„ყველა შენი კლასელი რაფერ გამოდგა…  არადა ბაბუშენი იძახოდა პროფესორი გამუაო“ – რა წერილი მიიღო გიორგი კეკელიძემ დედისგან

„ყველა შენი კლასელი რაფერ გამოდგა...  არადა ბაბუშენი იძახოდა პროფესორი გამუაო“ - რა წერილი მიიღო გიორგი კეკელიძემ დედისგან“2001 წელია. ჩემი სტუდენტობის პროლოგი. პირველი კურსი. ესეთი ხანია, რომ ჯერაც ოთხმოცდაათიანები გვკიდია ზურგზე, თუმცა უკვე ხელებს სადღაც გაურკვეველ მომავალში ვაფათურებთ ბრმად. ამ ფათურისას თითებს ბევრ რამეს წამოკრავდი და მათ შორის აუცილებლად იყო რაღაც უცხო თარიღები, კიდევ უფრო უცხო სახელებს რომ უკავშირდებოდა. ჯერაც ის დროა, რვა მარტი რომ მეტად არის შეყვარებულის და უკანასკნელი თეთრების შემაშინებლად ხანგრძლივი, საშინელი სუნის „დუხებში“ დახარჯვის დღე. ის დროა, მაგრამ უკვე ვალენტინობაზეც მოგვესმა. გავიგეთ, რომ შეყვარებულების თარიღია ევროპაში. ის მთლად ზუსტად ვერ გავიგეთ, ვინ იყო ვალენტინი – უმეტესს ვალენტინა და ზოგს, საბჭოთა სახელმძღვანელოებგამოვლილს, საერთოდ ვალენტინა ტერეშკოვას საქმე ეგონა, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესო ნაწილად მოჩანდა. ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ გზის და საჭმლის ფული უკვე გამოგზავნილი აქვთ, ვიღაც გოგო მომეწონა. ეს ორი ამბავი ერთმანეთს ერთ წინადადებაში იმიტომაც უკავშირდება, რომ ფული მჭირდება. და ფული იმიტომ მჭირდება, რომ ვალენტინობა მოდის.

დავწერე წერილი, სადაც ახალ საგანზე, მკაცრ ლექტორზე და ამ ლექტორის დავალებულ უამრავ წიგნზე ეწერა დაწვრილებით და გულისშემძვრელად. ეწერა ისიც, რომ წიგნები ძალიან ძვირი ღირდა და არც მინდოდა, უბრალოდ ქსეროქსის ფული მჭირდებოდა – 20 ლარი. წერილი, რა თქმა უნდა, სახლში გავაგზავნე და სამ დღეში ვაგზალზე დავხვდი წითელ „მარშუტკას“. „მარშუტკის“ მძღოლმა საიდუმლო სახით და სწრაფი მოძრაობით გადმომცა ტილოში გახვეული საგანი, რომლიდანაც ოციოდ ნაბიჯის გამოვლის შემდეგ, საიდუმლო მოძრაობითვე დავაძრე მჭადი, და მჭადის ზურგთან ჩაჩურთული კონვერტი 20 ლარით და წერილით. აღელვებით ჩავირბინე კიბეები და იმ გრძელ დახლებს მივუახლოვდი, მეტროდან ვიდრე დინამომდე, რომ გაშლილიყო.

კაი “დუხს“ ვეძებდი. მოკლედ, ვიარე და ვარჩიე, ვარჩიე და ვიარე. ბოლოს, ერთს დავადგი თვალი. ორ ლარს დაგიკლებო, იმან. ორი ლარი დიდი ამბავი იყო. წავიღე ჯიბისკენ ხელი და ჰა! არაფერი. წამის მეასედში ყველა ჯიბე და თეორიულად მოჯიბო ადგილი მოვსინჯე, ლამის ჭადი გავტეხე და ის კიბეებიც გულუბრყვილო დაჟინებით ავირბინ-ჩამოვირბინე. არაფერიც! გაქრა 20 ლარი. განადგურებული ვიდექი. არ მახსოვს. შეიძლება ხუთი, შეიძლება 10 წუთიც კი. მერე ჯიბიდან ის წერილი ამოვიღე და წავიკითხე.

წერილში დედაჩემი წერდა: “ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, პლეტაზე ვათბობთ დასაბან წყალს და საჭმელის გათბობის დროზე შეიძლება დენი წევიდეს. მე ვერ გადამიყლაპია ზონდი და ნაწლავები ვერ გამომიკვლევია.

არ არსებობს ჩემი გადარჩენა, არგადარჩენიზა ვარ გაწირული, მარა. იფრიალე შენ ტაქსებით მაქანე, სამძიმარზე არ მიდი ნანულის დედასთან, ფული არ მქონდა ვარკეთილში გასვლისო და ტაქსებით ფრიალობ. ყოველდილა მოსატანია წყალი ჭიდან, რომელსაც შენი ოჯახის გარდა აღარვინ ათრევს, ვიფიქრეთ მატორს ვიყიდით, ჭაში ჩავდობთ და კიდო ფულს გვთხოვ. ყველა შენი კლასელი რაფერ გამოდგა, იმ დღეს რეზიკო ვნახე, ეკლესიაში იდგა, იმფერი გაკეთებულია, მოსუქებულია, ჩამოსული იყო ბებიამისის სანახავად.

არადა ბაბუშენი იძახოდა პროფესორი გამუაო. საავადმყოფოსთან, იმ გენოიეს ქარხანაში ცხობა პური და საწყალი მამაშენი იქამდე კილომეტრებს დათრაქუნობს, რომ პირში ლუკმა ჩევიდვათ. მეორე კურსზე ხარ უკვე. მაგი იმიზა ხდება, რომ ღვთის მცნებებით მცხოვრებლებს დასცინი. ვიხჩობი ხველით ამას რო გწერ, აგი ბოლოა იცოდე. ლელას ქმარს გამუატანედა მადლობა უთხარი რო ჩამუა. თბილად ჩეიცვი, მერე გზობა, მაგ კაცს ჟილეტს გამუვატან შიგნით ჩასაცმელს და წინდებს. ფულიზა აღარ დარეკო“ – წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.