„რუსეთთან ენით მოჩლექით ლაპარაკი გაიზრდება. მას ბოლო პერიოდში ივანიშვილზე ყველაზე დიდი ბერკეტები აქვს“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიიღო, რაც საქართველოსა და უკრაინას შორის დაპირისპირების საფუძველი გახდა. საქართველოს მთავრობამ უკრაინიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ამ გადაწყვეტილებას ზელენსკიმ შეცდომა უწოდა და თქვა, რომ თავად არანაირი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს ამ მიმართულებით, რადგან საქართველო-უკრაინის ურთიერთობები იმაზე მაღლა დგას, ვიდრე რომელიმე ხელისუფლება. არადიპლომატიური იყო საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების შეფასებებიც.
რა გავლენას მოახდენს სააკაშვილის ახალი თანამდებობა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე და როგორ აღიქმება სააკაშვილის ჩართულობა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცეპრეზიდენტი ბათუ ქუთელია საუბრობს.
– სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობების განვითარება საქართველოსა და უკრაინას შორის, მიუხედავად იმისა, ზელენსკიმ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების შეცდომების მიუხედავად, თავად არ აპირებს საპასუხო ნაბიჯების გადადგმას?
– დავიწყოთ იმით, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები სტრატეგიული თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია და დღემდე იყო, იმიტომ, რომ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები თანხვედრაშია, როგორც ქვეყნის შიგნით, დემოკრატიის მშენებლობის, ასევე რეგიონში უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს იმ მომენტიდან, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და ორივე ქვეყანა დაადგა დასავლური ინტეგრაციის გზას.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც დინამიკაში უნდა დავაკვირდეთ. სააკაშვილის ბოლო დანიშვნა ამ ჯაჭვში ერთ-ერთი კომპონენტია. სტრატეგიული ურთიერთობები ორმხრივია და არც ერთ მნიშვნელოვან საკითხში, რომელშიც უკრაინას სჭირდებოდა საქართველოსგან მხარდაჭერა ან სოლიდარობა, საქართველოს პოზიცია არ დაუფიქსირებია, იქნებოდა ეს უკრაინის ანექსია თუ ამ ანექსიის საკითხზე სანქციები და ა.შ.
– უკრაინის ნაწილის ანექსიამდე იყო საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია რუსეთის მხრიდან. უკრაინა იყო ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი საქართველოსთან მიმართებით და უკრაინის მიმართ საქართველოს საპასუხო მხარდაჭერა არ ჰქონია მაშინ, როცა მას დასჭირდა დახმარება?
– არა, სხვაგან მიმყავს საუბარი. „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური დოქტრინის პოსტულატი იყო ის, რომ რუსეთთან უნდა შეერბილებინა ურთიერთობები, ენის მოჩლექით ესაუბრა და ის არ უნდა წარმოჩენილიყო, როგორც პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. სწორედ ამიტომაც, ჩვენი ქვეყნისთვის სამწუხაროდ, მაგრამ ამ პოლიტიკის ლოგიკიდან გამომდინარე, „ოცნებამ“ დაიწყო უკრაინასთან სტრატეგიული ინტერესების მოშვება. მაშინ, როდესაც უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებოდა, არც ერთ კრიტიკულ შემთხვევაში არ დაეხმარა.
ის, რაც მოხდა სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნასთან დაკავშირებით, მოხდა ის, რომ დიპლომატიის წითელი ხაზიც კი გადაკვეთა საქართველოს ხელისუფლებამ, იმიტომ, რომ ეს არის რუსეთის ინტერესებში. უკრაინასთან მიმართებით ყველა ნაბიჯს იმ მიმართულებით დგამს, რაც რუსეთს აწყობს. ამიტომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები დინამიკაში უნდა განვიხილოთ, განსაკუთრებით – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. ძალიან ბევრი ფაქტი დაგროვდა იმისა, რომ ვთქვათ, საქართველომ უკრაინასთან ნელ-ნელა გააფუჭა ურთიერთობა.
– საქართველომ ამ შემთხვევაშიც რუსეთის კარნახით იმოქმედა?
– ამაზე ვერ ვისაუბრებ. ძნელია თქვა, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა უკარნახა, თუ კონკრეტული ფაქტი არ გაქვს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც უკრაინისა და რუსეთის ინტერესები ეჯახებოდა ერთმანეთს, ჩვენ არ ვიჭერდით უკრაინის მხარეს და ამით ხელს ვუწყობდით რუსეთის პოზიციების განმტკიცებას. დინამიკაში ანალიზს თუ გავაკეთებთ, ეს ჩანს.
