ბიძინა გუჯაბიძე – ”გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმრები არ არიან”

ბიძინა გუჯაბიძე - ”გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმრები არ არიან”მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
პოლიტიკურ პროცესებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დეპუტატ ბიძინა გუჯაბიძეს.
– თუ საარჩევნოდ არაფერი შეიცვალა, ოპოზიციური ერთობა აპირებს ერთმანეთთან შეაჯეროს მაჟორიტარების კანდიდატები. პირველი შეთანხმება ამ საკითხზე უკვე მოხდა. მომავალში შეჯერებულ გვარებსაც დაასახელებენ. ხომ შეუძლია, ოპოზიციას მთელ რიგ ოლქებში მოუგოს ხელისუფლებას?
– ოპოზიციას საამისოდ ძალიან მცირე შანსი აქვს. ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება იმის თქმა, რომ თუ კანდიდატურები შეათანხმა, ოპოზიცია მოიგებს. გააჩნია, ვის სად წამოაყენებს „ქართული ოცნება“.
– თქვენ სხვა პარტიებთან თანამშრომლობის გამოცდილება გაქვთ. ძნელია ოპოზიციურ პარტიებს შორის კანდიდატებზე შეთანხმება?
– ეს საკმაოდ პრობლემატურია. ყველა ორგანიზაციას თავისი კანდიდატის წამოწევა უნდა. ეს უთანხმოებას იწვევს. თანხმობა მიიღწევა მაშინ, თუ სხვები თავის ინტერესს დათმობენ. არც ესაა ოპოზიციის გამარჯვების გარანტია.
– საპყრობილედან გამოსული სასჯელმოხდილი ვანო მერაბიშვილი ქართული პოლიტიკის სფინქსად იქცა. მასზე ბევრს საუბრობენ და მის მომავალ როლს პოლიტიკაში სხვადასხვანაირად ხედავენ. თქვენ რას იტყოდით?
– ვანო მერაბიშვილს ძალიან ცუდი წარსული აქვს. ამაზე საზოგადოება შეთანხმებულია. მისი დადებითი როლი ძნელად წარმოსადგენია.
– ბევრი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილმა დანაშაულზე პასუხი აგო, სასჯელი მოიხადა და განწმენდილი და ავტორიტეტიანი დაუბრუნდა საზოგადოებას.
– სასაჯელი რომ მოიხადა, ვიცით. ყველაფერს აქვს მორალური მხარეც. ციხეში იჯდა, გამოვიდა, მაგრამ ამით რეპუტაცია გამოისწორა?! მისი მძიმე წარსული ყველას დაავიწყდა? ასე არ არის საქმე.
ვანო მერაბიშვილი მონაწილეობდა უამრავი ადამიანის დახოცვაში, მისი გამოისობით ძალიან ბევრი ოჯახი გაუბედურდა. ადამიანის სოცოცხლის ხელყოფა უმძიმესი დანაშაულია. ვინც ამბობს, ვანო მერაბიშვილი ავტორიტეტითა და განწმენდილი გამოვიდაო, ის მისი მომხრე და გულშემატკივარია. სხვა მოქალაქეები ასე არ ფიქრობენ. სადაც უნდა იყოს ვანო მერაბიშვილი, ხალხი მას წარსულს ყოველთვის გაუხსენებს.
– არსებობს ასეთი მოსაზრებაც – „ქართულ ოცნებას“ ვანო მერაბიშვილის ეშინია იმის გამო, რომ იგი დიდი საიდუმლო ინფორმაციის მატარებელია, აქვს კომპრომატები, ჩანაწერები.
– როცა ადამიანი შს მინისტრი და პრემიერი იყავი, ცხადია, ინფორმირებული იქნები. მერაბიშვილი-სააკაშვილის რეჟიმი ხალხს უთვალთვალებდა, უსმენდა და უკანონო ჩანაწერებსაც ინახავდა. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებაზე“ მას არანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ აქვს. ვანო მერაბიშვილს ისეთი საიდუმლო ინფორმაცი ვერ ექნება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე დააზიანებს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას და მმართველ პარტიას მისი რატომ უნდა ეშინოდეს, არ მესმის.
