ნიკა ჩიტაძე – „შეუძლებელია, „ოცნების“ რეიტინგმა რადიკალურად მოიმატოს“

ნიკა ჩიტაძე - „შეუძლებელია, „ოცნების“ რეიტინგმა რადიკალურად მოიმატოს“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

კორონავირუსი მთელ მსოფლიოს ტვირთად აწევს. გარდა ჯანმრთელობისა და ადამიანური ტრაგედიებისა არსებობს მკვეთრად უარყოფითი მოლოდინი ეკონომიკასთან მიმართებითაც. სხვადასხვა ქვეყნები ამისთვის უკვე ემზადებიან. სავარაუდოდ ამას დიდი გავლენა ექნება პოლიტიკურ პროცესებზეც. საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა უკვე აშკარაა. ობიექტური მიზეზების გამო შეჩერდა მუშაობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ხომ არ მოხდება ამ სიტუაციის გამოყენება “ქართული ოცნების” მხრიდან, იქნება თუ არა სათანადოდ შეფასებული დასავლეთის რეაქციები და ჩატარდება თუ არა არჩევნები იმ სისტემით, რომელზეც შეთანხმება პოლიტიკურმა აქტორებმა მიაღწიეს? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე საუბრობს.

_ იმ ვითარებაში რაც დღეს ხდება, ვხედავთ, რომ გარკვეულწილად ნდობას იბრუნებს საზოგადოებაში “ქართული ოცნება”. ეს აისახება მის რეიტინგზე თუ ეს მხოლოდ მოკლე ვადით აისახება და გრძელვადიან გათვლაზე გავლენა ვერ ექნება?

_ შეიძლება გატარებული ღონისძიებების შემდეგ მოსახლეობის ნაწილში მოიპოვოს ნდობა, მაგრამ არა მგონია, რომ მეორე ნაწილში ნდობა მოიპოვოს. თუნდაც იმიტომ, რომ ვხედავთ, როგორ გაუფასურდა ლარი, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი და შემოსავლის გარეშე. ბევრ ადამიანს უნდა გარეთ გასვლა, მაგრამ ვისაც საკუთარი მანქანა არ ჰყავს, ვერ გადაადგილდება, ტაქსით გადაადგილება კი ძვირია. მით უმეტეს თუ საქმე ეხება ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გადაადგილებას. ამიტომაც, მე მგონია, რომ შეუძლებელია რადიკალურად მოიმატოს ქართული ოცნების რეიტინგმა.

თუმცა, მე არ მინდა დავუკარგო ის ძალისხმევა, რომელსაც ქართული ოცნება ეწევა. თუნდაც ის ფაქტი რომ საქართველომ შეძლო ამ ეტაპის მონაცემებით, რომ თავიდან აეცილებინა მსხვერპლი. ღმერთმა დაიფაროს საქართველო მსხვერპლისგან და იმედი ვიქონიოთ, რომ მსხვერპლი არ გვეყოლება. საქართველო გამოწვევას გაუმკლავდა სამხრეთ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით. ამ ეტაპზე მიღწეული წარმატება ხელისუფლებას არ უნდა დავუკარგოთ. მან მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწია. აქედან გამომდინარე მოსახლეობის ერთ ნაწილში ის მოიპოვებს ნდობას, მაგრამ მეორე ნაწილში, იქიდან გამომდინარე რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ეს მასზე უარყოფითად იმოქმედებს.

გასაგებია, რომ მთავრობას ვერ დააბრალებ ყველაფერს. კორონავირუსამდე დაშვებული შეცდომები ხელისუფლებას დაბრალდება და შესაძლოა ახლა იძულებითი ნაბიჯებია ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში ხელისუფლების მიმართ მაინც ნეგატიური დამოკიდებულებაა.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების მნიშვნელოვნად მატება მოსალოდნელი არ არის. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციაც აქტიურობს და შესაძლოა ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს ხელისუფლების მოქმედებები.

მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სთავაზობს ხელისუფლებას, რომ ქართველებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან უფასოდ ჩამოიყვანს, ხოლო ხელისუფლება უარს აცხადებს, ამან შეიძლება უარყოფითი ეფექტი იქონიოს. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ რადიკალურად მოიმატებს მმართველი პოლიტიკური ძალის რეიტინგი.

_ იგივე ეკონომიკურ ნაბიჯებთან დაკავშირებით იქნება ცალსახა შეფასება თუ შესაძლოა მოსახლეობის ნაწილმა დაუწუნოს ნაბიჯები ან დაგვიანებულად ჩაუთვალოს?

_ რასაკვირველია. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ არ უნდა ველოდოთ ქართული ოცნების რეიტინგის მნიშვნელოვნად მატებას. თუმცა, ობიექტურად უნდა შევაფასოთ ყველაფერი. ერთი მხრივ, ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებად და შედეგად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ საქართველომ თავიდან აიცილა მსხვერპლი, მაგრამ მეორე მხრივ არ მოხდა გარკვეული ფაქტორების გათვალისწინება ეკონომიკის ნაწილთან მიმართებით. ლარის დევალვაცია განსაკუთრებით მძიმეა მოსახლეობისთვის, მით უფრო როდესაც ის სხვა ვალუტებთან შედარებით კიდევ უფრო გაუფასურდა, დაახლოებით 30%-ით გაუფასურდა. გააჩნია, ვინ როგორ შეხედავს.

