21-ე საუკუნის უდიდესი საფეხბურთო გუნდები – პეპ გვარდიოლას ბარსელონა

21-ე საუკუნის უდიდესი საფეხბურთო გუნდები - პეპ გვარდიოლას ბარსელონაკოტიკო გოგინაშვილი

ჩემს ახალ სტატიაში ვისაუბრებ საფეხბურთო გუნდზე, რომელმაც ბევრ ადამიანს შეაყვარა ფეხბურთი. ეს არის პეპ გვარდიოლას ბარსელონა.

კატალონიური ფეხბურთის გავლენა ევროპასა და მსოფლიოზე

ხოსეპ გვარდიოლას მოსვლამდე ბარსელონაში იყო ფრანკ რაიკაარდის ეპოქა. ჰოლანდიელის უკანასკნელი სეზონი არ იყო წარმატებული, ამიტომ აშკარა მწვრთნელის შეცვლის აუცილებლობა.

2008 წლის ზაფხულში კატალონიურ გრანდში დაიწყო ახალი ეპოქა, გუნდის მწვრთნელი გახდა პეპ გვარდიოლა, რომელმაც საფეხბურთო კარიერაში არაერთი შეხვედრა ჩაატარა ბლაუგრანას შემადგენლობაში.

სამწვრთნელო კარიერა არც ისე კარგად დაიწყო კატალონიელისთვის. ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ბარსელონა დამარცხდა სტუმრად ნუმანსიასთან, ამას შემდეგ მოჰყვა მოულოდნელი საშინაო ფრე რასინგთან. საფეხბურთო ექსპერტები სკეპტიკურად უყურებდნენ გვარდიოლას მომავალს ერთ-ერთ  ყველაზე გავლენიან ესპანურ გუნდში. ამის მიზეზი იყო პეპის არადამაჯერებელი დასაწყისი და გვარდიოლას სამწვრთნელო გამოუცდელობა. ამის მიუხედავად, კატალონიელს დიდხანს არ მოუწია კრიტიკის მოსმენა, რადგან ბარსელონას შედეგებმა გააჩუმა სკეპტიკოსები.

პეპ გვარდიოლას ეპოქაში ბარსელონამ ყველაფრის მოგება შეძლო, კატალონიელებმა ორჯერ ასწიეს ჩემპიონთა ლიგის თასი, ორივეჯერ მათ  ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაამარცხეს მანჩესტერ იუნაიტედი.

2011 წლის ფინალის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ ზოგჯერ არის მომენტი, როდესაც ხელები მაღლა უნდა ასწიო და თქვა, ისინი ჩვენზე უკეთესები არიან.

ესპანეთში ბარსა სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.

კატალონიელებმა ორჯერ მოიგეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

გვარდიოლას სათამაშო ფილოსოფია

პეპ გვარდიოლამ ახალ დონეზე აიყვანა ბურთის ფლობის ხელოვნება (ტიკი-ტაკა). ხალხი ტკბებოდა ბარსელონას თამაშებით. ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც ბარსას მეტოქეების ბურთის ფლობა იყო 20-30%. ბარსელონას წინააღმდეგ მწვრთნელები გახსნილ და შემტევ ფეხბურთზე უარს ამბობდნენ, რადგან კონტრშეტევები კატალონიელებს ძალიან კარგად გამოსდიოდათ. ბარსას პრესინგიც მეტოქის ნახევარზე საკმაოდ მომგებიანი იყო. ბარსელონას ფეხბურთელები ბურთის დაკარგვის შემთხვევაში ცდილობდნენ ბურთის მაშინვე დაბრუნებას, რათა მეტოქეს არ წამოეწყო სახიფათო შეტევა.

გვარდიოლას გუნდის შეჩერების ფორმულა ბევრმა მწვრთნელმა იცოდა, მაგრამ სისრულემდე ამის მიყვანა რთული იყო. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა.

ბარსელონა თავისი ფეხბურთელების ინდივიდუალური შესაძლებლობებით ახერხებდა საჭირო შედეგების მიღწევას, ასევე კლასის ხარჯზე ბარსა ჯაბნიდა მოწინააღმდეგებს და, რაც ყველაზე მთავარია, ბარსას წინააღმდეგ მეტოქე ფეხბურთელები გრძნობდნენ შიშს და თამაშამდე მარცხდებოდნენ.

ამის მიუხედავად, ამ უდიდესი გუნდის წაგებებიც საფეხბურთო გულშემატკივარს ახსოვს. ბარსელონას ძალიან უჭირდა მაღალი დონის დაცვითი სტილის გუნდების დამარცხება. 2009/10 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბარსელონას მეტოქე იყო მილანის ინტერი. იმ წელს ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ პეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო. ორი თამაშის ჯამში ინტერმა დაამარცხა ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ანგარიშით 3-2.

