გია ხუხაშვილი – „ლელოში“ გაწევრიანებას არ ვაპირებ”

გია ხუხაშვილი - „ლელოში“ გაწევრიანებას არ ვაპირებ”იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება შედგა, თუმცა ჯერ ბოლომდე არავის სჯერა, რომ “ქართული ოცნება” პირობას შეასრულებს, რადგანაც ყველას აქვს მწარე გამოცდილება, როდესაც მმართველმა გუნდმა პირობა დაარღვია, მით უმეტეს, რომ მისი ლიდერები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების თემაზე შეთანხმება არ ყოფილა.

ამასთან ცნობილი ხდება „ედისონ რისერჩის“ კვლევა, რომლის მიხედვითაც “ქართულ ოცნებას” 39% უჭერს მხარს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას _ 23%. 8% უჭერს მხარს “ევროპულ საქართველოს”, ხოლო ლეიბორისტულ პარტიასა და პატრიოტთა ალიანსს 6-6%, ლელოს კი 5%-იანი ნდობა აქვს.

რა სურათს იძლევა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, აპირებს თუ არა „ლელოში“ გაწევრიანებას და რას ელოდება მიღწეული შეთანხმებების თაობაზე – შესრულდება შეთანხმება თუ ისევ დაირღვევა? _ ამ საკითხების შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს.

_ ქართული ოცნება ახლა მაინც შეასრულებს თავის დაპირებებს და შეთანხმებას შეასრულებს თუ ამჯერადაც მოსალოდნელია, რომ დასავლეთი da მთელი საზოგადოება გადააგდოს?

_ საერთოდ, “ქართული ოცნებისგან” არაფერს არ გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ უკვე დიდი ხანია, ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ლოგიკას არ ექვემდებარება, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელი მგონია, რომ მან ამჯერადაც არ შეასრულოს დაპირება, იმიტომ რომ ამაში პირადად იყვნენ ჩართულები ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები.

კიდევ ერთი მიზეზი რატომაც ამას არ გააკეთებს ის მგონია, რომ ეს იქნება “ქართული ოცნების” პოლიტიკური ჩამოშლა. ის, როგორც პოლიტიკური ძალა, საერთოდ დასრულდება. თუკი შენ არცერთი დაპირების შესრულება არ შეგიძლია, მაშინ წადი სახლში. ამიტომ ამ პროცესს ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ

_ მაშინ, რით აიხსნება ”ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებები, რომ პოლიტიკურ პატიმრებზე საუბარი არ ყოფილა?

_ არა, პოლიტიკური პატიმრების არსებობას ”ქართული ოცნება” არ აღიარებს. ეს უკვე არის ინტერპრეტაცია სხვადასხვა მხარეების მხრიდან. იქ კონკრეტულად რაზე იყო საუბარი, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით იქ საუბარი იქნებოდა კონკრეტულ პირებზე, კონკრეტული სახელებისა და გვარების განხილვა იქნებოდა. საუბარი იქნებოდა იმაზე, რომ საარჩევნო წელს კონკრეტული პირების დაჭერა პოლიტიკურ შეფერილობას იძლევა.

შეწყალება არ ნიშნავს ამ ადამიანების პოლიტპატიმრად აღიარებას. კარგი იქნება, ასეთი ნაბიჯი გადაიდგეს. ვნახეთ უგულავასა და რურუას წერილებში, რომ ისინი არ თვლიან ამას მთავარ საკითხად. ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ციხეში გატარებული ყოველი დღე მძიმეა, მაგრამ როდესაც მიზანი არის დიდი, ცოტა ხანს ციხეში ჯდომა უნდა შეგეძლოს. მათ თავის განცხადებებში ზუსტად ეს თქვეს.

”ქართული ოცნების” ტაქტიკა იგივე რჩება. მას დიდი რესურსი არ აქვს და უნდა წავიდეს იგივე ტაქტიკით, რომ იყოს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის და უარესი არის ნაციონალური მოძრაობა. ამასთანავე შეეცდებიან, რომ ოპოზიციაში მეტი ქაოსი შექმნან. ყველა ნაციონალურ მოძრაობასთან გააიგივონ, მაგრამ ეს გაცილებით რთული იქნება ამ ციკლში, ვიდრე წინა ციკლში იყო. ხოლო ვინც გვერდზე დარჩება, მათ ყველანაირი მეთოდებით გამოაცლიან რესურსებს.

