კახა კოჟორიძე – “ოთარ ფარცხალაძისთვის “ნარუშილოვკის” მიცემა ჩუმად არ ჩაივლის”

კახა კოჟორიძე - "ოთარ ფარცხალაძისთვის "ნარუშილოვკის" მიცემა ჩუმად არ ჩაივლის"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

“ლელო საქართველოსთვის” წევრი კახა კოჟორიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

– ბატონო კახა, ყოფილი მთვარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ამ დღეებში რუსთაველზე მანქანით გადაადგილებასთან დაკავშირებით, თქვენ  მთავრობისგან პასუხს ითხოვთ, თუ რის საფუძველზე ჰქონდა მას საშვი. ელოდებით პასუხს?   

– დიახ, ჩვენ მთავრობისგან ვითხოვთ პასუხს! ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი არის და მას არანაირი თანამდებობა არ უკავია,  რუსთაველის გამზირზე გადაადგილდებოდა, მაშინ როდესაც, მთელი ქვეყანა კარანტინშია. ეს არის ფაქტი და მოცემულობა. საზოგადოებამ შესაბამისი ფოტო-ვიდეო მტკიცებულებაც იხილა. ამის შემდეგ საზოგადოებას არ მოუსმენია არც ერთი სახელისუფლო უწყების განცხადება, რის საფუძველზე ჰქონდა ფარცხალაძეს საშვი. არც ამას გვეუბნებიან და არც იმას, თუ საშვი არ ჰქონდა და მაინც გადაადგილდებოდა, ფარცხალაძემ კანონი დაარღვია და რა სამართლებრივი რეაგირება მოახდინეს.

შესაბამისად, ეს საკითხი ასე მარტივად ვერ ჩაივლის. სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა, არავინ არ იდგეს კანონზე მაღლა და კანონი ყველასთვის ერთი იყოს. თუ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ეს პრეტენზია გვაქვს, მაშინ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.

– რა დაგვანახა ამ ფაქტმა, რომ ვიღაც კანონზე მაღლა დგას და რომ შეიძლება სისტემამ ამაზე თვალი დახუჭოს?

– დიახ, მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ კერძო პირი ოთარ ფარცხალაძე რუსთაველის გამზირზე კანონდარღვევით გადაადგილდება, ასეთი კანონდარღვევა ყოველთვის იქნება და ეს ხდება ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის ევროპის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქ მთვარი არის, ამ დროს როგორ იქცევა სახელმწიფო?! იქცევა როგორც სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა მოიქცეს თუ იქცევა ისე, როგორც იქცევა?!

ფაქტია, რომ საზოგადოება ხედავს, მთავრობასთან დაახლოებული პირები მეგობრებით, ნაცნობებით თუ კიდევ სხვა რაღაცით სარგებლობენ, მაგრამ ამაზე სახელმწიფოს რეაგირება ნული სტოლია. ეს მძიმე ამბავია. ეს უფრო მძიმე ამბავია, ვიდრე ის, რომ ფარცხალაძე გადაადგილდებოდა რუსთაველის გამზირზე. რადან ამ შემთხვევაში ერთი ოთარ ფარცხალაძე კერძო პირია და იქნებიან ასეთი კერძო პირები, რომლებიც კანონს დაარღვევენ, მაგრამ სახელმწიფო და ხელისუფლება სხვაა. სახელმწიფო თუ არ ახდენს ამაზე რეაგირებას, მაშინ მთლიანად სისტემის მანკიერებასთან გვაქვს საქმე. ისევ საძმო და სანაცნობო მოდის წინა პლანზე. შეიძლება გლეხი, ვისაც კიტრი ულპება, გადაადგილებისთვის  დაჯარიმდეს, მაგრამ ეს ჯარიმა არ შეეხება ფარცხალაძეს. რა თქმა უნდა, ეს არის სისტემური პრობლემა. ე.წ. ნარუშილოვკები ბლომად იყო ამ დღეებში. ამ შეზღუდვების დროს შეგეძლოთ ფანჯარა გამოგეღოთ და გენახათ, რამდენი მანქანა გადაადგილდებოდა თბილისის ქუჩებში. არა მგონია, ყველა მათგანს ეს საშვები ლეგიტიმურად ჰქონოდა.

– შეიძლება პასუხი ასეთი იყოს, რომ ის ჯდებოდა იმ ჩამონათვალში, ვისთვისაც სპეციალური საშვები იყო დაშვებული.

– გამორიცხული არაფერი არ არის. ჩვენ, პირდაპირ ვიტყვი, ნებისმიერ სისულელეს ველოდებით ამ შემთხვევაში. ამ დარღვევის “გასაპრავებლად” შეიძლება ბევრი რამ თქვან, ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ეს საკითხი რეაგირების გარეშე ვერ დარჩება. ჩვენ მოვითხოვთ, ე.წ. გავლენიანი ადამიანების და სხვა მოქალაქეების მიმართ ერთნაირი არის თუ არა კანონის მიდგომა, ეს დაგვიმტკიცონ. გარწმუნებთ, ეს ამბავი ასე ჩუმად ვერ ჩაივლის. ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე, როგორც მინიმუმ, პოლიტიკურად მოუწევთ პასუხის გაცემა. მთავარი ამბავი აქ არის არა ოთარ ფარცხალაძე, არამედ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ეს სისტემა შექმნა. მთელ სისტემაში არ გამოჩნდება ადამიანი და ამ შემთხვევაში მე რიგით პოლიციელებზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებიც ვალდებულნი არიან შექმნან ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, ყველა თანასწორი იყოს კანონის წინაშე. შეგუება იმასთან, რომ ასეთი პრობლემები გავატაროთ, ნიშნავს იმას, რომ ვეგუებით, არ გვაქვს თანასწორუფლებიანი სახელმწიფო.

– საგამონაკლისო წესით, საქალაქთაშორისო გადაადგილებასთან დაკავშირებით, თქვენ სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებას ითხოვთ. ამ შემთხვევაშიც გაქვთ ეჭვი, რომ გამონაკლისები შეიძლება იყოს?

– პრემიერ-მინისტრისგან ზეპირი განცხადებით მოვისმინეთ ამის შესახებ, მაგრამ არანაირი სამართლებრივი აქტი არ არის გამოცემული. ვის ეხება ეს საგამონაკლისო წესი, ადამიანებისთვის გაუგებარია. ათასობით ადამიანს ეხება საკითხები და ამაზე არ გვაქვს სამართლებრივი აქტი გამოცემული.

ადამიანებს აქვთ კითხვა, მაგალითად, ვის ეხება დახმარება, რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, როგორ უნდა დაამტკიცონ, რომ, მაგალითად, დაკარგეს სამუშაო ადგილი, შემოსავლი, უამრავი ლეგიტიმური კითხვა არსებობს ამ საკითხზე, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი აქტი. ეს წარმოუდგენელია.

– რატომ, რა შეიძლება მიზეზი იყოს?

– არ ვიცი, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე რომში საჯარო ადგილას აკრავდნენ, რომ ადამიანებს წაეკითხათ, რისი უფლება ჰქონდათ და რისი – არა. ხომ არ შეიძლება ზეპირი განცხადებებით დარეგულირდეს ეს საკითხი. საკანონმდებლო ჩარჩოდან არიან გასულები. ფაქტიურად საკანონმდებლო რეგულაციები მთავრობამ დაივიწყა. შეიძლება ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ გაწერილი სამართლებრივი აქტების არარსებობის პირობებში, თავიან ზეპირ განცხადებებს,  როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ.