დავით უსუფაშვილი – „სასამართლოში პრობლემა არა ცუდმა მოსამართლეებმა, არამედ პოლიტიკოსებმა შექმნეს“

დავით უსუფაშვილი - „სასამართლოში პრობლემა არა ცუდმა მოსამართლეებმა, არამედ პოლიტიკოსებმა შექმნეს“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

ოცმა ოპოზიციურმა პარტიამ მართლმსაჯულების რეფორმის ხუთ პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელსაც მათი თქმით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაატარებენ თუ ხელისუფლებაში ოპოზიციურ პარტიათა კოალიცია მოვა. პარტიებმა აღნიშნულთან დაკავშირებით მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი.

მემორანდუმს ხელი არ მოაწერა რამდენიმე პოლიტიკურმა მოთამაშემ. მათ შორის ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობა „ლელოა“. რა არის მათი გადაწყვეტილების მოტივაცია და რა გავლენა შესაძლოა ჰქონდეს კორონავირუსს ქართულ პოლიტიკაზე, კერძოდ კი საარჩევნო მოდელის  (120/30-ზე) კონსტიტუციაში ასახვასთან დაკავშირებით? _ ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საუბრობს.

_ როგორია თქვენი ხედვა იმ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგინა ოპოზიციამ სასამართლოს გაჯანსაღებისთვის. „ლელოს“ წარმომადგენლები არ იყავით შეხვედრაზე. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ არ ეთანხმებით მემორანდუმს, რომელიც ამ საკითხზე გაფორმდა?

_ „ლელო“ სრულად იზიარებს საკითხის დასმას, რომ მართლმსაჯულების სისტემაში საჭიროა გადამჭრელი, მკვეთრი ზომების მიღება, მაგრამ „ლელოს“ ცოტა არ იყოს განსხვავებული ხედვები აქვს რამდენიმე ინსტრუმენტთან მიმართებაში. თუმცა, ვთვლით, რომ საწყის ეტაპზე ამაზე საუბრის დაწყება კარგია.

ამ განსხვავებულობის მიუხედავად, რის გამოც ჩვენ არ ვართ ამ ინიციატივაზე ხელის მომწერნი, ვთვლით, რომ მომავალში აუცილებლად მოხერხდება პოზიციების დაახლოება, რათა მომავალ პარლამენტში ეფექტიანი ნაბიჯები გადაიდგას მართლმსაჯულების სისტემის გამოსასწორებლად.

_ რა არის თქვენი ხედვა, რომელსაც არ ეთანხმებით და რომელიც რეფორმის გეგმაში უნდა იყოს წარმოდგენილი?

_ „ლელო“ უახლოეს ხანებში გააკეთებს „ლელოს“ მოდელის პრეზენტაციას. მანამდე არ მინდა კუპიურებად ამ თემაზე საუბარი. ყველას გვესმის, რომ ეს არის კომპლექსური პრობლემა, ამიტომ მას სჭირდება კომპლექსური პროგრამა. მაგრამ კარგია, რომ პრაქტიკულად სრულიად ოპოზიციური სპექტრი თანხმდება იმაზე, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება და ეს სისტემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის რამდენიმე ხელისუფლების დამანგრეველი პოლიტიკის შედეგი მართლმსაჯულების სისტემაში და საჭიროა გადამჭრელი ზომების მიღება.

ეს არის მნიშვნელოვანი თემა და მისასალმებელია, რომ ამაზე დაიწყო ოპოზიციამ მსჯელობა და ხედვების წარმოდგენა.

_ ის მაინც მითხარით, რას არ ეთანხმებით 20 პარტიის წარმოდგენილ ხედვაში?

_ ერთზე მიგანიშნებთ. მართლმსაჯულების სისტემაში პრობლემა შექმნეს არა ცუდმა მოსამართლეებმა, არამედ ცუდმა პოლიტიკოსებმა _ პრემიერებმა, მინისტრებმა, პრეზიდენტებმა. ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ იმას, რომ ცუდი პოლიტიკოსები მოვიწვიოთ მთავრობის მეთაურებად?!

_ ანუ, მიიჩნევთ, რომ უარი არ უნდა ვთქვათ ქართველ მოსამართლეებზე სრულად, როგორც ეს 20 პარტიის ხედვებში არის წარმოდგენილი?

