ლერმონტოვზე ავარიული შენობა ჩამოინგრა – 3 მუშა დაშავდა

ლერმონტოვზე ავარიული შენობა ჩამოინგრა - 3 მუშა დაშავდალერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს, ნანგრევებში სამი მუშა მოჰყვა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. ამასთან, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამივე მუშა კლინიკაშია გადაყვანილი და სამივე მათგანი კონტაქტურია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე კედლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნანგრევებში მოყოლილი მუშები მეხანძრე-მაშველებმა მალევე ამოიყვანეს.

“საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მიხეილ ლერმონტოვის ქუჩაზე, შენობის კედელი ჩამოინგრა და ნანგრევებში ადამიანები მოყვნენ.

შემთხვევის ადგილზე, უმოკლეს დროში გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს ერთ-ერთი კედელი ჩამოინგრა და სამი მუშა მოიყოლა.

მეხანძრე-მაშველებმა ისინი ნანგრევებიდან მალევე ამოიყვანეს. სამივე მათგანი კონტაქტურია და მსუბუქად არიან დაშავებული.

მუშებს პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

3 მუშიდან 2 კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსშია” მოთავსებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს” კლინიკაში განუცხადეს, ჯერჯერობით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ჩვენთან ამ შემთხვევის შედეგად დაშავებული 2 მუშაა შემოყვანილი. ამჟამად მათ უტარდებათ გამოკვლევები და შემიძლია გითხრათ, რომ მათი ზოგადი მდგომარეობა არის სტაბილური”, – აცხადებენ კლინიკაში.