მაშინ ყველასთვის ცხადი გახდა, რომ პეპის გუნდს უჭირს ტიპური კატენაჩიოს გარღვევა, ინტერმა განმეორებით შეხვედრაში კამპ ნოუზე (1-0) დაცვითი ფეხბურთის უმაღლესი დონე აჩვენა და კამპ ნოუზე შეკრებილი გულშემატკივრები იმედგაცრუებული დატოვა.

ბარსელონას იმ სეზონში ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, გამხდარიყო პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელიც შეძლებდა ჩემპიონთა ლიგის ორჯერ ზედიზედ მოგებას.

2011/12 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კატალონიელები კვლავ დაუპირისპირდნენ მეორე ნომრად მოთამაშე გუნდს, ლონდონის ჩელსის.  ბარსელონა უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ რობერტო დი მატეოს გუნდმა პატარა სენსაცია შემოგვთავაზა. ბარსა კვლავ დაცვითი სტილის გუნდთან გამოვარდა. სტემფორდ ბრიჯზეც და კამპ ნოუზეც ბურთის ფლობის სტატისტიკა კოშმარული იყო არისტოკრატებისთვის, თუმცა ფეხბურთში ის გუნდი არ იმარჯვებს, რომელსაც ბურთი უკეთესად უჭირავს, ვიდრე მეტოქეს, ის გუნდი იმარჯვებს, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს. ჩელსიმ ორი თამაშის ჯამში 3-2 დაამარცხა თავისი ოპონენტი.

წარმატებული სატრანსფერო პოლიტიკა

მწვრთნელმა უნდა იცოდეს თავის სათამაშო ფილოსოფიისთვის შესაფერისი ფეხბურთელების პოვნა. პეპ გვარდიოლას რამდენიმე კარგი ტრანსფერი რომ არ გაეკეთებინა, ბარსელონას დომინირება მსოფლიო ფეხბურთში ხანმოკლე იქნებოდა.

2008 წელს გუნდი დატოვეს რონალდინიომ და დეკუმ, რომლებიც ბოლო წლებში სტაბილური თამაშით არ გამოირჩეოდნენ. გვარდიოლა ხვდებოდა, რომ ნახევარდაცვის გაძლიერება დიდებული შედეგების წინაპირობა იქნებოდა. პეპმა ძირითადში დააყენა ახალგაზრდა სერხიო ბუსკეტსი და ამით გააძლიერა საყრდენი ზონა, მაშინდელი ბარსელონას ნახევარდაცვა (ხავი, ინიესტა ბუსკეტსი) იყო საუკეთესო მოედნის ცენტრის სამკუთხედი. ამ ტრიოს ხარჯზე  ესპანეთის ნაკრებმაც დიდ წარმატებას მიაღწია.

ბარსელონას მექსიკელ მცველის, რაფაელ მარკესის, შეცვლაც აუცილებელი იყო, რათა კარლეს პუიოლს ჰყოლოდა გვერდით დამაჯერებელი მეწყვილე. პეპმა მანჩესტერ იუნაიტედიდან მოიყვანა ახალგაზრდა ხერარდ პიკე. დაცვის ახალი დუეტი არა არტო ბარსელონაში იყო პროდუქტიული, არამედ ესპანეთის ნაკრებშიც.

გვარდიოლას სურდა, რომ ჰყოლოდა აქტიური მარჯვენა დაცვის ფლანგი, ამისთვის ბარსელონას მწვრთნელმა სევილიიდან მოიყვანა ბრაზილიელი დანი ალვეში. ამ ტრანსფერმაც მოლოდინი გაამართლა.

პეპ გვარდიოლასთვის ავტორიტეტს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის ფეხბურთელის სახელს ყურადღებას არ აქცევდა, იგი ფეხბურთელებს აფასებდა მათი სათამაშო ფორმით. მისი მოღვაწეობის პერიოდში იყო ერთი ტრანსფერი, რომელმაც ბარსელონას გულშემატკივრები იმედგაცრუებული დატოვა. 2009 წლის ზაფხულში ბარსას შეუერთდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შვედი მხოლოდ ერთი სეზონით დარჩა ესპანეთში. იბრაჰიმოვიჩი არ ერგებოდა ბარსელონას სათამაშო ფილოსოფიას, გვარდიოლას დროს ბარსას შემტევ ტრიოში არ ჰქონდა ადგილი მაღალ ფორვარდებს, ასევე ზლატანის ქედმაღლური ხასიათის გამო ხოსეპ გვარდიოლამ არ მოისურვა შვედთან მუშაობის გაგრძელება.

