„ბიძინა და მიშა ორი ფსევდო მესიაა და ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან“

„ბიძინა და მიშა ორი ფსევდო მესიაა და ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა იდეით და ხელისუფლებას მიმართა, რომ დროებით ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშნონ. სააკაშვილი პირობას დებს, რომ ამ შემთხვევაში ის მოიზიდავს საერთაშორისო დახმარებებს და გადაარჩენს საქართველოს ეკონომიკას, ვინაიდან მას ბევრი ნაცნობი ჰყავს. ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავად ამბობდა, რომ სააკაშვილი მისი მეგობარი იყო.

ეს არის პოლიტიკური თამაშის ნაწილი თუ რეალური სურვილი, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს, უნდა მიიღოს თუ არა ეს შეთავაზება „ქართულმა ოცნებამ“, გამოჩნდა თუ არა შერჩევითი სამართალი კარანტინის დროსაც და აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ტრაგედია, რომლის დროსაც შუახნის ქალის მკვლელობა მოხდა და რომელშიც პოლიციელი ფიგურირებს, ბოლომდე იქნება გამოძიებული? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს.

_ სააკაშვილის განცხადება თქვენ როგორ გაიგეთ, ეს არის მისი მხრიდან წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მცდელობა თუ რეალურად მისი სურვილი, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს?

_ რა არის იცით, ეს არ არის რეალური სურვილი იქიდან გამომდინარე, რომ ბუნებრივია ამ დახმარებას ეს ხელისუფლება არ მიიღებს. შესაბამისად, ის რასაც არ უნდა ფიქრობდეს და რაც არ უნდა გულწრფელი იყოს, ფინალი გასაგებია. ეს არის პოლიტიკური პინგ-პონგი და მეტი არაფერი.

ახლა ხელისუფლება ზის და ფიქრობს, თავისი კრეატიული ჯგუფი – შალვა რამიშვილი და ვიღაცები დასმული ჰყავს და ფიქრობენ,  ენაკვიმატიანად როგორ უპასუხონ სააკაშვილს. ცდილობენ, რომ მაქსიმალურად კრეატიული პასუხი გასცენ. პასუხი რომ ნეგატიური ქნება, ამას მე მგონი ბევრი მსჯელობა არ სჭირდება და ეს ყველასთვის გასაგებია. ეს არის კლასიკური „ნაც-ქოცური“ პინგ-პონგის კლასიკური გაგება, ის თუ როგორ ეჯიბრება ერთმანეთს ორი მესია ქვეყნის მშენებლობასა და გადარჩენაში. სინამდვილეში კი ორივე ფსევდო მესიაა.

_ კრეატივში „ქართული ოცნება“ შალვა რამიშვილის და მისი იდეების იმედად არის დარჩენილი?

_ შალვა რამიშვილი პირობითად ვთქვი, თორემ შალვა რამიშვილი სულ არ არის საინტერესო. ეს მაგალითისთვის მოგიყვანეთ, მაგრამ ფიქრობენ, როგორ შეფუთონ უარი. სააკაშვილს მიაჩნია, რომ წაუგებელ თამაშს თამაშობს. გასაგებია, რომ ხელისუფლება უარყოფითად უპასუხებს, მაგრამ რაღაც მარცვალს ჩააგდებს ადამიანებში, რომ აი ვთავაზობ დახმარებას, მაგრამ ესენი უარს ამბობენ, იმის მიუხედავად, რომ თვითონ არაფერი არ შეუძლიათ. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, აქედან ბიძინა და იქიდან მიშა.

_ რეალურად რას იღებს სააკაშვილი ამით ამომრჩევლის თვალსაზრისით?

_ მოვლენების განვითარების კვალდაკვალ მან შეიძლება მიიღოს რაღაც. იმიტომ, რომ ხელისუფლებას ექნება სერიოზული პრობლემები პოსტ კრიზისულ პერიოდში სოციალური და ეკონომიკური რისკების სახით. მე ვფიქრობ, რომ სერიოზული კაპიტალის მობილიზება გაჭირდება, რადგან დონორები საკუთარი პრობლემების გადაჭრით იქნებიან დაკავებულები და ჩვენ ნუ გვექნება ილუზია, რომ ამ მხრივ ჩვენი პრობლემები სერიოზულად და სისტემურად გადაწყდება. აქედან გამომდინარე ეს მოცემულობაა და წამოსაძახებელი ექნება სააკაშვილს, რომ აი ვთავაზობდი, არ მიიღეს, თვითონ არაფერი არ შეუძლიათ და მოსახლეობა სერიოზულად დაზარალდა იმიტომ, რომ ამათმა უარი თქვეს ჩემთან თანამშრომლობაზე.

ჩვეულებრივი სქემაა. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება აქედან პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს.

_ გამორიცხავთ, რომ ხელისუფლებამ მიიღოს სააკაშვილის ასეთი შეთავაზება?

_ ილუზიაა ეს, რომ ჩვენი ხელისუფლება სააკაშვილთან ითანამშრომლებს. ისიც ილუზიაა, რომ სააკაშვილი ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილთან. ბიძინა და მიშა ჩამოყალიბდნენ კლასიკური გაგებით სიმბიოზებად, რომლებიც ბუნებრივი ანტაგონისტები არიან ერთმანეთის, მაგრამ თან ერთმანეთს კვებავენ და ერთმანეთი სჭირდებათ.