უკრაინის წარმატება შიდა რეფორმების კუთხით და პრეზიდენტ ზელენსკის წარმატება შიდა პრობლემების სახით, რომლებიც მრავლად აქვს უკრაინას, არ აწყობს რუსეთს, რადგან ეს უკრაინას ჩამოაშორებს რუსულ ორბიტას. ამიტომაც ამ შემთხვევაში რუსეთის ინტერესები და ბიძინა ივანიშვილის პირადი ანტიპათია სააკაშვილის მიმართ დაემთხვა ერთმანეთს. მაგრამ ეს უნდა დავინახოთ დინამიკაში. ეს არ არის მხოლოდ სააკაშვილის დანიშვნით გაფუჭებული ურთიერთობა. ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი და საქართველოს სტრატეგიული ვექტორის შეცვლა. რეალურად ეს არის რუსული საგარეო ინტერესების გატარება რეგიონში.
– როცა საქართველოს მთავრობა თუნდაც კონსულტაციებისთვის იწვევს ელჩს, ეს რას ნიშნავს?
– ეს არის დიპლომატიური ურთიერთობის ფორმა, მაგრამ ეს ფორმა შეესაბამება არა სტრატეგიული ურთიერთობის ფორმას, არამედ კონფლიქტში ან რამე დაპირისპირებაში ქვეყნების ურთიერთობების ფორმას. დაპირისპირებაში გამწვავების ესკალაციასაც აქვს თავისი საფეხურები. თუ პრობლემატური საკითხია, ჯერ არაფორმალურად ხდება ამის გაჟღერება, მერე ხდება ოფიციალურ დონეზე, მაგრამ სიტყვიერად, მერე მიდის დიპლომატიური საპროტესტო ნოტა, შემდეგ ხდება ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის, მერე ელჩის პერმანენტულად გამოწვევა და ბოლო ეტაპია დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა.
ეს არის მძიმე გადაწყვეტილება და არ შეესაბამება რეალობას. ზელენსკიმ საკმაოდ მაღალი კლასით მიუთითა, ქართულ-უკრაინული ურთიერთობები მეტია, ვიდრე ერთი პოლიტიკური პარტია ან ვინმეს ინტერესები და, იმედია, ამ შეცდომას გამოასწორებენო, ანუ ზელენსკიმ უფრო დიდსულოვანი და შემხვედრი ნაბიჯი გადადგა, ვიდრე ის უსაქციელობა იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა.
– რა ახსნა აქვს „ოცნების“ ასეთ მძაფრ პოლიტიკას, მით უმეტეს, რომ სააკაშვილი მანამდეც იყო უკრაინაში თანამდებობაზე, როცა ის ოდესის გუბერნატორი იყო? მაშინაც იყო უკმაყოფილება, მაგრამ ასეთი მძაფრი რეაქცია არ ყოფილა.
– ეს მხოლოდ ამ ფაქტორით არ არის გამოწვეული. უკრაინასთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობის გაფუჭება რუსეთის ინტერესებშია. ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე გადაწყობას ცდილობს, ჩვენს ინტერესებშია, რომ რაც შეიძლება კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობა ჩვენს ძველ სტრატეგიულ პარტნიორებთან და ახლებთანაც დავიწყოთ, იმიტომ, რომ ნაკლები ზეწოლის ბერკეტები ჰქონდეს რუსეთს ჩვენზე, ესენი კი პირიქით აკეთებენ – სტრატეგიულ პარტნიორობას აფუჭებენ იმისათვის, რომ რუსეთი არ გააღიზიანონ.
ახლა მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან რუსეთზე ზეწოლა იზრდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. თანამეგობრობამ აღიარა, რომ რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. შავი ზღვის უსაფრთხოება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ქართულ-უკრაინულ ურთიერთობას შეუძლია, თავისი როლი შეასრულოს ამ ახალ არქიტექტურაში. „ოცნება“ კი აკეთებს ყველაფერ იმას, რაც აწყობს რუსეთს.
– მაშინ, როდესაც მსოფლიოს კორონავირუსის სახით სხვა გამოწვევები აქვს, ამის გამოყენებაც ხომ არ ხდება რუსეთის მხრიდან, ამ შემთხვევაში საქართველოს სახით?
– ბოლო პერიოდში საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე ეკონომიკურადაც, პოლიტიკურადაც და ფინანსურადაც გაზრდილია. ეს არის „ოცნების“ „ხედვის“ ნაწილი, რომელზეც თავიდანვე ვამბობდით, რომ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ ჰიბრიდულ ომში რაც მეტად არის ქვეყანა რუსეთზე დამოკიდებული, მით მეტი ბერკეტი აქვს რუსეთს მასზე.