პეპთან დიდხანს არ დარჩნენ ტიერი ანრი და სამუელ ეტოო. მომდევნო წლებში მათ მაგივრად ლიონელ მესისთან ერთად ბარსელონასთვის უტევდნენ დავიდ ვილია და პედრო.

გვარდიოლას მოედნის ცენტრში სჭირდებოდა სწრაფი ფეხბურთელები, რომლებიც მეტოქეს ბურთს ადვილად წაართმევდნენ და დაიწყებდნენ სწრაფ შეტევას. ამის გამო იაია ტურემ დაკარგა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და მისი ადგილი დაიკავა ახალგაზრდა სერხიო ბუსკეტსმა.

გვარდიოლას პერიოდში ყველა ფეხბურთელი მეტ-ნაკლებად პროგრესირებდა. არც არის გასაკვირი, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი სწორედ პეპ გვარდიოლას ხელში გახდა ტოპ ფეხბურთელი, რომლის როლი დღევანდელ ბარსელონაში ძალიან დიდია.

მიწასთან გასწორებული მადრიდის რეალი

რეალის გულშემატკივრები პეპის ბარსელონას თავიანთ ყველაზე ცუდ სიზმრებში დღემდე ხედავენ, რადგან იმ დროს არაერთ ელ კლასიკოში სძლია კატალონიურმა გუნდმა მადრიდის რეალი.

სამეფო კლუბის მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ბერნდ შუსტერმა ბარსას სიძლიერე შეაფასა და თქვა, რომ ამ გუნდის დამარცხება შეუძლებელია, რის გამოც გერმანელმა დატოვა სამწვრთნელო პოსტი.

2009 წელს ბერნაბეუზე ბარსელონამ თავისი ყველაზე დასამახსოვრებელი ელ კლასიკო ჩაატარა. ის მატჩი ბლაუგრანამ მოიგო საჩოგბურთო ანგარიშით 6-2. ფლორენტინო პერესი ხვდებოდა, რომ მოსისხლე მტრის ჰეგემონია რამენაირად უნდა შეეჩერებინა, ამისთვის მან რეალის მთავარ მწვრთნელად დანიშნა ჟოზე მოურინიო, რომლის ინტერმა გამოაგდო ბარსა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან, მაგრამ თავიდან პორტუგალიელიც მადრიდელთა მწვრთნელის ამპლუაში უძლური იყო გენიალური შემტევი ბარსელონას წინააღმდეგ.

2010/11 წლების სეზონში ლა ლიგის პირველ წრეში კამპ ნოუზე ბარსელონამ გაანადგურა თავისი მეტოქე 5-0. იმ სეზონში ესპანური გრანდების დაპირისპირება არ შემოიფარგლა მხოლოდ შიდა ჩემპიონატით _ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შედგა ელ კლასიკო, სადაც პეპის შეგირდებმა საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხეს სამეფო კლუბი (3-1 ორი მატჩის ჯამში).

ეპოქის დასასრული

ყველაფერს აქვს თავისი დასასრული და ადრე თუ გვიან პეპს მოუწევდა წასვლა.

გვარდიოლას ბოლო სეზონი ბარსელონას მთავარი მწვრთნელის როლში იყო ყველაზე წარუმატებელი. 2012 წელს ესპანეთის ჩემპიონი მადრიდის რეალი გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონა შეაჩერა ლონდონის ჩელსიმ. გვარდიოლას უკანასკნელ შეხვედრაში კამპ ნოუზე ბარსელონას გულშემატკივრებმა ოვაციებით გააცილეს თავიანთი ლეგენდა, ყველა ფეხზე იდგა, ისინი ხვდებოდნენ, რომ პეპ გვარდიოლამ უდიდესი წვლილი შეიტანა ბარსელონას ტოპ ევროპულ გუნდად ჩამოყალიბებაში.

ბარსელონა 2008-2012 წლებში იყო ლამაზი და ელეგანტური ფეხბურთის საუკეთესო ნიმუში.

ბარსელონას ბევრ ქომაგს სურს გვარდიოლას დაბრუნება ბარსელონაში. კაცმა არ იცის, მოვლენები როგორ განვითარდება _ შეიძლება მანჩესტერ სიტის ახლანდელმა მწვრთნელმა გადაწყვიტოს, რომ ბარსას ძველი დიდება დაუბრუნოს და კამპ ნოუზე დაბრუნდეს.