რამაზ საყვარელიძე – “ოცნების” სერიოზულ კონკურენტს ვერ ვხედავ”

რამაზ საყვარელიძე - “ოცნების” სერიოზულ კონკურენტს ვერ ვხედავ”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ერთიანობის შენარჩუნებას და ერთიანი კანდიდატებით გასვლას მაჟორიტარულ ოლქებში?
– ძალიან რთული საკითხია, რადგან არჩევნებში ყველა ერთმანეთის კონკურენტია. იმის თქმა, რომ ჩვენ მხოლოდ “ქართული ოცნების” კონკურენტი ვიქნებით, რთულად განსახორციელებელი მგონია. ასეთი რამ მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ორპარტიული არჩევნებია.
როდესაც ასეთი მრავალპარტიულია ოპოზიცია, ამდენი ლიდერია, რომლებსაც თავიანთი იდეები, ამბიციები, სტრატეგია აქვთ, ასეთი განცხადებები ცოტა არადამაჯერებლად ჟღერს მათი მხრიდან.
– მით უფრო 1%-იანი ბარიერის პირობებში?
– დიახ, რა თქმა უნდა. ყველა წვრილ-წვრილ პარტიას მოუნდება პარლამენტში შესვლა. მით უფრო მაშინ, როდესაც ეს არის უკანასკნელი შანსი, რადგან შემდეგი არჩევნები უკვე 5%-იანი ბარიერით ჩატრდება.
პოლიტიკა არ არის ალტრუიზმის სფერო, ასეთი დათმობებით პარტიებმა შეიძლება თავიანთი ამომრჩევლები დაკარგონ. მაგალითად, “ლელო” არ არის ნაციონალური მოძრაობის თაყვანისმცემელი და ამ დროს მას მოუწია თავისი სტრატეგიის აწყობა ისე, რომ ნაციონალურ მოძრაობას გაუწიოს ანგარიში, ასე შეიძლება მან თავისი ამომრჩეველი დაკარგოს.
– “ლელო” შუაშისტებზე გააკეთებს აქცენტს?
– დიახ, “ლელო” თუ ხმებს მიიღებს და ნამდვილად მიიღებს, სწორედ ასეთ შუაშისტურ ხმებს მიიღებს. ბევრი მიზეზი არის საიმისოდ, რომ ასეთი დასკვნა გავაკეთოთ.
– 40%-ს გადალახავს “ქართული ოცნება” და მარტო დააკომპლექტებს მთავრობას?
– 2012 წლის “ქართულ ოცნებასა” და დღევანდელ “ქართულ ოცნებას” შორის რომ იყოს შეჯიბრი, დღევანდელი “ოცნება” აუცილებლად დამარცხდებოდა, მაგრამ ასე არ არის. თუმცა, ვინ არის კიდევ ამ შეჯიბრში – ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც უარი უთხრა ამომრჩეველმა. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მაგალითად “ლელოს”, ამომრჩეველი პრაგმატულად იღებს გადაწყვეტილებას. ხედავს ის ამ პარტიაში იმ ძალას, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს?!
2012 წელს ის ხალხი, ვინც ბიძინა ივანიშვილს ემხრობოდა, თავის დროზე ემხრობოდა ლევან გაჩეჩილაძეს, მაგრამ ეს მხარდაჭერა არ აღმოჩნდა საკმარისი რეალობის შესაცვლელად – საბოლოო გამარჯვებისთვის კიდევ რაღაც სხვა იყო საჭირო.
– ნდობის ხარისხზე საუბრობთ?
– დიახ. ანალოგიურად დგას დღესაც საკითხი. შეიძლება ბევრი ოპოზიციური პარტიის პოზიციას ემთხვეოდეს ამა თუ იმ ამომრჩევლის პოზიცია, მაგრამ ნდობა არ იყოს, ნაკლები იყოს ნდობის ხარისხი და ასე დადგეს საკითხი: შეძლებს კი გამარჯვებას?! მიიყვანს კი საქმეს ბოლომდე?!
ბევრი ფაქტორი მუშაობს ამ დროს. ძალის რწმენა არჩევნებში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია და ეს ძალიან ცნობილი ფორმულაა საერთოდ.
– თქვენ ამბობთ, რომ “ქართული ოცნება” 40%-ს მიიღებს და მარტო დააკომპლექტებს მთავრობას?
– თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, დღეს არ ჩანს ძალა, რომელიც “ოცნებას” სერიოზულად დაუპირისპირდება და ხმებს წაართმევს. ისეთი ძალა, რომელიც 2012 წელს გამოჩნდა და რომლის ირწმუნა ხალხმა, რომელიც დაუპირისპირდა ნაციონალურ მოძარობას და დაამარცხა. ასეთი რწმენის გაჩენაა მთავარი, რომელიც ჯერ ხალხში ნამდვილად არ არის, მე ამაზე ვსაუბრობ.
– თუ ოპოზიციამ ჯამურად 50% დააგროვა, ამ შემთხვევაში რა ხდება?
– პარლამენტში შესული პარტიების დიდი ნაწილი წვრილი პარტიები იქნება, მე არ მგონია, რომ ეს პარტიები ნაციონალური მოძრაობის დროშის ქვეშ დადგნენ. უპირველეს ყოვლისა, “პატრიოტთა ალიანსს” ვგულისხმობ. ამდენად, ოპოზიციის იმედები, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ შევიკვრებით და არათუ 40%, არამედ 50% ვიქნებით, ცოტა გადაჭარბებული მგონია.
ეს უფრო იმას ჰგავს, საკუთარი თავი რომ გაამხნევო – ძალიან მაგარი ვარ! ასე ამხნევებს ოპოზიცია დღეს საკუთარ თავს. ასეც რომ იყოს, გაერთიანდნენ და ჯამურად მეტი პროცენტი აიღეს და მოითხოვეს მინისტრების პორტფელები, არ მგონია, რომ მსხვილმა პარტიებმა მაგალითად, ნაციონალურმა მოძრაობამ, “ევროპულმა საქართველომ”, ამ წვრილ პარტიებს მინისტრების პორტფელები გაუნაწილონ, ისინი იტყვიან, რომ მათ მეტი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ.
ამიტომ პატარა პარტიებისთვის არ მგონია, ამ ერთობაში ყოფნა მომგებიანი იყოს.