ამაზე ბევრი კვლევა არსებობს ამერიკასა და ევროპაში. ამას ემატება რუსული ბიზნესპრაქტიკაც, რაც ასევე არის კორუფცია. რუსი ტურისტების დინების იმედად არიან, ნაცვლად იმისა, რომ გადახალისება მოხდეს. სამწუხაროდ, რუსეთზე ვართ ეკონომიკურად დამოკიდებული და ნელ-ნელა ეს დამოკიდებულება იზრდება. ამიტომაც ენის მოჩლექით ლაპარაკი რუსეთთან გაიზრდება. მას მეტი ბერკეტი აქვს ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ მთავრობაზე, რაც ოდესმე ჰქონია ბოლო ერთი დეკადის განმავლობაში.
– საქართველოს შიდა არჩევნების კონტექსტშიც რომ შევხედოთ, როგორ წარმოგიდგენიათ ეს საკითხი. სააკაშვილი ისევ აქტიურად იქნება ჩართული ქართულ პოლიტიკაში თუ დისტანცირებას უნდა ველოდოთ და, თუ პარტნიორი ქვეყნის ოფიციალური პირი მწვავე კრიტიკას დაიწყებს, ეს როგორ იქნება აღქმული?
– არ ვიცი, რას დაიწყებს. სჯობს, დაველოდოთ და მერე გავაკეთოთ შეფასებები. სააკაშვილს პრეზიდენტმა ზელენსკიმ მნიშვნელოვანი ფუნქცია ჩააბარა. ეს არის რეფორმების კოორდინირება. იქ წარმატება საქართველოსთვისაც წარმატება იქნება, რადგან, თუ უკრაინამ კორუფცია დაამარცხა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია შეძლო, ეს საქართველოსთვისაც სასიკეთოა, ძლიერი უკრაინა ჩვენთვისაც კარგია, ვინაიდან ჩვენი ურთიერთობები დღევანდელი მთავრობით არ შემოიფარგლება. რაც შეეხება იმას, რამდენად ჩაერევა სააკაშვილი, ამას დრო გამოაჩენს.
– დიპლომატიის წესებით როგორ არის მიღებული, საქართველოსთან მიმართებით აქტიური უნდა იყოს თუ დისტანცირება უნდა მოახდინოს?
– ზოგადად, ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არის წითელი ხაზები, რომლებიც უნდა დაიცვას ყველა პოლიტიკოსმა. ეს მოიცავს შიდა პოლიტიკაში ჩაურევლობას. მაგრამ, არის შემთხვევები, რომლებიც შიდა პოლიტიკაში ჩარევის შესაძლებლობას იძლევა, მაგალითად, როდესაც რუსეთში ხდება და საბჭოთა კავშირში ხდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევა, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხმამაღლა გამოხატავს პოზიციას. იგივე, როდესაც ხდება პოლიტიკური სასამართლო და რეპრესიები, ბევრი საერთაშორისო აქტორი ამაზე განცხადებას გაავრცელებს. რამდენად გააკეთებს ამას სააკაშვილი, სხვა საკითხია.
– საქართველოს ხელისუფლებამ რაც გააკეთა, უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევად უნდა აღვიქვათ?
– ეს შიდა პოლიტიკაში ჩარევაც არ იყო. ეს იყო უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა. უკრაინის მოქალაქის დანიშვნას გარკვეულ თანამდებობაზე აპროტესტებენ იმ მეთოდებით, რომლებიც უკრაინასთან პრეტენზიის წასაყენებლად საერთოდ არ გამოდგებოდა. ეს არის წითელი ხაზი და ამის გადაკვეთა არ შეიძლებოდა.
– ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ „ოცნების“ ინტერესებში არ შედის სააკაშვილის დისტანცირება საქართველოს არჩევნებისგან, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში მისი პოლიტიკა „მიშა მოდის“ კამპანიაზეა აგებული?
– ძნელია ვთქვა, რა შედის „ქართული ოცნების“ ინტერესებში ან შიგნით რა გათვლებს აკეთებენ. მათ ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც მნიშვნელოვნად დაიზიანეს პოლიტიკური ლეგიტიმაცია. მათი ინტერესებია ძალაუფლების შენარჩუნება. რა მეთოდებს გამოიყენებენ ამისთვის, არ ვიცი.
როგორც დავინახეთ, პოლარიზაცია არის მისი ერთ-ერთი იარაღი, რათა მოახდინონ საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაცია. იგივე მთავრობის დაფინანსებული „ტროლების“ ძირითადი საქმიანობა იყო პოლარიზაციისა და დაპირისპირების გაზრდა საზოგადოებაში, ისევე, როგორც ანტიდასავლური განწყობები.
თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ კოზირს დაიტოვებენ იმისთვის, რომ რაღაცა ფორმით შეინარჩუნონ ძალაუფლება 2020-ის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

