რამაზ საყვარელიძე – “ოცნებას” და ნაციონალებს 1%-იანი ბარიერი არ აწყობთ”

რამაზ საყვარელიძე - “ოცნებას” და ნაციონალებს 1%-იანი ბარიერი არ აწყობთ”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება მიღწეული იქნება?
– ამ შემთხვევაში გაუგებარია, რა უნდა ოპოზიციას. თუ ბარიერი თითქმის არ იქნება, ანუ 1%-იანი იქნება, ასევე თუ 40%-იანი ჩამკეტი იქნება, რომ მთავრობა ვერ დააკომპლექტოს ერთმა ძალამ, ამ ყველაფერს ხომ თავად ითხოვდნენ?! მათი უარი ამ ცვლილებებზე გაუგებარია. დამაჯერებელი არ არის. შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ არ უნდათ დათანხმება.
– რატომ არ უნდა უნდოდეთ?
– ჩიხი უნდათ შექმნან და მთელი აქცენტი ქუჩაზე გადაიტანონ. თუმცა, საბაბად უნდათ გამოიყენონ მოლაპარაკებების ჩაშლა. თან ხალხსაც ვერ აგროვებენ.
– აქცია რაში აწყობთ, თუ ხალხსაც ვერ აგროვებენ?
– ნამდვილად პარადოქსულია, მაგრამ განა სხვა რა შეუძლიათ?! მითუმეტეს სააკაშვილის სცენარი ცნობილია. სააკაშვილმა იცის, რომ მოსახლეობის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს და ამიტომ ყველაზე მეტად რევოლუციური სცენარი აწყობს.
– ოპოზიციისთვის მიუღებელია 110-40-ზე, პროპორციულთან უფრო მიახლოებულს ითხოვენ.
– ამაზე არ წავა “ქართული ოცნება”, რადგან ის თვლის, რომ ეს მისი მხრიდან კაპიტულაცია იქნება. ამიტომ არის კომპრომისული ვარიანტები მოლაპარაკებების დროს, რომ არც ერთმა არ უნდა იგრძნოს თავი იმთავითვე წაგებულად, აბა ეს რა მოლაპარაკებაა?! მაშინ ეს კაპიტულაცია გამოდის.
– 1% ბარიერი არის შანსი, ბევრი ჭრელი პარტია შევიდეს პარლამენტში, ამ შემთხვევაში ეს პოლიტიკური ნაბიჯი რამდენად გაამართლებს?
– რა თქმა უნდა, 1% ბარიერი ბევრ პარტიას უქმნის შესაძლებლობას, პარლამენტში შევიდეს. ბუნებრივი ბარიერი უცხო არ არის ქართული პოლიტიკური რეალობისთვის. პოლიტიკური კრიზისის დროს ეს ხერხი კარგად მუშაობს. რა არის ნულოვანი ბარიერი? – ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი პროცესების ქუჩიდან შიგნით, პარლამენტში შესატანად.
90-იანებში ამ მეთოდმა კარგად იმუშავა, ასე შეიქმნა მაშინ ე.წ. იმელის პარლამენტი. ამ შემთხვევაში რამდენად იმუშავებს, რთული საკითხია, რადგან პროცესები როცა ქუჩიდან პარლამენტში შედის, იქ იხსნება არენა მრავალფეროვანი პოლიტიკისთვის, პატარ-პატარა პარტიებისთვის, მაგრამ ეს რამდენად აწყობს მსხვილ პარტიებს?!
მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს აწყობდეს ნაციონალურ მოძრაობას და “ქართულ ოცნებას”. მსხვილი პარტიებისთვის ბუნებრივი ბარიერი ხელსაყრელი არ არის, ეს პატარა პარტიებისთვის არის.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მსხვილ პარტიებს ბარიერის პრობლემა ბუნებრივად არ უდგათ. მათ ჰყავთ იმდენი მხარდამჭერი, რომ ეს ამოცანა მათთვის არ დგას, შევლენ თუ არა პარლამენტში, მათთვის სხვა ამოცანა დგას – აიღებენ თუ არა ხელისუფლებას.
მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ პროცესი, რომელიც ჭინაურდება, მიბმული იყოს მსხვილ პარტიებთან. მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობასთან, რომლის პოზიციაც ასეთია: ან არაფერი ან ყველაფერი!
არ გამოვრიცხავ, რომ ყველაფერი იქითკენ მიდიოდეს, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სწორედ მოქმედი საარჩევნო სისტემით ჩატარდეს და არც არაფერი შეიცვალოს.
“ქართულ ოცნებას” არაფერი აქვს დასაკარგი. თუმცა, ამ შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დგება დღის წესრიგში: დასავლეთი, რომელიც ყველაფერს აკეთებს შეთანხმების მისაღწევად, ამას ასე უბრალოდ არ დატოვებს. ამ შემთხვევაში იმ მხარეს, ვინც იქნება ეჭვმიტანილი მოლაპარაკებების ჩაშლაზე, ეს ძვირად დაუჯდება.
დასავლეთი გულუბრყვილო შუამავლის როლში ყოფნას არ მოინდომებს. ამიტომ, მოლაპარაკების მხარეებს ძირითადად თავი სამართლებელი სწორედ მათთან ექნებათ, რამდენად მოახერხებენ ამას, ეს გამოჩნდება.
ვინც იქნება მოლაპარაკების ჩამშლელი, მან უნდა იცოდეს, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დასავლეთთან ურთიერთობაში.