_ რა ბედი ელის არჩევნებს? ხომ არ მუშაობს კორონავირუსი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ? მიღწეული შეთანხმება საფრთხის ქვეშ ხომ არ დგება და ისევ უარს ხომ არ იტყვის ხელისუფლება საარჩევნო ცვლილებებზე?

_ შესაძლებელია ეს მოხდეს, თუ გაგრძელდება კრიზისი ეს რისკი გაიზრდება, მაგრამ ბუნებრივია, რომ არჩევნები მაინც უნდა ჩატარდეს. უარესი ავადმყოფობებიც არსებობს და უარესი შედეგებიც.

_ თუმცა, რა სისტემით ჩატარდება, ამას ხომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს?

_ სისტემის ცვლილებები განხორციელდება, საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება მოხდება. უბრალოდ საუბარია იმაზე, ჩატარდება თუ არა ოქტომბრის ბოლოს არჩევნები, მაგრამ მე ასე მგონია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება მოხდა და მე ასე მგონია, რომ როდესაც ჩატარდება, ის ჩატარდება ახალი სისტემით 120/30-ზე.

_ ასე გგონიათ, რომ საარჩევნო ცვლილებების გარეშე არ ჩაატარებენ?

_ მე ასე მგონია, რომ ჩატარდება სისტემით 120/30-ზე, იმიტომ, რომ დასავლეთის მხრიდან ზეწოლა იქნება. უბრალოდ, დროის საქმეა. შეიძლება გაიწელოს პროცესი, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ არ გაიწელება კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი და არჩევნები დროულად ჩატარდება.

_ დასავლეთის რეაქციასთან დაკავშირებით ქართული ოცნების როგორ ქმედებებს ელოდებით? იქნება, ის ბოლომდე გათვალისწინებული თუ მოსალოდნელია, რომ რადგანაც კრიზისია აშშ-ში კინზინგერის თუ სხვების განცხადებები ისევ უყურადღებოდ დატოვონ?

_ არ არის გამორიცხული, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია. იმიტომ, რომ თავის დროზე, როდესაც არ იგრძნობოდა დასავლეთის მკვეთრი კრიტიკა, მხედველობაში მაქვს ის პერიოდი, როდესაც ხელისუფლებამ გასცა დაპირება, რომ პროპორციული სისტემით ჩაატარებდა არჩევნებს და დასავლეთში ბევრს სჯეროდა ეს, მაშინ „ოცნების“ მიმართ ზეწოლა არ იყო ძლიერი ფორმით, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს მოხდებოდა. ახლა ზეწოლა გაძლიერებულია და ყველა შემთხვევაში იძულებული იქნება, რომ არჩევნები მაინც ჩატარდეს 120/30-ზე.

_ თუ ვთქვათ კრიზისი სხვა ქვეყნებშიც იქნება, რა გახდის მას იძულებულს?

_ კი, იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე მგონია, რომ აღნიშნულ თემაზე დასავლეთი იმუშავებს. მე ასე მგონია, რომ საარჩევნო ცვლილებების საკითხზე დასავლეთი მაინც იქნება ჩართული. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით მე მაინც მგონია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შევა ძალაში.

თავის დროზე მე ვიძახდი, მათ შორის თქვენთან ინტერვიუშიც მაქვს ნათქვამი, რომ არსებობს იმის საფრთხე, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულოს დაპირებები-მეთქი და საბოლოოდ ასეც მოხდა მაშინ, მან დაპირებები ჩააგდო. მე ვვარაუდობდი, რომ ეს დაბრალდებოდა მაჟორიტარებს, რომლებმაც საბოლოოდ ასეც გააკეთეს და თქვეს, რომ ისინი იყვნენ წინააღმდეგები ამ ცვლილებების განხორციელების თაობაზე. დემოკრატიით შენიღბეს პროცესი და თქვეს, რომ ყველას აზრს პატივს სცემენ. მაგრამ, მაშინ დასავლეთის ზეწოლა არ იყო ამ დოზით, როგორც ახლაა.

_ დღესაც ხომ შეიძლება დააბრალონ გარემოებებს და თქვან, რომ ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არჩევნები და თან ჩათვალონ, რომ დასავლეთს ჩვენთვის იმდენად არ სცალია, რაც აქამდე იყო?

_ კი, რა თქმა უნდა. ამის შესაძლებლობა არის, მაგრამ შედარებით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ასე მოხდეს. ქართული ოცნებისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ამის ნაკლები შესაძლებლობა არსებობს. შესაძლებლობა არის, როგორ არ არის, მაგრამ მე მაინც ასე მგონია, რომ ამ ეტაპზე ამის ნაკლები შესაძლებლობაა.

მე მაინც მგონია, რომ დასავლეთის ზეწოლა კორონავირუსის მიუხედავად თავის გავლენას მოახდენს. ყველა კორონავირუსზე ხომ არ მუშაობს?! არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და ისინი უყურადღებოდ არ დატოვებენ ამ თემას.