მურმან დუმბაძე ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციაში ეპატიჟება

მურმან დუმბაძე ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციაში ეპატიჟებანათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო მურმან, ხელისუფლება ევროპარლამენტს მისიის შექმნას და გიგი უგულვას საქმის შესწავლას სთავაზობს. რამდენად რეალურია, რომ მართლაც მსგავსი რამ მოხდეს?
– ჩამოვიდა ეს მისია და დაადგინა, რომ უზენაესმა სასამართლომ არასწორად მიუსაჯა გიგი უგულავას, მერე რა ხდება?! სასამართლოს გადაწყვეტილებას შეცვლის ეს მისია, თუ რას იზამს?! დროის გაყვანის ტაქტიკაა, მეტი არაფერი. ბიძინა ივანიშვილისთვის ახლა ყველა წუთი მნიშვნელოვანია.
იმ ყველაფრის მერე, რაც 21 ივნისს ქვეყანაში მოხდა, ივანიშვილი აიჭრა. გვითხრა, პარლამენტში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ წავიდნენ და ამიჯანყდნენო. ამავე დროს, ყველა ეს ადამიანი დაწინაურდა, ხოლო ისინი, ვინც დანაპირების შესრულებას ითხოვდნენ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციაში წამოვიდნენ. ასეთია რეალობა.
მე რჩევა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან: თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიდის გუნდი, ეურჩებიან, მაშინ გაემიჯნოს ამ ადამიანებს, შექმნას დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია და მოვიდეს გაერთიანებულ ოპოზიციაში, მრგვალ მაგიდასთან და თქვას, რომ ტოვებს ხელისუფლებას და ოპოზიციაში გადადის. რომ ეს ხალხი გადამგდები ხალხია, რომ პროპორციული არჩევნები ქვეყანას ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანს.
– მიიღებთ?
– თუ მოვა ოპოზიციის მრგვალ მაგიდასთან და იტყვის, ვიქნები ერთი წევრი ერთი ხმით, მაშინ მივიღებთ. ცხადია, ნული პროცენტითაც კი არ ვუშვებ ამ შესაძლებლობას, რადგან ივანიშვილს სწორედ ძალაუფლება უნდა, რომ თავისი ქონება დაიცვას. ის ფიქრობს, რომ ახალი ხელისუფლება მას ქონებას ჩამოართმევს და ციხეში გაუშვებს.
ეს ასე არ იქნება. მე ვიქნები ამის კატეგორიული წინააღმდეგი. თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ მიმართულებით, ამას მთელი ძალით შევეწინააღმდეგები.
ეს ერთხელ და საბოლოოდ დასრულდება. დამოუკიდებელი სასამართლო, უცხოელი ინგლისელი, ფრანგი, ამერიკელი მოსამართლეები გადაწყვეტენ ობიექტურად და მიუკერძოებლად, რა და როგორ. სასამართლო, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკისგან სრულად იქნება დაცლილი.
– როგორ უზრუნველყოფთ ამას?
– უზრუნველვყოფთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ იგივე ჩაკეტილ წრეზე ვიტრიალებთ, როგორც ეს 30 წელი. ჩემი პოზიციაა, სასამართლო ხელისუფლება უცხოელ მოსამართლეებს გადავცეთ.
– ნიკა მელიას საქმე პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს გადასცა. შეიძლება დააკავონ?
– არაფერს არ გამოვრიცხავ, ეს კაცი ვაბანკზე მიდის.
– გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე რას იტყვით?
– მარგველაშვილი და კვირიკაშვილი ალბათ უფრო “ლელოს” მიმართულებით იხედებიან, მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების პოლიტიკაში დაბრუნება უფრო პოზიტიურია, ვიდრე ნეგატიური. ახლა მოქალაქის სახლში ჯდომა თბილ ბუხართან დიდი ფუფუნებაა. არც ის არის საკმარისი, რომ მხოლოდ ფეისბუკ პოსტებით შემოიფარგლონ ან ჟურნალისტების კითხვებზე პასუხებით. ნამდვილად არის აქტიურობის, მოქმედების დრო, ამას ახლა ჩვენი ქვეყანა ითხოვს, რომელიც პრაქტიკულად განსაცდელშია.
ამდენი წელია, პოლიტიკაში ვარ და ის, რაც სტრასბურში მოხდა, ევროპარლამენტარების განცხადებები, ასეთი რამე მე არ მახსოვს. ეს იყო პირდაპირი შტურმი ხელისუფლების მისამართით. ცოტა ხანში ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების წერილები სანატრელი გაუხდება ხელისუფლებას
– ზვიად ძიძიგური არ გამორიცხავს ვადამდელ არჩევნებს, რომელიც შეიძლება აპილში ან მაისში დაინიშნოს. რამდენად ელოდებით ვადამდელ არჩევნებს?
– როდესაც ხელისუფლებაში ვიყავი, თანამდებობრივად მიწევდა უმრავლესობის სხდომებზე დასწრება. ივანიშვილი ამ სხდომებზე ხშირად ახსენებდა ვადამდელ არჩევნებს.
– რატომ?
– თუ ვინმე შეეწინააღმდეგებოდა, მოსაზრების დონეზე განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა იმ საკითხზე, რომელსაც ის აყენებდა, მაშინვე ვადამდელი არჩევნებით გვემუქრებოდა. იტყოდა, თუ ეს საკითხი არ გავა, მაშინ მე ვადამდელ არჩევნებს დავნიშნავ. ის ამით გვეუბნებოდა, რომ მე ვარ პარლამენტიც, კონსტიტუციაც და ყველაფერი.
რა თქმა უნდა, მე სულაც არ გამოვრიცხავ ვადამდელ არჩევნებს. ეს საკითხი აუცილებლად დადგებოდა, გუნდიდან ამდენი წასვლების შემდეგ ის იტყოდა, ვადამდელ არჩევნებს დავნიშნავ და ამით დავამთავრებ ყველაფერსო. ამას მე სულ არ გამოვრიცხავ. მაგრამ ვადამდელი არჩევნები ოპოზიციის განხილვის ერთ-ერთი საგანია. ეს ვარიანტი არის მრგვალ მაგიდასთან განხილული და ამისთვის ჩვენ ვემზადებით.
– 4 აპრილს რა იქნება? 100 ათას ადამიანს გამოიყვანთ?
– არა, არა, 100 ათასი კაცი რუსთაველის გამზირზე არასდროს არ მოსულა! როდესაც შევარდნაძე გადადგა, მაშინ იყო მაქსიმუმი და ეს იყო 30 ათასი ადამიანი, რომელიც რუსთაველზე მოვიდა.