გიგა ბუკია – „ეკონომიკა არ უნდა გაგვეჩერებინა“

გიგა ბუკია - „ეკონომიკა არ უნდა გაგვეჩერებინა“მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ და პოლიტიკურ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა პარლამენტის წევრს, კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბუკიას.

_ ამ ორი დღის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელებს, პაატა იმნაძეს, მოგვიანებით კი ამირან გამყრელიძეს მოუხდათ იმის თქმა, რომ მათ პოლიტიკაში ითრევენ. მათ კი ეს არ უნდათ. ამ ადამიანებს სერიოზულ მუშაობაში ხელს უშლიან?

_ როგორც ჩანს, უშლიან. ფაქტია, რომ ამ ადამიანებმა სხვა მედიკოსებთან, ასევე ხელისუფლებასთან ერთად, აჯობეს ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებს. დამყარდა კონტროლი კორონავირუსზე, მოხერხდა მისი მაქსიმალურად შეკავება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

ამან ცალსახად გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილება. ოპოზიციის ნაწილი თავიდან თავს იკავებდა, მერე კი ეს სიტუაცია ვეღარ აიტანა და გადავიდა შეტევაზე. დაუმსახურებელი კრიტიკა წამოვიდა ამ თავდადებული ადამინების მიმართაც.  ალბათ, ამათ გულისხმობდნენ  პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე. პაატა იმნაძე ღელავს იმის გამო, რომ ლუგარის ლაბორატორიაში სპეციალისტებს დროს აკარგვინებენ.

_ გულისხმობთ მის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ლაბორატორიის თანამშრომლებს ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უზარმაზარ კითხვარს ავსებინებს?   

_ დიახ. პოლიტიკოს-კრიტიკოსები კი ერევიან ყველაფერში და ხელს უშლიან ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს. ყველა მათგანი ეპიდემიოლოგი გახდა. მაგათ რომ ჰკითხო, პროცესების მართვა და ეპიდემიებთან ბრძოლა ამათ იციან. ზოგიერთმა ტელეკამერების წინ იკეკლუცა. შე დალოცვილო, თუ ინიციატივა გაქვს, კამერების გარეშე წარმოადგინე! ბავშვები რომ სახლობანას და ექიმობანას თამაშობენ, იმათ ნუ დაემსგავსები! ამ ოპოზიციის მხრიდან ვირუსის თემაზე გამოხდომები გულისამრევი გახდა. ყველაზე მეტს ყვირიან ნაციონალები და მათი ფილიალები. არადა, ამ თემაზე მათ ხმა არ უნდა ამოიღონ.

_ რატომ?

_ ნაციონალების დროს არაერთი ეპიდემია იმდროინდელი ხელისუფლების დაუდევრობის გამო გავრცელდა. სააკაშვილის დროს ეპიდემიოლოგიურ სამსახურს დაფინანსება შეუწყდა, მაშინ მოიშალა ყველანაირი კონტროლი, ინფექციებთან ბრძოლით დაწყებული, სურსათის კონტროლით დამთავრებული.

იმ პერიოდში გაჩნდა ღორის აფრიკული ჭირი. ის ფოთიდან გავრცელდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ არ მოხდა ნაგვის უტილიზაცია. იმ დროიდან მოყოლებული, საქართველოში ღორის გაზრდა გაჭირდა. ღორები ახლაც კი იხოცებიან. ნაციონალების ერთმა ჯანდაცვის მინისტრმა, ჭიპაშვილმა, გამოგვიცხადა, რომ ქათმის გრიპისგან გარდაიცვლებოდა ყოველი მესამე ადამიანი. ჯანდაცვის მინიტრად და მერად იმ მმართველობის დროს იმუშავა ასევე ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც ნაცმოძრაობის ერთი განშტოების, „ევროპული საქართველოს“, წევრია. მის პერიოდში ჯანდაცვა დანგრეული იყო. ხალხი სამედიცინო დახმარებას ვერ იღებდა. დღეს ჭიაბერაშვილი იმნაძეს და გამყრელიძეს ჭკუას ასწავლის. არა მგონია, ხალხმა ჭიაბერაშვილს დაუჯეროს.

_ ხალხი იმნაძის და გამყრელიძის მიმართ კარგადაა განწყობილი. მოსახლეობის უმრავლესობას, კორონავირუსით ინფიცირებაზე მეტად, ულუკმაპურობის ეშინია. ადამიანებს აშინებთ უხელფასობა, გაზრდილი ფასები და  მშიერი მომავალი.

