პაატა შეშელიძე – „საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საერთოდ არ იყო საჭირო“

პაატა შეშელიძე - „საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საერთოდ არ იყო საჭირო“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების თაობაზე. ეს კი ისე მოხდა, რომ ამ ხნის განმავლობაში მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა არ წარმოუდგენია. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ანტიკრიზისულ გეგმას ის პარასკევს წარმოადგენს.

რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, საჭირო იყო თუ არა საგანგებო მდგომარეობის ამდენი ხნით გაგრძელება და რა შედეგს მოიტანს ეს ეკონომიკის მიმართულებით? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე საუბრობს.

_ პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას და რა შედეგს მოიტანს ეს ეკონომიკის თვალსაზრისით?

_ ჩემი დამოკიდებულებაა, რომ საერთოდ არ არის საჭირო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ადამიანების შეზღუდვა გრიპის სამკურნალოდ. გრიპი არის დაავადება და არა _ ომი. ამის წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა მიმართო კლინიკურ მეთოდებს და არა _ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბერკეტებს.

_ ეკონომიკის თვალსაზრისით რთული პროცესები იქნება, თქვენ, როგორც სპეციალისტი, რა ანალიზს გააკეთებთ?

_ ხდება რიგი დარგების და საქმეების გადანაწილება ისეთ ჯგუფებზე, რომელთაც ხელისუფლება აკონტროლებს. შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური ბერკეტი ხელისუფლების გამყარებისთვის და მის ირგვლივ ახალი კარის მეწარმეობის მცდელობა. ამიტომ, მე ამას არ ვუყურებ როგორც კლინიკურ პრობლემას და არც როგორც სამედიცინო საკითხს. ეს არის პოლიტიკური საკითხი, ეს არის ხელისუფლების კონსოლიდაციის გზა და ეს არის სამეურნეო ნაკადების პოლიტიკაზე მიბმის გზა, რომელიც ხელისუფლებაში არსებობდა.

თუ ჩვენ ამას ვერ დავინახავთ, მაშინ ავცდებით რეალობას და ჩვენ ვერასდროს შევაფასებთ ასეთ მოვლენას სწორად. ეს არის პოლიტიკური მოვლენა და არანაირი სამედიცინო ლოგიკა არ დგას მის უკან.

_ ასეთი სახე მხოლოდ ჩვენთან მიიღო თუ მსოფლიოშია ასე?

_ ძალიან ბევრ ქვეყანაშია ასე. ზოგან ადრე მიხვდნენ და არ დაუშვეს, სადაც მეტი დემოკრატიაა. ისეთი ქვეყნები, რომლებიც ჩვენზე ბევრად არიან დაზარალებულები სიკვდილიანობის თვალსაზრისით, როგორიც არის გერმანია, იტალია და ესპანეთი, უკვე იწყებენ შეზღუდვების მოხსნას. გერმანიამ უკვე დაიწყო და იტალია და ესპანეთიც გეგმავენ.

ვხედავთ, რომ მარნეულში იყო ძალიან დაძაბული მიტინგი. ხალხი გამოვიდა ქუჩაში და პროტესტი გამოხატა იმის გამო, რომ მოსავალს ვერ ყიდიან ამ შეზღუდვების გამო. ანუ, ისეთ ქვეყნებში, სადაც მეტად არის დემოკრატია, იქ უფრო მალე მივიდნენ ამ დასკვნამდე. ჩვენთან, სამწუხაროდ, ხელისუფლება ზედმეტად ცენტრალიზებულია. ძალიან ბევრი ადამიანი ამას მხარს უჭერს შეგნებულად თუ შეუგნებლად. ზოგი შიშის გამო, ზოგი პანიკის გამო, ზოგი უცოდინრობის გამო და ა. შ. სამწუხაროდ, ეს პროცესი შორს წავიდა.

საქართველოში ოპოზიცია დისკრედიტირებულია, იმიტომ, რომ მხარი დაუჭირა საგანგებო ვითარებას და ბევრი სალაპარაკო არ აქვთ მათ ამ მიმართულებით. ვგულისხმობ მათ უმეტესობას, თორემ რამდენიმე გამორჩეული ადამიანი იქაც არის, მაგრამ სამწუხაროდ მათ მხარი დაუჭირეს არასწორ ნაბიჯებს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეკონომიკურად ეს ნიშნავს ხელისუფლების ხელში ბერკეტების მობილიზებას. ეს არის მისთვის ახალი შანსი და ამ შანსს იყენებს. აქ დგას საქართველოს ეკონომიკის კონტროლის საკითხი, მომდევნო არჩევნების საკითხი და ადამიანების მართვის საკითხი.

_ მარტივად რომ ვთქვათ, ის ეკონომიკური სფეროები, რომელთაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა, ახლა უკვე ხელში ჩაიგდო და ყველაფრის გაკონტროლება დაიწყო?

_ შეიძლება ასეც ითქვას. შეიძლება ვერ აკონტროლებდნენ, არ სჭირდებოდათ და ა. შ. სხვადასხვა ვარიანტები შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ არჩევნების წინ მათ აწყობთ, რომ ყველაფერი დაიქვემდებარონ. ოლიგარქიების სისტემების გაგრძელებაა, რომელიც დაიწყო წინა მთავრობის დროს, როდესაც მსხვილ კომპანიებს გაუმარტივეს პროცედურები, შეზღუდეს საქართველოში ნავთობის შემოტანა და რამდენიმე კომპანიას მისცეს პრივილეგიები, იქნება ეს სააფთიაქო სექტორში თუ სხვა სექტორები.