– მმართველ პარტიაზე არასახარბიელო მონაცემები ისედაც ვრცელდება. მაგალითად, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა 2017-2019 წლებში ჯამში შეიძინეს 6 მილიონ 900.000-ზე მეტი ქონება. ეს ხდება იმ დროს, როცა ხალხს შიმშილით სული ძვრება.
– შესასწავლია, კანონიერად და ლეგალური თანხებით არის შეძენილი ქონება თუ არა. ვისაც პრეტენზია აქვს, შეუძლია, მიმართოს პროკურატურას ან სასამართლოს. საერთოდ, ქონების ყიდვა აკრძალული არ არის.
– ეს ცუდად არ მოქმედებს ადამიანებზე, ვისაც შვილები მშივრები ჰყავს, ან ვისაც სოციალური დახმარებას მოუხსნეს?
– ეს პოპულისტური მიდგომაა. სიღარიბე ცუდია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა, შეძლებულ ადამიანს არა აქვს ქონების ყიდვის უფლება. მთავარია კანონიერება.
– საზოგადოებას კანონიერებისა და მართლმსაჯულების მიმართაც აქვს შენიშვნები. ითვლება, რომ ამ ხელისუფლებამ გადმოიბარა სააკაშვილის მანკიერი სასამართლო სისტემა.
– ზოგიერთი მოსამართლის უვადოდ დანიშვნას მეც არ მივესალმები, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი სისტემა გადმოიბარა. მოსამართლეების კანდიდატების განხილვა-დამტკიცების პროცედურა უკიდურესად გამჭვირვალე და დემოკრატიული იყო. ზოგიერთი ცუდი მოსამართლის გამო მთელი სისტემა არ უნდა ამოვსვაროთ. სისტემა იგივე რომ იყოს, გააგრძელებდა თავის დანაშაულებრივ საქმიანობას. ახლანდელი სასამართლო ბევრად უკეთესია.
– ამაში ბევრი არ დაგეთანხმებათ. მაგალითად პოლიტპატიმრების არსებობას დაასახელებენ.
– ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა ეწეოდნენ პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა, მათი დაკავება პოლიტიკას არ უკავშირდება. ისინი პოლიტპატიმრები არ არიან. ამაში დარწმუნებული ვარ.
– მომავალ არჩევნებს დავუბრუნდეთ. „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ ერთობას შორის, რომლებმაც საარჩევნო საკითხებზე დიალოგი შეწყვიტეს, შეთანხმება შესაძლებლად მიგაჩნიათ?
– „ქართული ოცნების“ შეთავაზებაა 100:50-ზე. 100 პროპორციული ადგილი კარგი ვარიანტია და დღევანდელ მოდელს სჯობია. ოპოზიცია ამას უნდა დათანხმდეს. თუ ისევ უარზე იქნება, მაშინ არჩევნები გაიმართება ისევ 77:73-სისტემით. მაჟორიტარების კანდიდატებზე საუბრის დაწყება იმას ნიშნავს, რომ რომ ოპოზიცია შეგუებულია მოქმედი სისტემის დატოვებას.
– პოლიტიკაში დაბრუნდა მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მას რა ფუნქცია ექნება?
– აბა, რა გითხრათ! მას ოპოზიციაში ცოტა გაუჭირდება. მას ყველა ხელგაშლილი არ დახვდება. თვითონაც არ აუმაღლდება ავტორიტეტი. დარწმუნებული ვარ, გიორგი მარგველაშვილის დაბრუნება პოლიტიკაში მისი შეცდომაა. შეიძლება მისი კანდიდატურა სადღაც ჩავარდეს, არ გავიდეს, მერე დაიწყებენ ხმაურს, არჩევნები გაგვიყალბესო.