სულხან სალაძე – ”საგანგებო მდგომარეობა რელიგიურ თავყრილობებს არ კრძალავს”

სულხან სალაძე - ”საგანგებო მდგომარეობა რელიგიურ თავყრილობებს არ კრძალავს”იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას წინ უძღოდა წმინდა სინოდის კრება, რომელმაც ზიარების წესი უცვლელად დატოვა და რომელმაც განაცხადა, რომ შეუძლებელია, ზიარების კოვზით ინფექციის გავრცელება მოხდეს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ რელიგიურ თავყრილობებს 10-ზე მეტი ადამიანი დაესწრება და რას ამბობს კანონი ამ ან სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც საგანგებო მდგომარეობას უკავშირდება? – აღნიშნული საკითხების შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე საუბრობს.

_ ახლა, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ვიღაცა არ დაიცავს წესებს, რა სანქციები შეიძლება გატარდეს? მაგალითად, პრეზიდენტის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ათზე მეტი ადამიანის შეკრება არ შეიძლება და თუ ეკლესია მაინც ჩაატარებს წირვას და იქნება ხალხმრავლობა, რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს?

_ როგორც კონსტიტუცია, ასევე საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონი ჩამოთვლის კონსტიტუციის იმ მუხლებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს შეიძლება შეიზღუდოს. ამ ჩამონათვალში არ ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი, რომელიც რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებას ეხება. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, პრეზიდენტის დეკრეტით საგანგებო მდგომარეობის დროს ვერ შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მოქმედება.

_ ანუ ეკლესიას  ან სხვა რელიგიური ჯგუფების შეკრებას საგანგებო მდგომარეობა არ ეხება?

_ მაგრამ, ამავე დროს, კონსტიტუციის მე-16 მუხლის მეორე ნაწილში არის მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რაც გულისხმობს იმას, რომ რწმენის აღმსარებლობის შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს აუცილებლად უნდა იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცხადია ჯანმრთელობა არის მოცემულობა და ამასთანავე არის გამოწვევა.

აქ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუკი მოქმედ კანონმდებლობაში რამე პრობლემა არსებობს და ხელისუფლებამ შეიძლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ვერ შეზღუდოს გონივრული წესით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მოქმედება, რადგანაც მასზე არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონი და ეს არ არის გათვალისწინებული ამ კანონის შეზღუდვის წინაპირობა, მას ძალიან მარტივად შეუძლია ამ ხარვეზის გამოსწორება.

რადგანაც პარლამენტი შეკრებილია და საქმიანობს საგანგებო მდგომარეობის სრული მოქმედების განმავლობაში, ამიტომ მას შეუძლია დაჩქარებული წესით წარადგინოს კანონპროექტი და მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში მიღებული იყოს საკანონმდებლო ცვლილება.

ამიტომ ის პრობლემა, რომელიც მე-16 მუხლის მეორე ნაწილთან მიმართებაში შეიძლება ჰქონდეს, რეგულაციის პრობლემა იყოს ან არასათანადო რეგულაცია იყოს, ამის გამართვა შეუძლია და ამის შემდგომ შეძლოს ამ უფლების შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის მიმდინარეობის განმავლობის დროს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ აქ მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი არის არა რეგულაციის ნაკლებობა, ან არა ის, რომ უნდა შეიზღუდოს რაღაც, არამედ აქ მთავარი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის პოლიტიკური ნება.

ჩვენ პარასკევს მოვისმინეთ სინოდის წარმომადგენლებისგან, რომ ყველა წესი და რიტუალი რაც არის, გაგრძელდება ჩვეულებრივი წესით, მაგრამ ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ღიად პრაქტიკულად არ თქმულა, რომ შესაძლოა ამ პროცედურების გაგრძელებას შესაძლოა მოჰყვეს გარკვეული ტიპის პრობლემები ქვეყანაში ადამიანების ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც პრაქტიკულად ყველას ეუბნებიან თავი შეიკავონ, არ გამოვიდნენ ქუჩაში და არ გადაადგილდნენ, თუკი ამის განსაკუთრებული საჭიროება არ იქნება.

_ ანუ პოლიტიკური ნება ვერ დაინახეთ ხელისუფლებაში?

_ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ მთავარი საკითხი უკავშირდება პოლიტიკურ ნებას. მაგალითად, რელიგიური ორგანიზაციების შემთხვევაში ეს საკითხი შეიძლება დარეგულირდეს თუ არა.