_ მეც მაწუხებს, რომ ვირუსის გამო ეკონომიკა თითქმის მთლიანად გაჩერდა და ხალხი უსამსახუროდ, ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩა. ყველას ხომ არა აქვს ხელფასი ბიუჯეტიდან. ბევრ ჩვენს მოქალაქეს დღეში 10-დან 20 ლარამდე გამომუშავება ჰქონდა, რომელიც დაკარგა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კარგი რჩევებიც მოგვცა, მაგრამ ეკონომიკა არ უნდა გაგვეჩერებინა. საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ზოგიერთი ძალიან მკაცრი მოთხოვნა უნდა შეარბილოს.

_ და ეკონომიკა ნაწილობრივ მაინც აამუშაოს?

_ დიახ. ჩვენი ბიუჯეტი ყველასთვის კომპენსაციების დარიგებას ვერ გასწვდება. ჯობია, ამ ადამიანებს საქმიანობის უფლება მისცენ! ჩვენი ფინანსური რესურსი შეზღუდულია. ჩემი აზრით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან გაზვიადებული აჟიოტაჟია კორონავირუსის გამო.

_ ამას სხვებიც ამბობენ.

_ 30.000 გარდაცვლილი შთამბეჭდავი ციფრია, მაგრამ ლეტალობა სხვა ინფექციებს უფრო მეტად ახასიათებთ. გრიპებისაგან სეზონზე 600.000 კაცი კვდება. ღორის გრიპისაგან დაიღუპა მილიონ 200.000 ადამიანი. რასაკვირველია, სანიტარული ნორმები უნდა გავატაროთ, ავკრძალოთ თავშეყრა, ერთმანეთის გადაკოცნა, მაგრამ ეკონომიკის გაჩერება არ შეიძლება. მომავლისთვისაც უნდა შევისისლხორცოთ, რომ თუ თავს ცუდად ვგრძნობთ, სხვა ადამიანებს უნდა მოვერიდოთ.

_ გიორგი გახარიას თქმით, ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია შექმნას ადგილობრივი წარმოება, მთავრობა გვერდში დაუდგება. მან ახსენა მსხვილი ჰესები და ფოთის პორტი. ახალი ადგილები კი არა, აქამდე არსებული სამუშაო ადგილებიც შემცირდება. ასეთია პროგნოზები.

_ ალბათ, პრემიერი საუბრობს კრიზისის შემდგომ პერიოდზე. ეს კარგი განცხადებაა. ადგილობრივი წარმოების ნაკლებობამ ამ კრიზისულ პერიოდშიც იჩინა თავი. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება პირველადი მოხმარების სურსათის წარმოება. აქ საქართველო თვითკმარი უნდა იყოს. ნივრის ფასი რომ ნიგვზისას გაუტოლდა, ეს ნორმალურია?! საქართველოში ჩვენი ნიორიც საკმარისი უნდა გვქონდეს, ხახვიც და ყველანაირი ხილ-ბოსტნეული და ბაღჩეული. სააკაშვილის დროს სხვა ქვეყნებთან მოხდა გარიგება, რამაც ჩვენი პროდუქცია და საქართველოს ინტერესები დააზარალა. ზოგიერთი მათგანი გადაიხედა. ამ მხრივ სამუშაოა შესასრულებელი.

_ გამოითქმის პროგნოზები იმაზე, რომ ტურისტების მოძრაობა შეწყდება, საქართველოს კი წასული მოქალაქეები (დიდი ნაწილი) სამუდამოდ დაუბრუნდებიან.

_ მე უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მართალია, გაზაფხულის ტურები საქართველოში ჩაიშალა, მაგრამ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება. ჩვენთან ტურისტები ჩამოვლენ. ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა დაუბრუნდება თავის სამუშაოს საზღვარგარეთ.

დარწმუნებული ვარ, უცხოელ ტურისტებზე პოზიტიურად იმოქმედებს საქართველოს ჯანდაცვის სამაგალითო სისტემა, ჩვენი ექიმების მაღალი კვალიფიკაცია. ეს ქვეყნის იმიჯზე აისახება. ტურიზმი საქართველოში არ ჩაკვდება და აღორძინდება შიდა ტურიზმიც.

მგონია, რომ აღდგომის შემდეგ ყველაფერი უკეთესად იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ქვეყნისთვის ყველამ ჩვენი წილი უნდა გავიღოთ.