უცნაური პარადოქსია, მაგრამ ასეთი პარადოქსული სიმბიოზები ბუნებაში არსებობს. მაგალითად, ასეთია ნიანგი და ჩიტი კოლიბრი. ისინი ბუნებრივი ანტაგონისტები არიან, მაგრამ კოლიბრი აჯდება ნიანგს კბილებზე და უწმენდს კბილებს. ანუ თავის სარგებელს ნახულობს ნიანგი და თავის სარგებელს ნახულობს ჩიტი კოლიბრი. წესით უნდა ჭამდეს ნიანგი კოლიბრს, მაგრამ არ ჭამს, რადგან სჭირდება. აი, ასე არიან ბიძინა და მიშა. დღევანდელი მდგომარეობით კოლიბრი არის მიშა და ნიანგი არის ბიძინა, ხვალ შეიძლება პირიქით იყოს. პირიქით უკვე იყო 2012 წლამდე.

_ დღეს არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით თუ დაინახეთ გეგმები ან რაიმე სახის მუშაობა კრიზისიდან გამოსვლის თვალსაზრისით?

_ არა. სად უნდა დამენახა მე, როდესაც ხელისუფლებას თავად არაფერი არ უთქვამს.

_ მაგალითად, ისმის საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებებზე, იქ იბიარდმა გამოყო თანხა, აზიის განვითარების ბანკმა და ა. შ.

_ ფულზე ლაპარაკი არ ნიშნავს გეგმას. ფული არის სხვა რამე და გეგმა – სხვა. გეგმა არის ის, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება. ფული არის ინსტრუმენტი.

_ ანუ ინსტრუმენტი აქვთ და გეგმა არ აქვთ?

_ არ ვიცი, ინსტრუმენტი აქვთ?! ეგეც არ ვიცით, მაგრამ ინსტრუმენტი რომც ჰქონდეთ, თუ არ იცი, რაში გამოიყენო ის ინსტრუმენტი, შეიძლება უკუშედეგი მიიღო. იმიტომ, რომ მთავარი ინსტრუმენტი კი არა, მისი სწორად მოხმარებაა. მე ნაჯახი რომ მომცენ, იმის ნაცვლად, რომ შეშა დავჩეხო, შეიძლება სერიოზული თვითდაზიანება მივიღო.

_ კომენდანტის საათის პირობებში შერჩევითი სამართალის ნიშნები არ დაინახეთ, როცა ვიღაცას 9 ტიტის გაყიდვისთვის აჯარიმებენ, ვიღაცის სამართალდარღვევა კი უყურადღებოდ რჩება?

_ ეს გასაკვირი არ არის. მე არ მახსოვს ჩვენს ისტორიაში პერიოდი, როდესაც სამართალი ყოფილა სამართლიანი.

_ ეს გასაგებია, მაგრამ რამდენად ნორმალურია? ოდესმე ამ წრიდან ხომ უნდა გამოვიდეთ?

_ კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ რაღა მაინცდამაინც მე მთხოვთო. მე დამაცადეთ და შემდეგ მოითხოვეთო.

_ აღდგომის ღამეს ვაჟა ფშაველაზე სახლიდან ისროლეს ტყვია, სხვა სახლში მოხვდა ქალს და მოკლა, ცნობილია რომ ეს მკვლელობა პოლიციელის სახლიდან მოხდა. იქნება ეს ფაქტი სრულად გამოძიებული?

_ ამას რად უნდა ლაპარაკი და აქ ორი აზრი არ არის, რომ ეს საქმე უნდა იყოს ბოლომდე გამოძიებული. მე მგონი, ხელისუფლება ვერც გაბედავს ამის გამოუძიებლობას. ამის არგამოძიება წარმოუდგენელია.

_ თუმცა სხვა მკვლელობებიც ხომ გვინახავს და ჩაფარცხული საქმეებიც?

_ კი. მაგრამ, მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს საქმე აქამდე არ მივა.

_ თქვენი რჩევა რა იქნება ხელისუფლების მისამართით იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება?

_ რა იქნება და მათ უნდა შეიმუშაონ საშუალოვადიანი, მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები. როგორც კრიზისულ პერიოდზე გათვლილი, ისე პოსტკრიზისულ პერიოდზე. ეს ყველაფერი ძალიან კარგად უნდა ჰქონდეთ გაწერილი. ფულის რაოდენობაზე კი არ უნდა ილაპარაკონ, არამედ თვითონ საკუთრივ გეგმაზე უნდა ილაპარაკონ და იცოდნენ, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ, ეს არის ჩემი რჩევა.

იმისათვის, რომ ეს გეგმა გაკეთდეს, მათ სჭირდებათ საზოგადოების კონსოლიდაცია, არა სტერილიზაცია, რომ ჩვენ ახლა იმათ არ დაველაპარაკებით და ამათ არ დაველაპარაკებით, არამედ პირიქით მათ ინტერესებშია, რომ რაც შეიძლება ფართო დისკუსია გამართონ ამ თემაზე. მათ შორის პოლიტიკურ და სამოქალაქო ელიტასთანაც, იმისთვის, რომ მოხდეს პასუხისმგებლობების გადანაწილება და კონსოლიდირებული გადაწყვეტილებები იყოს მიღებული.