გია ნოდია – „ნაცმოძრაობისთვის სააკაშვილი სიმბოლოა, „ოცნებისთვის“ – საფრთხობელა“

გია ნოდია - „ნაცმოძრაობისთვის სააკაშვილი სიმბოლოა, „ოცნებისთვის“ - საფრთხობელა“ „ოცნებამ“ რაღაც ქულები დაიწერა, მაგრამ ის შემოდგომამდე არ გაყვება და კამპანიას ისევ მიშას მითზე ააგებს“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
რა დონის პოლარიზაცია გველოდება არჩევნებზე? რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი და როგორ გამოიყენებს მას „ქართული ოცნება“? რამდენად სწორი სტრატეგია აქვს ოპოზიციას და ჩანს თუ არა, რომ უკვე მუშაობს აქტიურად საარჩევნო საკითხებზე და რა ახსნა აქვს ირაკლი კობახიძის მკვეთრ სიხისტეს ოპონენტების მისამართით? – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ნოდია საუბრობს.
– სწორად იქცევა ოპოზიცია, როდესაც შეთანხმების შესრულებას ბოლომდე ითხოვს და ფიქრობთ, რომ თუ რურუას არ გაათავისუფლებენ, დასავლეთიდან ისევ ისეთი კრიტიკა წამოვა, როგორც ეს იყო რამდენიმე დღის წინ?
– არ ვიცი, ჯერჯერობით დასავლეთიდან ცალსახა მესიჯებია იმ თვალსაზრისით, რომ პირობა პირობაა და ის მთლიანად უნდა შესრულდეს. გასაგებია, რომ განცხადებები რურუასთან დაკავშირებით არ არის ისეთი, როგორც ეს უგულავასთან დაკავშირებით იყო. გასაგებია, რომ უგულავას იცნობენ და, შესაძლოა, ეს დამატებითი ფაქტორი იყო. მაგრამ ოპოზიციას ჰქონდა ის პოზიცია, რომ პირობა უნდა შესრულდეს და წარმატებას მიაღწია იმ მხრივ, რომ უგულავაც და ოქრუაშვილიც გაათავისუფლეს. ოპოზიციას ასეთი მყარი პოზიცია რომ არ ჰქონოდა, მაშინ არც მათ არ გაათავისუფლებდნენ.
გასაგებია, რომ შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ რურუა არ არის ისეთი პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ არსებობს მორალური მხარე. ან დგახარ ამ პოზიციაზე, ან არა. იმის თქმით, რომ უგულავა მნიშვნელოვანი ფიგურაა და რურუა არ არის ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა და პრინციპებზე უარი ვთქვათ, ოპოზიცია მეტს წააგებს.
– გვიანდება საკონსტიტუციო ცვლილებები და თამაშის წესები არ არის განსაზღვრული, მაგრამ ოპოზიციას აქვს შემხვედრი ნაბიჯები? მაგალითად, რა ფორმით გამოვლენ არჩევნებზე, ერთობა იქნება, მაჟორიტარებზე შეთანხმდებიან თუ რა სახის თანამშრომლობა ექნებათ?
– ამ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს ლეიბორისტების ოფისში გამართულ შეხვედრებზე. პრინციპში, სიცხადის რაღაც დონე არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ტაქტიკის მონახაზი არსებობს. კერძოდ ის, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნებზე გადიან ცალ-ცალკე პარტიული სიის ნაწილში, მაგრამ კოორდინაციას მოახდენენ მაჟორიტარულ ოლქებში.
ეს საკმაოდ რაციონალური სტრატეგიაა. რამდენად იმუშავებს ეს და რამდენად შეინარჩუნებენ ამ სქემის გარშემო ერთიანობას, ამას ვნახავთ, მაგრამ ამაზე საუბარი უკვე დიდი ხანია, მიდის. ეს შეთანხმება რომც არ მოხდეს, საარჩევნო ცვლილება მაინც უნდა განხორციელდეს.
– ეს არჩევნები იქნება წინა არჩევნებისგან განსხვავებული პოლარიზაციის თვალსაზრისით?
– პოლარიზაცია, ცხადია, იქნება. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია იყო ნაციონალური მოძრაობა 2016 წლის არჩევნებში, მაგრამ სხვებიც იყვნენ. ახლა ნაციონალური მოძრაობის უპირატესობა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ისეთი მკვეთრი აღარ არის, როგორც მაშინ იყო. ამაში გავლენა იმანაც მოახდინა, რომ ნაციონალური მოძრაობა გაიყო, მაგრამ სხვა მხრივ დაპირისპირების სიმძაფრე ნაკლები არ იქნება.
– „ოცნების“ მხრიდან ისევ მიშაზე სწორება გვესმის. ის ფაქტორი, რომ სააკაშვილი დღეს არის უკრაინის მაღალჩინოსანი, „ოცნებისთვის“ ხელის შემშლელი ხომ არ გახდება, რომ მიშას ფაქტორი გამოიყენოს?
