ლევან ალაფიშვილი – „2 მილიონი ჯარიმიდან ხელისუფლება 20 ათასსაც ვერ ამოიღებს“

ლევან ალაფიშვილი - „2 მილიონი ჯარიმიდან ხელისუფლება 20 ათასსაც ვერ ამოიღებს“ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის გამოწერილ საჯარიმო სანქციებსა და მათ აღსრულებაზე საუბრობს.

– ბატონო ლევან, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის მხოლოდ ერთ დღიში 491 პირი დააჯარიმა. ჯამში დაახლოებით 2 მილიონ ლარზეა საუბარი. ფიზიკური პირი 3 ათასი ლარით ჯარიმდება, იურიდიულ პირი _ 15 ათასით. ცოლ-ქმარი აფთიაქში დისტანციის დარღვევისთვის დააჯარიმეს. რამდენად გონივრულია კანონი ამ შემთხვევაში?   

– ბევრი კითხვა გაჩნდა ამ აქტის მიმართ. საკონსტიტუციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, რომ კანონი არ უნდა იყოს ბუნდოვანი, იგი განჭვრეტადი უნდა იყოს.

სავარაუდოდ, ამხელა ჯარიმები იმისთვის განისაზღვრა, რომ რეპრესიული, დამთრგუნველი ეფექტი ჰქონოდა. ძრწოდეთ! – ასეთია გზავნილი. თუმცა, ხელისუფლებამ ერთი რამ ვერ გათვალა: სოციალურ ქსელებს თუ გადახედავთ, ნახავთ, როგორი ირონიაა, რამდენი კითხვა გაჩნდა. შესაბამისად, იმთავითვე მკვდრადშობილია ამგვარი რეგულაციები.

– ფიქრობთ, რომ ამ ჯარიმებს ადამიანები ეკონომიკური კრიზისის პირობებში ვერ გადაიხდიან და მათ სასამართლოებში მოუწევთ წასვლა?    

– მე ვფიქრობ, რომ მთავრობა ამ 2 მილიონიდან 20 ათასსაც ვერ ამოიღებს. დარწმუნებული იყავით, თავად იქნება ხელისუფლება ინიციატორი, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ თვითონ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება არ აღსრულდეს.

– როგორ?

– შეიძლება ამნისტიით. შეიძლება დამოუკიდებელ სასამართლოს უთხრას,  აღარ მინდა მოქალაქეების დაჯარიმება. რა მივიღეთ საბოლოო ჯამში: ერთი, რეგულაციისადმი ნდობა, რომელიც ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო,  ჯეროვნად ვერ იქნა მიღწეული და მეორე, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი დაირღვევა, თუ დააჯარიმებს ქვეითად მოსიარულე მოქალაქეს და ეპიდემიის წესის დამრღვევს ამ ჯარიმიდან გაანთავისუფლებს.

მხოლოდ საკანონმდებლო ხელისუფლება არის უფლებამოსილი, შემოიღოს კანონი, რომლითაც კონკრეტულ ქმედებას გამოაცხადებს დასჯადად. ყველა ქვეყანაში ეს არის პარლამენტის სფერო, პარლამენტის უფლებამოსილება ვერავის ვერ გადაეცემა. ეს ანტიკონსტიტუციურია.

– დეკრეტი ხომ არის კანონის ძალის მქონე? 

– დიახ, კანონის ძალა აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კანონია. ეს ორი სხვადასხვა რამეა. კანონს შესაბამისი პროცედურებით პარლამენტი იღებს. დეკრეტი პრეზიდენტის აქტია, რომელსაცპარლამენტი ადასტურებს.

– როდესაც პროტესტი გაისმა მაღალ საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა. საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს? 

– დიახ, რა თქმა უნდა, ეს ასეა. თუმცა, ჩვენი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობაა, როდესაც მათ არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ, როგორც უმრავლესობაში, ისე ოპოზიციაში, ამას ხაზგასმით ვამბობ.

მაგალითად, დეკრეტში წერია შეკრების ნაწილში “ამასთანავე იზღუდება სხვა სახის შეკრებები”. საუბარია  ნებისმიერ თავყრილობაზე გარეთ, მაშინ, როდესაც კონსტიტუციის ეს მუხლი შეეხება მხოლოდ საპროტესტო ან სოლიდარობის აქციას.

საგანგებო მდგომარეობა ერთხმად იქნა მიღებული როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის მიერ.

ამიტომ არის დღეს ოპოზიცია გაჩუმებული, კითხვებს რომ არ სვამს.