_ სანქციების ნაწილში კონკრეტული ჩანაწერი არ არსებობს?

_ არის გარკვეული ტიპის შეზღუდვები, რომლებზეც ახლა საუბრობს ხელისუფლება. ეს შეზღუდვები აქამდეც იყო გამოყენებული, თუმცა ეს შეზღუდვები ხშირ შემთხვევაში გამოყენებული იყო რეკომენდაციების სახით.

დღეს უკვე, როდესაც ამოქმედდება საგანგებო მდგომარეობა, ეს არა უბრალოდ რეკომენდაციებია, არამედ ამ რეგულაციების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

მაგალითად, ფიზიკური პირების შემთხვევაში განსაზღვრულია ჯარიმა 3.000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში საუბარია 15.000 ლარიან ჯარიმებზე, ასეთი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ ადმინისტრაციული წესით.

დღეს ხელისუფლებას შემოაქვს მექანიზმი საიმისოდ, რომ მან აღასრულოს ის შეზღუდვები, რაზეც საუბრობს.

საგანგებო მდგომარეობის შესახებ გამოცხადებული დეკრეტი ჩვენ არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ეს არის ერთჯერადი აქტი და მხოლოდ ეს შეიძლება იყოს წარმოდგენილი საგანგებო მდგომარეობის დროს. კონსტიტუციის მუხლების შეზღუდვის მთელი ის ჩამონათვალი, რომელიც გათვალისწინებულია როგორც კონსტიტუციით, ისე საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონით, შესაძლოა ეტაპობრივად შეიზღუდოს და ჩვენ კიდევ ვნახოთ დეკრეტები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ რეგულაციას და მეტ უფლებამოსილებას მიანიჭებს მთავრობას.

_ ეს ეხება საგანგებო მდგომარეობის პერიოდს თუ ამ ვადის გასვლის შემდეგაც?

_ არა, აქ საუბარია საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში. მაგალითად, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 1 თვით, ამიტომ შესაძლოა 1 კვირის თავზე, ან ვთქვათ 2 კვირის თავზე ვნახოთ ახალი დეკრეტი, როდესაც სხვა შეზღუდვები შემოდის უფლებების ნაწილში. თუკი ამ ეტაპზე ღიად არ არის საუბარი მკაცრ საკარანტინო პერიოდზე, შესაძლოა, მაგალითად, 1 კვირის თავზე გამოიცეს დეკრეტი, რომელიც უფრო მკაცრ საკარანტინო ღონისძიებებს ითვალისწინებს. რომელიც შესაძლოა კომენდანტის შემოღებას ან სხვა ისეთი შეზღუდვების შემოღებას გულისხმობდეს, რაც ამ წუთში შემოღებული არ არის.

_ მაგალითად ისეთი, როგორც ეს იტალიაში მოხდა, როდესაც ჯერ შედარებით მსუბუქი შეზღუდვები შემოიღეს და შემდეგ უფრო და უფრო შეიზღუდა უფლებები?

_ როდესაც სხვადასხვა ქვეყნების საუბრობენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს პირდაპირ არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ქვეყანა თუ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას, ზუსტად იდენტურად იგივეს ნიშნავს. არსებობს ჩვენი კანონმდებლობით ჩამონათვალი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვას გულისხმობდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ქვეყნებში ზუსტად იგივე შეზღუდვებია.

ეს ცალკე მსჯელობის საგანია, მაგრამ ფაქტია, რომ შესაძლოა სახელმწიფოს ეტაპობრივად დასჭირდეს უფრო მეტი უფლების შეზღუდვა, თუკი ამის წინაპირობა იქნება.

ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ გაცდება იმ უფლებების ჩამონათვალს, რომლის შეზღუდვის უფლებაც მას აქვს კონსტიტუციით. მაგალითად, იმ უფლებებს, რომლებზეც კონსტიტუციაში წერია, რომ არ იზღუდება, ვერ შეზღუდავს, რაც არ უნდა მოინდომოს ხელისუფლებამ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ბევრი რამე დამოკიდებულია სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე და ადამიანების თვითშეგნებაზე.

კონკრეტულად კი ის, რომ დაგვჭირდება თუ არა უფრო მკაცრი შეზღუდვების გამოყენება ამ პროცესში.