_ მონოპოლიებია სახეზე?

_ მე არ დავარქმევ მონოპოლიას, იმიტომ, რომ მხოლოდ ერთ კომპანიას არ აქვს მიცემული უფლება. ეს არის ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურად დაინტერესებულია. ეს არის ის პროცესი, რაც ახლა ხდება.

_ მსხვილი ბიზნესი უფრო ძლიერდება და მცირე და საშუალო ბიზნესი სუსტდება?

_ ზოგადად ასეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებული მსხვილი ბიზნესი ძლიერდება. შეიძლება ზოგიერთი ახლა წარმოიქმნას და გამსხვილდეს. შეიძლება ზოგიერთი მსხვილი ბიზნესის მდგომარეობა კრიტიკული იყოს და მათი სხვა კომპანიებით ჩანაცვლება მოხდეს. მე ასე ვიტყოდი, რომ დაინტერესებული კლანური ბიზნესის გამსხვილება მიმდინარეობს. ცოტა ხნის შემდეგ შეიძლება სულ სხვა „მსხვილი ხალხი“ იყოს. არსებულზე არ არის მხოლოდ ლაპარაკი. თუმცა, არსებულიდანაც ძალიან ბევრი დაუწვა და ყველაფერში მხარს უჭერს და ერთი არავის გამოუთქვამს კრიტიკული აზრი.

_ გვეუბნებიან, რომ პარასკევს იქნება ანტიკრიზისული გეგმა, რა მოლოდინი გაქვთ?

_ წარმოუდგენელი რაღაცაა, ჯერ ყველაფერი გააჩერეს და ახლა უნდა წარმოადგინონ გეგმა. როდესაც რაღაცას აჩერებ, უნდა წარმოადგინო გეგმა, რატომ აჩერებ. გააჩერეს ორი თვე და გვეუბნებიან, გეგმას ახლა გთავაზობთო. ამბობენ, რომ ამ გეგმის დადებას ახლა ვაპირებთ, რადგან აქამდე არ ვიცოდით რა მოხდებაო. თუ არ იცი რა მოხდება, რატომ თვლი, რომ ეს გზაა სწორი, რაც აირჩიე. როდესაც რაღაცას აკეთებ, რომლის შინაარსიც არ გესმის, უმეტეს შემთხვევაში მცდარ გადაწყვეტილებას იღებ.

პოლიტიკურად შესაძლოა სწორად აკეთებენ ამ ყველაფერს. იმიტომ, რომ თავის თავზე ფიქრობენ, მაგრამ ეკონომიკური ლოგიკიდან გამომდინარე არასწორი გადაწყვეტილებაა. მარტივ რაღაცას გეტყვით, საჭიროა თუ არა ქვეყანაში პირბადეები? – ალბათ საჭიროა, ხომ?! რომელიც შეიკერა ახლახან, თანაც არასაკმარისი რაოდენობით. ეს იმიტომ მოხდა, რომ დაიწყეს იმ ადამიანების დამუნათება, რომლებმაც დაიწყეს პირბადეების გაკეთება ან/და მისი ძვირად გაყიდვა. ანუ, ეკონომიკური მოტივაცია მოშალეს. შესაბამისად დაკარგეს თვენახევარი და მერე თქვეს, რომ თურმე საჭირო ყოფილა და მიახარჯეს ფული ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს. რამდენიმე სიუჟეტი იყო, სადაც ჩანს ეს. საკუთარი წრის ადამიანებს მისცეს, ალბათ თქვენც ნახავდით ამ სიუჟეტს.

_ ანტიკრიზისულ გეგმაზე თქვენი მოლოდინი სკეპტიკურია?

_ ჯერ არ ვიცი, რა გეგმა იქნება, მე ვსაუბრობ დამოკიდებულებაზე. როდესაც წარმოადგენენ, მერე ვისაუბროთ.

_ აქცენტი რაზე იქნება გაკეთებული?

_ იმაზე, რა დახმარებები უნდა გაეწიოს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან აღებული სესხების მეშვეობით. ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა არასწორია. ჯერ ერთი, დახმარება ისეთ საქმეში, რომელიც არ გაკეთებულა, არასწორია, მეორე, მათ უნდა მისცე იმ სახის დახმარება, რომ რასაც ისინი გამოუშვებენ, უფრო მეტი დაიტოვონ. ანუ, საგადასახადო შეღავათები უფრო გონივრული იქნება, ვიდრე იაფი სესხის მიცემა და ა. შ. ჯერჯერობით არ ვიცი, რას გვთავაზობენ.

_ ანუ, თქვენ მაინც გადასახადების შემცირებას ემხრობით?

_ უფრო გონივრული იქნება ეს, იქნება ეს საშემოსავლო, მოგების გადასახადი თუ სხვა. თუ მე არაფერი გავაკეთე და ფული მომცეს, ეს გონივრული არ არის. ფული არ უნდა გადაიხადონ იმაში, რომ ვიღაცამ არაფერი არ აკეთოს.