთ.
– და რა უნდა გაკეთდეს, რომ ამომრჩეველი ასეთი არჩევანის წინაშე არ დადგეს?
– მრავალფეროვანი არჩევნები უნდა იყოს, ჩვენ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას და ვეცდებით “ქართული ოცნების” დამარცხებას.
– პოლიტიკური პროცესი ჩიხშია შესული. რამდენად შესწევს უნარი ხელისუფლებას, რომ ეს პროცესი ჩიხიდან გამოიყვანოს?
– უპირველეს ყოვლისა, ამის პოლიტიკური ნება უნდა იყოს. პოლიტიკური ნების შემთხვევაში პრობლემას ვერ ვხედავ. თუ ეს ნება აღმოაჩნდება ხელისუფლებას, პოლიტიკური პროცესი თავისით დაუბრუნდება კალაპოტს.
დღეს ხელისუფლება ძალის დემონასტრირებით, უფრო ზუსტად კი “მე ვარ და ჩემი ნაბადი” – ამ პოზიციით ცდილობს, თავისი გაიტანოს. გონივრული ნაბიჯები რომ გადაედგა და მთელ პოლიტიკურ სპექტრთან დაეწყო დიალოგი, პოლარიზაცია რომ არ ყოფილიყო მისი მიზანი, მაშინ ეს ჩიხური რეალობა არ გვექნებოდა.
– არჩილ თალაკვაძეს შეხვდით?
– არა. დამოუკიდებელ დეპუტატებს, ვინც წამოვედით “ქართული ოცნებიდან”, შეხვედრა გვექნება, რომ შეჯერებული პოზიციით წარვდგეთ. ნაციონალური მოძრაობის და “ქართული ოცნების” გარდა, სხვა პოლიტიკური ძალებიც არიან ბევრად უფრო უკეთესი წარსულით, უკეთესი ცოდნითა და ხედვით ამ ქვეყნის მომავლის.
– 100-50-ზე მისაღებია?
– ეს წინადადება ისედაც არის. ლაპარაკია უფრო ნაკლებ მაჟორიტარებზე და პროპორციულ სისტემაზე უფრო დაბალი ბარიერით. ცალ-ცალკე მოლაპარაკებები კი ამ პროცესის გახლეჩვის მცდელობა და დროში გაწელვა იქნება.
ასეთ შემთხვევაში ისევ მოქმედ საარჩევნო სისტემას მივიღებთ.