პაატა ბურჭულაძის შვილების ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ

პაატა ბურჭულაძის შვილების ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ18 მარტს ოფისიდან, საიდანაც ჯანდაცვის სამინისტროს სახელით ყალბი SMS-ების გავრცელების გამო ჩხრეკა მიმდინარეობდა, კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.

ოფისში განთავსებული კომპანიის მფლობელები პაატა ბურჭულაძის შვილები, შუქრი და ლექსო ბურჭულაძეები არიან. ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ძმებ ბურჭულაძეებს აღნიშნულ საქმესთან არანაირი შეხება არ აქვთ.

როგორც შუქრი ბურჭულაძე მედიასთან ყვება, SMS-ები ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხუმრობით გაავრცელა. მისივე თქმით, მათი კომპანიიდან მხოლოდ 6 SMS გაიგზავნა.

შუქრი ბურჭულაძის თქმით, თანამშრომელი სამსახურიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.

მოგვიანებით „MS ჯგუფის” დამფუძნებლებმა შუქრი და ლექსო ბურჭულაძეებმა განცხადება გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათი კომპანიის თანამშრომლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ცუდ ხუმრობას, როდესაც მან ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

„სამწუხაროდ, ჩვენი კომპანიის თანამშრომელმა ცუდად იხუმრა და ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა დედას, დას და ორ მეგობარს, ერთი შეტყობინება კი საკუთარ თავს გაუგზავნა მეორე ნომერზე. აღნიშნული ტექსტური შეტყობინება არ შეიცავდა პანიკის გამომწვევ შინაარსს და არც სხვა პირებზე ან სხვა ნომრებზე არ გავრცელებულა, მხოლოდ ზემოაღნიშნულმა ხუთმა პირმა მიიღო. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია ტექსტურ შეტყობინებაზე და არა ხმოვან გზავნილზე.

ეს ფაქტი კომპანიის მენეჯმენტისთვის გუშინ გახდა ცნობილი და ზემოაღნიშნული თანამშრომელი განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან“,-ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ძმები ბურჭულაძეები, აღნიშნავენ, რომ მათთვის გაუგებარია, რა საჭიროებიდან გამომდინარე დაიწყო სპეცოპერაცია მათ ოფისში და გარკვეულ ეჭვებზე მიანიშნებენ.

„ჩვენთვის გაუგებარია, რა საჭიროებიდან გამომდინარე დაიწყო რამდენიმე საათის წინ დაახლოებით 50 კაციანი სპეცოპერაცია MS ჯგუფის ოფისში, რაც ამ დრომდე გრძელდება? რას უკავშირდება და ემსახურება ამ რაოდენობისა და მასშტაბის სამართალდამცავთა ორგანიზება? ეჭვების საფუძველი არსებობს, რადგან ჩვენს ოჯახზე ბოლო წლების მანძილზე არაერთი სახის ზეწოლა განხორციელდა, ადგილი ჰქონდა კიბერშეტევასაც, რის შესახებაც მივმართეთ საქართველოს პროკურატურას, თუმცა იქიდან საიმედო პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია“, – წერია განცხადებაში.

16 მარტს კორონავირუსთან დაკავშირებით გაგზავნილ შეტყობინებების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ყალბია სმს შეტყობინება, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

„მოქალაქეთა ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კარანტინის გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ორი დღის წინ გაავრცელა.