_ მოსამართლეები არაფერ შუაში არ არიან. მე ვსაუბრობ ქართველ იურისტებზე. თუ სისტემა არის მახინჯი, ეს არის არა მოსამართლეებისგან მომდინარე პრობლემა, არამედ მოსამართლეების დაქვემდებარების ინტერესებით შეპყრობილი რეჟიმების პრობლემა.

ამ რეჟიმებს ნაციონალური მოძრაობის პერიოდშიც და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ხალხი ქმნიდა. სასამართლოც მათ მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე, რომელშიც დღეს იმყოფება ის.

ამიტომ, მე თემაზე ვსაუბრობ იმგვარად, რომ საქართველოში კვალიფიციური და პატიოსანი იურისტების პრობლემა არ არის. საქართველოში იყო და რჩება პრობლემა იმ ტიპის პოლიტიკური გუნდების თვალსაზრისით, რომელთაც ხელისუფლების დანაწილების სქემა სათანადოდ აქვთ გააზრებული და არ შეეცდებიან ან არ ცდილობენ თავიანთ ნებასთან დაქვემდებარებას _ ეს იქნება თვითმმართველობა, სასამართლო, უშიშროების სამსახურები თუ სხვა.

_ დღეს კორონავირუსი არის მსოფლიოში სერიოზული გამოწვევა, მათ შორის საქართველოშიც. ხომ არ ფიქრობთ, რომ ის მოახდენს გავლენას პოლიტიკაზე? კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურა ჩერდება თუ გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა. დიდი მსჯელობის შემდეგ მოხერხდა შეთანხმება საარჩევნო მოდელზე და ხომ არ ემუქრება საფრთხე მის განხორციელებას?

_ კორონავირუსი მარტო ქართულ პოლიტიკურ პროცესს კი არა, მსოფლიო გლობალურ ფუნქციონირებას დაემუქრა ისე, რომ ნახევარი მსოფლიო პარალიზებულია. ამიტომ, ამ ვითარებაში ჩვენ უნდა ვისურვოთ, რომ საქართველოშიც და სხვაგანაც რაც შეიძლება მალე მოხერხდეს სიტუაციის კონტროლში მოქცევა. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენი ფუნქციონირების ყველა უბანს და ასპექტს შეეხება, იქნება ეს ინდივიდუალური, ოჯახური თუ სახელმწიფოებრივი და ყველაფერს სერიოზულ ზიანს აყენებს ეს ვირუსი.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს კითხვა უფრო რიტორიკულია, ვიდრე კონკრეტული. იმდენად გლობალური მასშტაბისაა საფრთხე და იმდენად გლობალურად ემუქრება ყველას და ყველაფერს, რომ აქ ახლა ჩვენი საკონსტიტუციო პროცესი ზღვაში წვეთია. ზღვაში წვეთია იმ პრობლემებთან შედარებით, რასაც ვირუსი ქმნის. იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა გლობალურად მოგვარდება და არც ჩვენ შეგვექმნება საფრთხეები.

_ უმკლავდება თუ არა დღეს არსებულ გამოწვევებს საქართველოს ხელისუფლება როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკური გამოწვევების მხრივ?

_ მთავრობის ბოლო მოქმედებები როგორც უშუალოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, ისე ეკონომიკური და ფინანსური ინსტრუმენტების ამოქმედების მიმართულებით, ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც „ლელოს“ პოზიციებს ძალიან ემთხვევა. ჩვენ ბოლო 2-3 დღეში გვქონდა რამდენიმე საჯარო ღონისძიება, სადაც გავაჟღერეთ ამ ტიპის ღონისძიებანი, როგორც ფინანსური მექანიზმების შექმნა, ისე საბანკო სექტორის მხრიდან შეღავათები მოსახლეობაზე.

ასე რომ, ის პოზიციები, რაც ჰქონდა „ლელოს“ და რაზეც ამ ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვსაუბრობდით, ეს ხედვები აქვს მთავრობასაც და ამ მიმართულებით გადადგა მან ნაბიჯები.

მთავრობის მხრიდან გადადგმულ ამ ნაბიჯებს ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდაჭერა აქვს.