ბექა ნაცვლიშვილი – „ვინც სამსახური დაკარგა, მთავრობამ კომპენსაცია უნდა მისცეს“

ბექა ნაცვლიშვილი - „ვინც სამსახური დაკარგა, მთავრობამ კომპენსაცია უნდა მისცეს“ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს.

– ბატონო ბექა, როგორ შეაფასებთ კორონავირუსის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ აქამდე გადადგმულ ნაბიჯებს?  

– მთავრობა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს უსმენს, მისი  მითითებით მოქმედებს, რაც კარგია, რადგან თვითშემოქმედება ძალიან საზიანო იქნებოდა. ეს ადამიანები პროფესიონალები არიან და მათი მუშაობით ვირუსის გავრცელება მეტ-ნაკლებად ჩარჩოებში მოექცა.

ჯანდაცვის სექტორი დღეს კერძოა, მე მაინც ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ მუნიციპალური საავადმყოფოების შექმნაზე უნდა იზრუნოს. სახელმწიფოს წილი უნდა გაიზარდოს ჯანდაცვის სექტორში, ეს ბევრად უფრო უკეთეს ჯანდაცვის სისტემას უზრუნველყოფს ქვეყანაში.

– პანდემიის დასრულების შემდეგ ექსპერტები მთელ მსოფლიოში ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობენ. რა უნდა გაკეთდეს მთავრობის მხრიდან ეკონომიკური მიმართულებით?   

– ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია: ჩვენ იმდენად მანკიერი ეკონომიკა გვაქვს, რომ კრიზისი, რომელიც უკვე დადგა და რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდება, ჩვენს ეკონომიკას მიწასთან გაასწორებს. ტურიზმი, რომელიც წამყვანი დარგი იყო, უკვე აღარ არსებობს. აღარ არსებობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ შოკის მერე, მინიმუმ ერთი წელი მაინც ეს სფერო ფეხზე ვერ დადგება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შემოსავლების კრიზისის იქნება, ადამიანებმა სამსახურები დაკარგეს.

მეორე, მომსახურების სფეროს, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ტურიზმთან ერთად აცოცხლებდა, დიდი საფრთხე შეექმნა. ჩვენ რომ გვქონდეს წარმოება განვითარებული, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტექნოლოგიები, მაშინ შეიძლება ჩვენი ეკონომიკისთვის ასეთი დარტყმა არ ყოფილიყო ეს პანდემია, მაგრამ ჩვენ არაფერს ვაწარმოებთ, დამოკიდებული ვართ იმპორტზე, ანგარიშსწორება უცხოურ ვალუტაზე ხდება, რაც ძალიან დიდი დარტყმაა ეროვნული ვალუტისთვის. ტურიზმის კლება, ფაქტიურად გაჩერება, უცხოეთიდან თანხების გადმორიცხვის შეჩერება, ეს ყველაფერი უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკაზე.

ადგილობრივი წარმოება უნდა განვავითაროთ, წარმოებას ალტერნატივა არ აქვს.  უნდა მივხვდეთ, რომ ყველაფერი უცხოეთიდან არ უნდა შემოვიტანოთ. ის პროდუქტები მაინც უნდა ვაწარმოოთ ადგილზე, რომელთა დეფიციტიც შეიქმნა. წარმოებისკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი! შეიძლენა სამი თვე სურსათის დეფიციტი არ შეიქმნას, რადგან მარაგები არსებობს, მაგრამ ჩვენ რადგან იმპორტზე ვართ დამოკიდებული, აუცილებლად შეიქმნება კრიზისი ამ მიმართულებით, ამიტომ ჩვენ ახლავე უნდა ვიფიქროთ ადგილობრივ წარმოებაზე.

– რას სთავაზობთ ხელისუფლებას? 

– პირველი, იმპორტის ჩანაცვლებას, რადგან ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებული იმპორტზე. ადგილობრივი წარმოება უნდა დავიწყოთ. მეორე, სოფლის მეურნეობა უნდა ავამუშაოთ. ქვეყანას შეუძლია მარცვლეულის  70% აწარმოოს, ჩვენ მხოლოდ 30%-ს ვაწარმოებთ. აგარის შაქრის ქარხანა დაკეტილია და დღეს შაქრის ფასი მსოფლიო ბაზარზე 30%-ით არის გაზრდილი.

ამ პირობებში უნდა გაუქმდეს ისეთი კანონები, როგორიც არის “ეკონომიკური თავისუფლების აქტი”, რომელიც ვალის აღებას გვიკრძალავს. ადგილობრივი წარმოების დასაწყებად ადგილობრივი ფინანსების მობილიზებასთან ერთად, ჩვენ ვალის აღება დაგვჭირდება.

ისეთი გლობალიზაცია, როგორიც იყო, დასრულებულია, ვეღარასოდეს აღდგება. თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ. დასასრულს მიუახლოვდა იქიდან გამომდინარე, რომ კრიზისის დროს ყველა იზოლაციონიზმის პოლიტიკას ირჩევს.

– საუბარია, რომ კარანტინში მყოფებს გარკვეული კომპენსაციები  მიეცეთ. რას იტყვით?      

– სოციალური პოლიტიკის მიმართულებით, იმედი მაქვს, ხელისუფლება გეგმას წარმოადგენს. იმ ადამიანებს, ვინც სამსახური დაკარგა, სახელმწიფომ კომპენსაციები უნდა მისცეს.

ეს ადამიანები ყოფნა-არყოფნის წინაშე აღმოჩნდებიან. მათ შემოსავლები ისედაც მიზერული ჰქონდათ, შესაბამისად, ვერანაირ დანაზოგს ვერ გააკეთებდნენ. ამიტომ, სახელმწიფომ ამ ადამიანებზე უნდა იზრუნოს. ფულადი კომპენსაცია რეალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ უნდა იყოს. საარსებო მინიმუმი 190 ლარია, ასეა განსაზღვრული, მაგრამ ეს არის ტყუილი, რადგან რეალური საარსებო მინიმუმი დღეს მინიმუმ 390 ლარია.

ბევრი მექანიზმი შეიძლება მოიძებნოს, მე ბიუჯეტის წარმოდგენას ველოდები, რადგან ბიუჯეტში უნდა განხორციელდეს ცვლილებები. ბიუჯეტში სოციალური ხარჯები გაზრდილი უნდა იყოს.