_ „ედისონ რისერჩის“ კვლევით აქვს ოპოზიციას საამაყოდ საქმე? მართალია, ოპოზიციას აქვს მცირე უპირატესობა, მაგრამ არის ეს საკმარისი? ვერ იტყვი, რომ ცალსახად გაიმარჯვებს.

_ რა თქმა უნდა, ოპოზიციისთვისაც არ არის მთლად კარგად საქმე. მართალია, ”ქართული ოცნების” საქმე სულ უფრო უკან-უკან მიდის და მან თავისი რესურსი ამოწურა და თავისი ალოგიკური ქმედებების გამო ქვეყანა უკან-უკან მიჰყავს, მაგრამ ოპოზიციაც მრავალწახნაგოვანია. ოპოზიციაშიც არის კომპრომეტირებული ადამიანები და საზოგადოებას მისიც არ სჯერა.

ამიტომ გვაქვს ეს სურათი. ოპოზიციასაც ბევრი სამუშაო აქვს ამომრჩეველთან. რაც შეეხება იმას, თუ რა შანსები აქვს ოპოზიციას, მე ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიცია მძლავრად გამოიყურება, მაგრამ არც არის ამოცანა, რომ რომელიმე ერთმა ან კონსოლიდირებულმა ოპოზიციამ დაამარცხოს ხელისუფლება.

ისტორიის ამ ეტაპის ამოცანაა, რომ ჩვენ მოვახდინოთ ძალაუფლების უზურპაციის პრევენცია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მანკიერება გახდა საქართველოს უახლესი ისტორიის, როდესაც ერთი ძალა მოდის, მერე ირყვნება და ფაქტობრივად მიდის ძალაუფლების უზურპაციისკენ. ამის დაზღვევა ხდება ამ სისტემით, მთავარი ეს არის და ფაქტობრივად, მოცემულობა ისეთია, რომ თუ საარჩევნო პროცესი წარიმართა ჯანსაღად, ჩვენ ავცდებით როგორც წარსულში დაბრუნებას, ასევე, ამ აწმყოს დატოვებას.

რაღაც ახალი მომენტი გაჩნდება და ეს ახალი მომენტი, სავარაუდოდ, უნდა გაფორმდეს კოალიციური ხელისუფლების ფორმირებით, რაც შეიძლება მართვის ეფექტურობის თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტი არ არის, მაგრამ გვაზღვევს მთავარი მანკიერებისგან, ძალაუფლების უზურპაციისგან.

როგორც ჩანს, ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ ეს ეტაპი უნდა გაიაროს, უნდა ისწავლოს საუბარი, შეთანხმებები და შიდა ბალანსები, მრავალპარტიული ხელისუფლება მოახდენს იმის პრევენციას, რომ ერთი კაცის ხელში არ ჩავარდება ძალაუფლება და შემდგომი ფილტრაცია ალბათ 2024 წლისთვის რეალური პოლიტიკური ელიტის საფუძველს გააჩენს.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლელოში“ გაწევრიანებას გეგმავთ, ადასტურებთ ამ ინფორმაციას ან არის ამაზე რაიმე საუბარი?

_ მე როდესაც პოლიტიკურად ყველაზე აქტიური ვიყავი, მაშინაც კი არ გავწევრიანებულვარ არც ერთ პარტიაში. იცით, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაზე აქტიური ვიყავი 2011-12 წლებში, მართალია, მაშინ ”ქართულ ოცნებას” ვეხმარებოდი რაღაცებში, მაგრამ მაშინაც კი არ გადამიდგამს ნაბიჯი და პარტიის წევრი არ გავმხდარვარ. პარტიულობას არც ახლა ვაპირებ.

_ არც თანამშრომლობას აპირებთ „ლელოსთან“?

_ თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ვაპირებ. მე ვთანამშრომლობ, როგორც „ლელოსთან“, ისე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. პარტიებთან თანამშრომლობა მე ჩემს მოვალეობად მიმაჩნია. თუკი რამეში გამოვადგები ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას, ამაზე უარს არასდროს ვამბობ.