– არა მგონია, რომ „ოცნების“ რიტორიკა არსებითად შეიცვალოს. იმიტომ, რომ არ ჩანს იმის პერსპექტივა, „ოცნებას“ ჰქონდეს რაიმე სხვა რიტორიკა, ანუ სხვა დასაყრდენი. გასაგებია, რომ „ოცნებამ“ დაიწერა გარკვეული ქულები ამ ეპიდემიასთან ბრძოლაში, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს საკმარისი არ იქნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება დარჩენილ პერიოდში ეპიდემია, მაგრამ აქამდე დაგროვებული ქულები, არა მგონია, შემოდგომამდე გაყვეს მას. გაყვება თუ არ გაყვება, მისი ძირითადი რიტორიკა დღესაც იმას ემყარება, რომ თუ მას არ დაუჭერს ამომრჩეველი მხარს, დაბრუნდება სააკაშვილი და საშინელება მოყვება ამას.
– ზოგადად როგორ აფასებთ სააკაშვილის გავლენასა და ფენომენს ქართულ პოლიტიკაში?
– ნაციონალური მოძრაობისთვის სააკაშვილი რჩება მთავარ ფიგურად, მის სიმბოლოდ თუ დროშად და ის არის ხმების ძირითადი მომპოვებელი და მიმზიდველი, ხოლო „ქართული ოცნებისთვის“ სააკაშვილი არის ძირითადი საფრთხობელა. სააკაშვილმა საერთოდ რომ არაფერი თქვას და არაფერი გააკეთოს, ის მაინც ასე დარჩება.
– ანუ დიდწილად მასზე არ არის დამოკიდებული, რა როლს დაიკავებს და რა დოზით ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში?
– ახლა ეს თემა სხვა საკითხია, რამდენად გამოჩნდება მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიის დროს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ის დარჩება უკრაინაში იმ თანამდებობაზე, რომელზეც დღეს არის დანიშნული და უნდა ვივარაუდოთ, რომ ის შედარებით ნაკლებად გამოჩნდება ქართულ პოლიტიკაში და უშუალოდ საარჩევნო კამპანიაში.
– ეს კარგია ქართული პოლიტიკისთვის თუ ცუდი?
– ეს რომ განვსაზღვროთ, მაშინ გააჩნია, რას ვიგულისხმებთ და რა თვალსაზრისით ვაფასებთ ამას.
– აი, თუნდაც პოლარიზაციის თვალსაზრისით.
– სააკაშვილის ცენტრალურობის მითი ამით რაღაც დოზით გაძლიერდება, თუ ის ხილული იქნება და ტელევიზორში ვნახავთ მას. მაგრამ, რომც არ ვნახოთ და რომც არ იყოს ხილული, მაინც მმართველი პარტია ამ მითზე ააგებს თავის საარჩევნო კამპანიას. მისთვის დიდი მნიშვნელობა არ ექნება სააკაშვილის გამოჩენა-არგამოჩენის საკითხს.
– ირაკლი კობახიძე გამოირჩევა ხისტი და ხშირად არაკორექტული განცხადებებით. მან უგულავას და ოქრუაშვილს პოლიტკრიმინალები უწოდა. ოპოზიციას გოიმებს ეძახის და ა. შ. თუ უძებნით მის ამ მოქმედებას რაიმე ახსნას?
– ჩემი აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ერთი მხრივ, მას აქვს დავალება, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის მისი ფუნქცია. ზოგადად ვერ ვიტყვი, რომ კობახიძე გამოირჩევა „ოცნების“ სხვა წარმომადგენლებისგან, რომ მხოლოდ ის იყენებს ამ ფრაზეოლოგიას. ეს ასე არ არის, რომ კახი კალაძე დიპლომატიურ განცხადებებს აკეთებს, ან ვთქვათ მდინარაძე-ოხანაშვილი და ა.შ. მაგრამ კობახიძეს ეს ფუნქცია აქვს, რომ ის არის „ქართული ოცნების“ ძირითადი სპიკერი, ხოლო „ოცნების“ სტრატეგია არის ოპოზიციის დემონიზაცია. შესაბამისად, ირაკლი კობახიძე თვლის, რომ ეს მისი მოვალეობაა და ასე უფრო ასიამოვნებს ბიძინა ივანიშვილს, ან მას აქვს ასეთი დავალება.
– მოუტანს ეს რაიმე შედეგს „ქართულ ოცნებას“?
– თუ რამე მოუტანს, ეს მოუტანს. როგორც ჩანს, მათი გათვლაა, რომ ამომრჩევლების შესანარჩუნებლად ამ გზის გამოყენება სჭირდებათ.